ჩვენი შემოქმედება

პავლე ჭიპაშვილი

როგორ გაჩნდა ობობა ქვეყანაზე

იყო ერთი მოხუცი, თბილი და სათნო ბებია. ქვეყნად რაც კი თბილი ფაჩუჩები და წინდებია, სულ მისი მოქსოვილი იყო.

ყველა უყვარდა, ვინც მის სანახავად მიდიოდა, განსაკუთრებით - ბავშვები. განწუყვეტლივ ქსოვდა და ქსოვდა. სიამოვნებდა ეს საქმე, სიამოვნებდა ისიც, რომ ყველას უანგაროდ ურიგებდა თავის ნაქსოვს. შეშურდა მოხუცის კეთილი საქმე ბოროტს და გადაწყვიტა, ხელი შეეშალა ამ კეთილი ბებიისათვის. რა არ სცადა, ხან ძაფი გაუწყვიტა, ხან ჩხირი დაუკარგა, ხან კვირისტავი გაუტეხა, მაგრამ ბებია ყველა დაბრკოლებას უმკლავდებოდა.

ბოლოს თავის საუკეთესო ხერხს მიმართა: გონებაში შეუძვრა და ამპარტავნობა ჩაუსახსა. მალე ბებია, ცოტა არ იყოს, გაამაყდა და კადნიერი აზრები მოეძალა. სტუმრებსაც უხეშად ხვდებოდა და გადაწყვიტა, თავისი ნამუშევარი გაეყიდა და ფული დაეგროვებინა. ქსოვდა და ძვირადაც ყიდდა ბადეებს, რომლითაც ადამიანებს იჭერდნენ და ტყვეებად მიჰყავდათ. მაშინ ბებიას წაერთვა ნიჭი სწრაფად ქსოვისა და ამ საქმეს ძველებური სიამოვნებითაც ვეღარ აკეთებდა. გარეგნულადაც შეიცვალა, თვალებში ბოროტება ჩაუდგა, ცხვირი მოეკაკვა და, მგონი, კუდიც გამოუვიდა.

ბევრჯერ სცადა კეთილმა ფერიამ, იქნებ როგორმე დაებრუნებინა ბებო თავდაპირველ ცნობიერებას, მაგრამ ამაოდ. მერე კი გაბრაზებულმა ობობად აქცია იგი.

მას შემდეგ ქსოვს და ქსოვს ობობა, ქსოვს მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

2013 წლის თებერვალი

ალექსანდრე ბაინდურაშვილი

რატომ აქვს მზეს ცხრა თვალი

დიდი ხნის წინათ ერთ ქვეყანას ერთი მეფე მართავდა. ერთხელ, სადილობისას, უფლისწულმა ფინიკი შეჭამა და მისი კურკით დაიტერესდა. მეფემ გადაწყვიტა, პატარა უფლისწულთან ერთად სასახლის ბაღში ფინიკის კურკა დაეფლო; შვილთან ერთად ბევრი იარა და საგანგებოდ შეარჩია ადგილი ფინიკისათვის. უფლისწულმა ჰკითხა მეფეს, პატარა კურკიდან თუ როგორ უნდა გაზრდილიყო ფინიკის დიდი ხე. მეფემ მიუგო: მზე დახედავს ნიადაგს, გაათბობს, კურკას გააღვიძებს და ხეც გაიზრდებაო. უფლისწული დაფიქრდა: მზეს თუ შეეძლო კურკისთვის დაეხედა ზეციდან, მაშასადამე, მას თვალები უნდა ჰქონოდა, თანაც ბევრი თვალი, რომ სხვა ნერგებისთვისაც მიეწვდინა მზერა. გაოცებულმა უფლისწულმა იკითხა, მზეს რამდენი თვალი აქვსო. მეფეს გაეღიმა, შვილს მიუალერსა და ჰკითხა, შენ სადამდე იცი თვლაო. უფლისწულმა ცხრამდე დათვალა, მეტი არ იცოდა. მეფემ გადახედა შვილს და უთხრა: შვილო, მზეს ცხრა თვალი ჰქონიაო.

ასე იქცა მზე ცხრათვალად.

2012 აპრილი

ერეკლე მარტიაშვილი

რატომ გაჩნდა ობობა ქვეყანაზე?

ამ ქვეყანაზე ყველა არსება რაღაცისთვისაა მოწოდებული. იგი იბადება, რათა თავისი მისია შეასრულოს. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის მისიაზე, ვამბობთ, რომ ყველაზე რთული აღსასრულებელი სწორედ ადამიანად დარჩენაა. მთელი სამყაროც იმისთვისაა მოწოდებული, რომ ადამიანს ამაში დაეხმაროს, რათა ყველა არსებიდან ადამიანმა რაღაც კარგი დაინახოს, ისწავლოს და გაითავისოს.

ალბათ, ობობაც იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანისთვის რაღაცაზე მიეთითებინა, რაღაც ესწავლებინა (ძაღლში ხომ ერთგულებას ვხედავთ, ვირში კეთილგონიერებას). ადამიანს ნამდვილად აკლდა რაღაც, რამაც ობობის გაჩენის აუცილებლობა დაბადა. ალბათ, ეს იყო შრომისმოყვარეობა. ეს პატარა არსება მთელი სიცოცხლის მანძილზე ქსოვს და ქსოვს თავის ქსელს, რათა იარსებოს. ესაა მისი სახლი, იარაღი და, ალბათ, ადამიანთათვის მისაბაძი შრომისმოყვარეობაც. წარმოვიდგინოთ, რამდენჯერ გაუნადგურებია ქარს, წვიმას და ადამიანსაც კი ამ პატარა არსების ეს ავლადიდება. ის კი დაუზარელად, ისევ და ისევ აბამს და აბამს თავის ქსელს, რათა იარსებოს და ჩვენ კი (ზოგჯერ კი მის მტრებს, წარმოგიდგენიათ, რამდენად კაცთმოყვარეა) მიგვითითოს იმ სასიცოცხლო თვისებაზე, რასაც შრომისმოყვარეობა ჰქვია.

ასე რომ, ეს პატარა არსებაც ადამიანის გაკეთილშობილებას ემსახურება. იგი ცდილობს შეეწიოს მას უპირველესი მისიის შესრულებაში, რასაც ადამიანობა ჰქვია. ალბათ, დამეთანხმებით, ამ მისიას შრომისმოყვარეობა ნამდვილად სჭირდება.

2013 წლის თებერვალი

ზაქარია ბლიაძე

როგორ გაჩნდა ცვარი ქვეყანზე

ძველად საქართველოს ერთ ულამაზეს სოფელში ჭიამაიებს გულცივი და დაუნდობელი მეფე ჰყოლიათ, რომელიც თვალწარმტაც სასახლეში ცხოვრობდა და იქიდან განაგებდა მთელ სამეფოს. M

ერთ გლეხ ჭიამაიას, შავლეგოს, მეფის ულამაზესი ასული შეჰყვარებია და შორიდან ეტრფოდა ქალს. ქალიცსიყვარულით უცქერდა თურმე კოშკის მეათე სართულიდან.

ერთხელაც შავლეგოს ეზოში შეუღწევია, თავისი ვაჟკაცობით დაცვა გაურღვევია და მერვე სართულამდე ამძვრალა კოშკზე. ძალა გამოლევია საბრალოს ციცაბო კოშკზე და მცველებსაც შეუპყრიათ... მეფეს სიკვდილით არ დაუსჯია, მაგრამ ასეთი რამ დაუვალებია მისთვის: თუ შენ მზის ჩასვლიდან მის ამოსვლამდე მოასწრებ და მთელ ქვეყანას წყლით მორწყავ მე თვითონ გაგატან ჩემს ქალიშვილსო.

გულანთებული ჭიამაია შესდგომია ამ საქმეს. Gგახვრეტილი კასრით დააქვს თურმე წყალი აქეთ-იქით და რწყავს მიწის ზედაპირს. Eეს რომ მის მეგობრებს დაუნახავთ, შეცოდებიათ თურმე მეგობარი. მიშველებიან, გაუმხნევებიათ და ერთად დაუწყიათ რწყვა. გათენებულა. დაღლილან ჭიამაიები, მაგრამ დილით მათი ნაშრომიდან მხოლოდ ცვარიღა დარჩენილა დედამიწაზე ... ძალზედ დიდია ქვეყანა...

Mმას აქეთ მოყოლებული ყოველ საღამოს იწყებს შავლეგო ახალ ცდას.Qქალწულის ალერსიანი მზერა და თანაგრძნობა მის გულს ახალი სიყვარულითა და ძალით ავსებს თურმე. Aახლა იგი მეტ მეგობრებს იძენს, რათა შეძლონ და მორწყან დარჩენილი ქვეყნიერებაც.

როცა დილით ღონემიხდილ შავლეგოს ხედავს, ტირის თურმე ქალწულიც და მისი ცრემლებიც ემატება სარწყავს. შავლეგოს თვალები მაინც სიკეთით ბრწყინავენ, იმედს არ კარგავს, იცის, რომ ნანატრი დღეც დადგება და ცვარი სარწყავად ეყოფა დედამიწას .

2012 წლის ოქტომბერი