ფორუყ ფაროხზადი

მექანიკური თოჯინა

ამათზე უფრო

დიახ, დიახ, ამათზე დიდხანს,

ამათზე უფრო

შეიძლება, მდუმარე დარჩე.

შეიძლება, მრავალი საათი

მკვდართა მზერასავით გაყინული მზერით

მიშტერებოდე სიგარეტის კვამლს,

მიშტერებოდე ყავის ფინჯანს,

ხალიჩაზე ამოქარგულ ფერწასულ ყვავილს,

კედელზე გაკლაკნილ საშიშ ხაზს;

შეიძლება გაფიჩხული ხელის მტევნებით

ფარდა გადასწიო და დაინახო:

ქუჩებში კოკისპირული წვიმა ასხამს;

ბავშვი თავისი ფერადი ფრანით

თაღს შეფარებია;

ძველი დანჯღრეული ურემი

ფუსფუსით სავსე სიჩქარით ტოვებს

ცარიელ მოედანს.

შეიძლება, ერთ ადგილას დარჩე,

ფარდის გვერდით -

მაგრამ ყრუ,

მაგრამ უსინათლო.

შეიძლება, დაიყვირო,

ძალიან უცხო,ძალიან ყასიდი ხმით დაიყვირო -

"მიყვარს"…

შეიძლება, მახვილგონივრულად დასცინო

ყველა განსაცვიფრებელ გამოცანას;

შეიძლება, თავი მხოლოდ კროსვორდების

ამოხსნით შეიქციო და

შეიძლება, გული მხოლოდ უაზრო

პასუხის პოვნით გაიხარო.

უაზრო პასუხის -

დიახ, ხუთი-ექვსიოდე ბგერისა.

შეიძლება - მთელი ცხოვრება

მუხლმოყრილი იდგე,

სამარის მძიმე ფეხქვეშ თავწაახრილი;

შეიძლება, წარეცხილ საფლავში ღმერთი დაინახო.

შეიძლება, უმნიშვნელო მონეტა ირწმუნო.

შეიძლება, მეჩეთის სენაკებში გაიხრწნა

„წამინდა ადგილთა მომლოცველობის“ მკითხველი მოხუცივით;

შეიძლება - მიმატება-გამოკლებისას,

გაყოფა-გამრავლებისას,

როგორც ნულს,

მუდამ ერთნაირი შედეგი გქონდეს;

შეიძლება - შენი თვალი - თავის განრისხებულ ბუდეში ჩამჯდარი -

ძველი ფეხსაცმლის გახუნებულ ღილად ჩაითვალოს.

შეიძლება, წყალივით შრებოდე საკუთარ გუბეში;

შეიძლება - ერთი წამის სილამაზე

სასაცილოდ ჩაშავებული სწრაფი ფოტოსავით

სირცხვილით მიმალო

ზანდუკის ბნელ კუნჭულში;

შეიძლება - ერთი დღის ცარიელად მიჩენილ ჩარჩოში

ვინმე დასჯილის, ძლეულის

ან ჯვარცმულის ხატი ჩამოჰკიდო.

შეიძლება - პატარ-პატარა სურათებით დაფარო

კედელზე გაჩენილი ბზარები;

შეიძლება მექანიკური თოჯინა იყო

და შუშის ორი თვალით შენს სამყაროს ხედავდე;

შეიძლება მუყაოს ყუთში

თივით გატენილი ტანით

წლების მანძილზე

ბადეთა და მძივთა შუაში იძინო

და ხელის ყოველი ფუჭი შეხებისას

უმიზეზოდ წამოიძახო:

„მე ძალიან ბედნიერი ვარ,

ძალიან ბედნიერი“!

თარგმანი გიორგი ლობჟანიძისა

1935-1967

ფორუყ ფაროხზადის დოკუმენტური ფილმი

http://www.imovies.ge/movies/16496