ენა

ვაჟა -ფშაველა

(მცირე შენიშვნა)

ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შევხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო. თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანსსწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზე დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამ გარემოებას ის შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ... მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვისერთნაირად საზარალო არ ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის ნაკლებად... ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინარობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიცგვეპოვება, რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც სწერენ ქართულად, და დღესამომდე ვერ მიუგნიათ ქართულის ენისათვის.

რას ჰქვიან ენის ცოდნა. რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისათვის საჭიროაენის სულისა და გულის შეგნება; ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა. ამისთანეები სიტყვაკაზმულ ნაწარმოების ავტორთა შორის უნდა ვეძებოთ. უსათუოდ საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ რისთვის? მისთვის, რომ ერი უპირველეს ყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა, ღვიძლი შვილია მისივე და არვინაც არ არისთავისს მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი. მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარს ენასმისაბაძავ საგნად.

თქვენს უმორჩილესს მონას, ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენის მწერლისაგან სამდურავი – დაძველებული, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო. რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ისუნდა გავიტანოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი, რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი, რა თქმა უნდა, უმეცრების ბრალია და, ხომ მოგეხსენებათ, უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა. არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს, ისე როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამთა ამ ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კიარასოდეს...

დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულევლად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავის ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევს უწმინდურებისა და ნაგავ-ნუგავის ჩაყრით, ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში, სადაც მღვრიე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიჰმართავს. სათავე ენისა, ვგონებ, ყველამ კარგად იცის, სად არის, ან რა არის... ესსათავე ენისა გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებნი, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერ მწერლებად და ენისმაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა - შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენით მoსაუბრედ კიდევ მთიელნი, რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება, და ამ გაკიცხულის ფორმებსაციმათგან ვიძენ, ნუ გგონიათ ფორმებს ვთხზავდე, ღმერთმა დამიფაროს! რა არის აქ საწყინო? შემოტანა მრავლის ფორმებისა, თუ კი სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება – ერისგალახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია.

1901 წ.