აბუ საიდი

რობაიები

თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილისა

***

აი, ის დარდი, სულისმხდელი, გულს რომ მედება,

ტრფობა, რომელსაც არაფერი ეიმედება,

თვალი, რომელსაც მიწყივ სისხლი ჩამოსდის ღვარად,

ღამე, რომელიც არასოდეს არ გათენდება.

***

დღე ისე გადის, რომ არ ძალმიძს ვიღონო რამე,

ყოფნა–არყოფნის საფიქრალში ილევა ღამე,

გადის ცხოვრება, რომლის წამიც მთელ ქვეყნად ფასობს

და მე ფიქრებში ფუჭად ვკარგავ ამ ძვირფას წამებს.

***

იუდეველნიც, ქრისტეანნიც შენზე კვნესიან,

შენზე ღაღადებს სინაგოგა და ეკლესია,

საკერპეებში წარმართებიც შენ გიგალობენ,

შენა ხარ ერთი, ვისი ხილვაც უამესია.

***

მოვხუცდი, მაგრამ არ მიგრძვნია დაძაბუნება,

შენს სიყვარულში არ შემცვლია ზნე და ბუნება,

მე შენი ზილფის ქამანდს ვესვრი გაფრენილ დღეებს

გახელებული სიჭაბუკის დასაბრუნებლად.

***

ყოფიერების საიდუმლო არვისთვის არ ჩანს,

ამ მარგალიტის ასასხმელად ფუჭია გარჯა,

გონების ძალის დასადგენად ბევრი რამ ითქვა,

მაგრამ მთავარი მაინც ისევ უთქმელი დარჩა.

***

შენს მიჯნურს ქვეყნად მთა და ბარი ვეღარ უცვნია,

რა არის თეთრი და რა შავი, ვეღარ უცვნია,

ვინც შენს გზად დადგა, მას თავისი გზა დაჰკარგვია,

ვინც შენ შეგიცნო, იმას თავი ვეღარ უცვნია.

***

ცხოვრება ესე წამიერი, ჩქარი წყალია,

ნუ ეაჯები, შენს სასმენად მას არ სცალია,

ნურც გულზვიადობ, რადგან არსი ჩემი და შენი

მტვერი და ნამი, ნიავი და ნაპერწკალია.

***

ხელთ რომ აღიღე, მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ,

სახე რომ მომეც, მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ,

ჩემთა საქმეთა სადავენი შენს ხელთ უპყრია,

რაც მთესე, იმკე. – მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ.

***

ჰე, ქრისტეანო, გულწარმტაცო, ბაგეფაქიზო,

ნუ მიფრთხი, მინდა შენც ჩემდამი ტრფობით აღივსო,

ხან ჩემს სველ თვალებს ნაგუბარი ცრემლი შეაშრო,

ხან ჩემს მშრალ ბაგეს შენი სველი ბაგე აღირსო.

***

მშვენიერს ვუთხარ: დამანახე სახე ფარული,

ნუ მემალები, მაგრძნობინე მეც სიყვარული.

გაიღიმა და მიპასუხა: სხვებს მე არ ვგავარ,

მე ფარდის იქით ხილული ვარ, აქეთ – ფარული.

***

ქვეყნად ყოველი კვანძის, ხლართის მხსნელი შენა ხარ,

"რის" და "რამდენის" ცნების გარე მდგარი შენა ხარ.

ჩემი სიმდიდრე ის არის, რომ მონა ვარ შენი

და ნეტარება – რომ უფალი ჩემი შენა ხარ!