გველი

რევაზ ინანიშვილი

ივნისია, თიბათვეს რომ ეძახდნენ ძველად. მზე ქაჩალს თავსა სწვავს, მაგრამ ჯერ ისევ დილაა და ჩრდილებში სასიამოვნოდ გრილა. იმ ჩრდილებში რომ შიშველი ფეხებით შეხვალ, აღარსად გინდა წასვლა, ცოტა ხნით გადაწოლას ხომ არაფერი აჯობებს, მაგრამ მე საქმეზე მივდივარ, პამიდვრებისთვის ჭიგო უნდა მოვჭრა, ჯიქურ მივდივარ ჭალის გზაზე. ჭალის გზასაც ჩრდილი აფენია ნახევრამდე, თანაც ლამია, ოდნავ ნოტიო, და ღონივრად ვადგამ ფეხებს.

გადამირბენენ და გადმომირბენენ ხვლიკები, ბუჩქებში უხმოდ დაძვრებიან ბულბულები, ისინი დღისით სულ დუმან, ცნობისმოყვარე თვალებით კი შემოგხედავენ, გაგაცილებენ კიდეც. ქაცვის წვერებზე თავაწეული ყარაულებივით სხედან ღაჟოები, ძველებური ყუაშავი, გალეული და მაინც ალმასივით მჭრელი წალდი უკვე ხელში მიჭირავს. თითქოსდა იმას მივიმძღოლებ წინ.

გზიდან გადავდივარ. შარვლის ტოტებს ბოლომდე ვიკარწახებ. ვიწყებ დიდ ჭაობში შესვლას. ჩალაც ჩემზე მაღალია, დგნალები ხომ, შიგნით და შიგნით, ცაში არიან ასულნი. თან ისეთი ხშირია ყველაფერი, თითქოს ბრძოლაში იყო. ყოველნაირად უნდა იბრძოლო თავით, წალდით, მხრებით, იდაყვებით. ფეხი მუხლამდე მიდის, დაბლა და დაბლა უფრო გრილია მიწა, ცივიც კი. ჯერ ცოტანი არიან კოღოები, მაგრამ შეიძლება ამიტომ უფრო, კამიკაძეთა თავგანწირვით მესხმიან თავს. აწეწილ-დაწეწილია მათი ფრთები და ფეხები ჩემს მკლავებზე. წალდის ერთი ჩარტყმა და რბილად გადაწვება დგნალი, ისევ ერთი ჩარტყმა და მიდის მის გვერდით მეორე.

მოჭრილები შედარებით მკვრივ ადგილას გამაქვს. იქ ვაგროვებ. ისევ შევდივარ ღრმებში, ვჭრი. როცა ვიდროვებ, გასხეპას ვიწყებ. ო, როგორ იცის თავისი საქმე წალდმა! აქ სულ ერთმანეთს ეხუტებიან წვრილი ტოტები. ერთმანეთზე ვაწყობ თითქმის გათეთრებულ ჭიგოებსაც. არ ვთვლი. თვლა რა საკადრისია! თვალითაც მშვენივრად ვატყობ, რამდენს წავიღებ. ერთხელაც შევდივარ ტევრში, მივარღვევ, ვჭრი. საკმარისია! მორჩა! და სწორედ მაშინ დავინახავ ყველაზე სწორად ასულს. მივტოპავ, იმასაც ვჭრი. გამომაქვს. გავსხეპავ. ახლა რბილი წნელებიღა მაქვს მოსაძებნი. იმათაც ვპოულობ, ფრთხილად ვგრეხ. ფრთხილად შევუკრავ თავსა და ბოლოს ჭიგოებს. დავაყენებ ფეხზე კონას, ავწევ, დავკრავ ძირს. გათანაბრდებიან წამოწვდილი წვერები. ახლა ერთიც მოკლე ხელკეტი მხარზე ქვემოდან ამოსადებად. იმასაც ვჭრი, წალდს წელთან გავირჭობ ქამარში. შევიწმენდ ოფლს შუბლზე, შევხედავ მოჩახჩახე მზეს, ჩავიხრები, ფრთხილად დავუშვებ კონას მხარზე, ავდგები, ქვემოდან ამოვუდებ ხელკეტს და თითქმის სირბილით დავადგები შინისკენ გზას. კონა მძიმეა, ცოტათი მღუნავს, ცოტათი მიძაგძაგებს ფეხებსაც.

ფეხები კი, თითქოს ჩექმები მცმოდეს, ისე მაქვს ამოვლებული ტალახში. ტალახი სწრაფად ხმება, კანჭებზე მიჭერს, ვითმენ, ვეღარ ვითმენ, კონას დავაყუდებ, ვიფშვნეტ, ცოტათი მაინც ვისუფთავებ კანჭებს, ისევ ვიკიდებ კონას, ისევ მივიჩქარი, თითქმის მივრბივარ შინისაკენ.

რომ შემეკითხოთ, რატომ? მხრებს ავიჩეჩავ. ალბათ, იმიტომ, რომ თორმეტი წლისა ვარ, თორმეტი წლისებს ყველაფერი ეჩქარებათ, მით უმეტეს ბიჭებს, მით უმეტეს, თუ მძიმე კონა გაწევს, თან წყალიც გწყურია, წყარო კი ახლოს არის, ფშის პირა კბოდესთან.

და აჰა, ის კბოდეც. თავით დავუშვებ ჭიგოებს, მერე ვაწვენ კიდეც, იმათაც დაისვენონ. დასაჭერ ბარტყსავით ვადგავარ წყაროს, წყარო კი დიდია, დიდი ტაშტის ტოლა, ცოტაზე ჩრდილი ადგას, დანარჩენზე მზე. ლაპლაპებს, თრთის. ცივი ხომ!.. არ ვიცავ არავითარ წესს, ეგრევე ვემხობი, მთელ სახეს ჩავყოფ წყალში, მერე ვიწევი, ვსვამ. თვალები ხედავენ ფსკერის სხვადასხვა სიდიდისა და ფერის ქვებს, კენჭებს, თითქოს ისინიც თრთიან, მართლა თრთიან, აშკარად ამოიწია ქვამაც, მერე მეორემაც, კენჭები აქეთ-იქით გარბიან, მთლად აბუნტდებიან ქვები, აწიოკდებიან კენჭები და მათ შორის ამოიღუნება ვეებერთელა მცურავის ჭრელი მოყავისფრო წელი. დაჰქნევს ის წელი, მე ქვამორტყმული ბაყაყივით გადავვარდები უკან. როდის გამოვიძრე წალდი?! ორივე ხელით მაქვს ჩაბღუჯული. წყაროს ანკარა, თახთახა ზედაპირზე კი ამოვა, თავს ამოიმაღლებს ოქროს საყურეებიანი დიდებული გველი; თითქოს ცეკვავს კიდეც, შემომყურებს მე, მე ქვებს დავწვდები, ავიმართები, ის უკვე აღარ ჩანს, რაც შეიძლება, დიდსა და დიდ ქვებს ვადგაფუნებ წყაროში, წყალი აიმღვრევა, ტალახივით ხდება. მხოლოდ ერთხელ მომეჩვენება გველის ჭრელი, მბრწყინავი წელი. ისევ ვადგაფუნებ ქვებს. მერე ველოდები წყლის დაწმენდას. წყალი იწმინდება, მაგრამ მცურავი აღარსად ჩანს, ამაოდ დავეძებ ბალახებში, ქვებში. ახლაღა მახსენდება გამოფურთხვა, ვიფურთხები, ვიფურთხები, ავდივარ კბოდის ზემოთ, იქ ვირეცხავ წმინდა წყლით პირს, სახელოებით ვიწმენდავ ტუჩებს. ხელების შემოწყობით ვაყურადებ მუცელს, ვმშვიდდები, ვმშვიდდები. წალდს გავირჭობ წელში. მშვიდად მივდივარ, ავდივარ შინ. იქ საბოლოოდ დავაგდებ კონას, გავიზნიქები, ავმაღლდები და ვარ ამაღლებული, მაღლიდან მაყურებელი...…

ერთი ესღა მქონდა საფიქრალი, მეთქვა თუ არა ეს ამბავი სხვებისთვის, დამიჯერებდნენ თუ არა. ვერ მოვითმინე, გავედი ბიჭებში და ვთქვი. კი გადააფურთხეს აქეთ-იქით, მაგრამ თვალები ისეთი ჰქონდათ, დამცინოდნენ აშკარად. ისევ დავიწყე უფრო მეტი გზნებით, ზედ ჩემს თვალებთან, ზედ ჩემს ტუჩებთან, აესე... კიდევ უფრო დამცინავი თვალები გაუხდათ ბიჭებს.

ეშმაკებსაც დაუტაციათ-მეთქი ბიჭების დაბურძგნული თავები! ამას ხომ სულ, სულ არ დამიჯერებდნენ, მაგრამ ჩემთვის მაინც ის იყო მთავარი, რასაც ახლა ვიტყვი.

იმ დღიდან გავხდი ძალიან კეთილი, მშვიდი, ძლიერი. დილით რომ ავიზმორებოდი, უჩვეულო მოქნილობას, სიმკვრივესა და ძალას ვგრძნობდი კიდურებში, სხეულში.

გავიდოდი და სიამოვნებით დავუდგებოდი ასე აზნექილი გახარებულ მზეს ...ყოვლისმხილველიც არის მზე.