პატარა საუბარი

ილია ჭავჭავაძე

პატარა საუბარი

ქართველნო დედაკაცნო, დღეს თქვენთან მინდოდა პატარა საუბარი გამემართნა, მაგრამ პირველ სიტყვაზედ ძალიან შევფრთხი, შევღონდი. აქ დედაკაცად გახსენეთ ჩვენი დედები, ჩვენი დები. ჩვენი მეუღლენი, ერთობ დიდი და პატარა დედათა სქესისანი და შევშინდი. ვაი თუ ეს სახელი ითაკილოთ, იუკადრისოთ, გეწყინოთ. ვაი რა დრო მოვიდა, რომ კაცობით ხსენებადედათა სათაკილოდ გაგვიხდა!..

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო, - უთქვამს რუსთაველს. ლომი ლომია, ერთია, ძუ იყოს, თუნდა ხვადიაო. - ამბობს დღესაც გლეხკაცი. მართალია, სწორია, ერთია. ამასა ჰმოწმობს ჩვენი ქართული ენაც და ეს ენა ხომ ერთობ იმისთანა რამ არის, რომ მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც კაცი ჩასძახებს. ქართველი დედასაც კაცად ჰხადის და ამიტომ ,,დედა-კაცს” ეძახის, როგორც მამას – ,,მამა-კაცს”. განსხვავება მარტო იმაშია, რომ თქვენ დედობითა ხართ კაცნი და ჩვენ მამობით. არსება კი ერთია, ორნივ კაცნი ვართ, ორნივ ღვთისსახისა და მსგავსებისანი. ასე შეუნახავს დიდი ღირსება დედისა ჩვენს ენას, არა გვგონია, რომელსამე სხვა ენაში დედაცა და მამაც ერთნაირად კაცად წოდებული იყოს.

აშკარაა, კაცობა დედათა ისეთივე საპატიო და დიდი სახელია ქართველის აზრით, როგორც კაცობა ერთობ ადამიანისა, დედაც კაციაო, გვეუბნება ჩვენი ენა, და მამაცაო, სხვა რააუდიდესი და უპატიოსნესი კაცობის სახელზედა ადამიანისათვის, რომლის სქესისაც გინდ იყოს! ჩვენო დედებო, ჩვენო დებო, ჩვენო მეუღლენო და ერთობ გასათხოვარნო თუ გათხოვილნო - შეირჩინეთ ან შეგარჩინეთ კი ყოვლად პატიოსანი, მაღალმნიშვნელობიანი სახელი ”დედაკაცობისა”? ვაი, რომ არა!..

ეხლა დედაკაცად თქვენი ხსენება საწყენია, სათაკილოა. ეს დიდი სახელი დაიფუყა, შეიკუმშა, დაპატარავდა. საგანი დადნა, დადნა სახელიცა. დღეს დედა დედაკაცი კი არ არის, ქალია. მთა ბექად გადაიქცა, მუხა - ლერწმად, ზღვა - წყაროდ, ადამიანი - პეპლად. ცოდვა არ არის, სად დედაკაცობა და სად ქალობა!.. დღეს ,,დედაკაცი” მდაბიოთა სახელიღაა, თითქო ,,კაცი-დედა” მარტო მთაღა შერჩენიათ. დღეს ,,დედაკაცი” რომ ან თავადის, ან აზნაურის ქალს, ან ერთობ ,,შლიაპოსანს” უწოდოთ, გიწყენთ, იუკადრისებს, ითაკილებს: ,,მე ქალი ვარ და არა დედაკაციო”. თითქო ქართული ”დედაკაცი” და რუსული ”баба” ერთი და იგივე იყოს. ცოდვა არ არის, ,,დედაკაცი” სათაკილო იყოს და ,,ქალი” თავმოსაწონებელი!.. ,,დედაკაცი” – ეს ბრგე და ახოვანიადამიანი ,,ქალად” დავადნეთ!..ცოდვა არ არის, ,,დედაკაცი” დავკარგეთ და ,,ქალი” შევიძინეთ!.. ეს რას ჰნიშნავს, წინსვლას, თუ უკან დაწევას? აბა დაუკვირდით, დაუფიქრდით…

ქალი და ვაჟი ყვაწვილებს გვიქვიან და არა მოზრდილებს, არა დამთავრებულს სულითა და ხორცით ადამიანებს, არა უკვე კაცამდე მოყრილს, კაცად დასრულებულს. როგორც კვირტიჯერ ხილი არ არის, ისეც ქალი, ან ვაჟი, ჯერ კაცი არ არის. ქალი თუ ვაჟი ისევ მოზარდია, კაცი – უკვე გაზრდილი. ჩვენ აქ მარტო ხორციელ ასაკოვნებაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ სახეშიგვაქვს ასაკოვანებაც სულისა, იმიტომ რომ მარტო ასაკოვანება სულისა ადამიანს კაცადა ჰხდის. სხვა ყოველი მარტო ქალ-ვაჟიანობაა და სხვა არაფერი, თუნდ ერთიცა და მეორეც ას-ასისწლისანი იყვნენ და შვილებ-გარშემორტყმულნი. ქალი, გასათხოვარია თუ გათხოვილი, შვილებიანია თუ უშვილო – მარტო სულიერ ასაკოვანებით მიაღწევს ,,დედა-კაცობამდე” და მინამ არმიუღწევია, იგი ქალია და არა ,,დედაკაცი”.

ქართველებისათვის ,,დედა” მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენას ,,დედა-ენას” ეძახის, უფროსს ქალაქს – ,,დედა-ქალაქს”, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას – ,,დედა-ბოძს”, უდიდესსა და უმაგრესს ბურჯს – ,,დედა-ბურჯს”, სამთავრო აზრს – ,, დედა-აზრს”, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი – ,,გუთნის-დედას”. რამოდენად განდიდებულია მნიშვნელობადედისა, რამოდენად გამრავალგვარებული, გაპატიოსნებული, გაძლიერებული, გაღონიერებული და თავმოსაწონებელი!.. სიდიდე, სიმაგრე და სიმკვიდრეც კი აღნიშნულია დედობით!.. ამაზემეტი პატივი რაღა უნდა მოუტანოს სახელმა! სიტყვა ,,ქალი” განა იმოდენას გვეტყვის, რასაც გვეუბნება დიდებული სიტყვა ,,დედა” და მასთან ერთად ,,კაცი”!

ამიტომაც ,,დედაკაცის” ,,ქალამდე” ჩამოსვლა დიდისა პატარად გარდაქმნაა, გარდაცვლაა აზრისა და სამცნების ჩამოდნობაა, დაფუყვაა. მამაკაცი კიდევ ბევრს არ დაჰკარგავს, რომ ,,ვაჟამდე” ჩამოხდეს. ვაჟს კიდევ მიეკერება სახელი კაცისა. ,,ვაჟი-კაციაო”. ქალს კი ჩამოეცალა სახელი კაცისა. ,,ქალი-კაცი” არ ითქმის, არ მოდის, არ ეხერხება ენას, იქნება იმიტომაც, რომქალი მეტად სუსტია და თან ვერ ატარებს, ვერა ჰზიდავს ,,კაცის” მძიმე სახელს. თუნდ ეგრე არ იყოს, აქ სიტყვა არ უხდება საგანს და საგანი სიტყვას. ქალი ქალიღაა და თითქო არა კაცი. სადქალობა და სად დედაკაცობა! ქალი შესანახია და არა შემნახველი, იგი ბარგია და არა ჭირნახული, იგი პეპელაა და არა ფუტკარი. ქალისთვის ეს წუთისოფელი სასეირნო წალკოტია, დედაკაცისათვის – სახლია პატიოსანის შრომისა, მინდორია სახნავ-სათესი, ყანაა სამკალი, ძნაა სალეწი, სარბიელია საომარი ჭკუითა და მარჯვენითა. ქალი უფარხმალო დედაკაცია,დედაკაცი ფარხმალიანი ქალია და სად მოვლენ ერთმანეთთან!…

ვაი, რომ ,,დედაკაცნი” წავიდნენ, აღარ გვყვანან და მარტო ,,ქალებიღა” დაგვრჩნენ და, ჩვენის ფიქრით, აქ არის, სხვათა შორის, სათავე ჩვენის უბედურებისა.

1898