ომარ ხაიამი

****

ამქვეყნად გმართებს არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს,

მოსავალს შენსას ქვეყნად უნდა უჩუმრად მკიდე,

სანამ გაქვს ენა, ყურები და თვალებიც გიჭრის,

უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და დაბრმავდე კიდეც.

****

არარაიდან წმინდა ვიშვით, ბილწად ვიქეცით,

ლაღნი მოვედით, ვინ დავმწუხრდით, ვინ წავიქეცით,

აღგვევსო გულნი ცეცხლითა და თვალნი ცრემლითა,

ქარს გავატანეთ ცხოვრება და მიწად ვიქეცით.

*****

სარდაფში გვიხმეს, განთიადმა როცა იალა,

მოქეიფენი, ვინც სასმელმა გაგვატიალა.

ადექ, აავსე ეს ფიალა მჩქეფარე ღვინით

მანამდის, სანამ ჩვენ ვქცეულვართ სავსე ფიალად.

****

გზა გამიმრუდდა და ცხოვრება ჩემი ბნელია,

სიმშვიდე გაჰქრა, კაეშანში ყოფნა ძნელია,

დიდება უფალს, რადგან ქვეყნად ნაღველი მაინც

სახვეწი არ მაქვს და ადვილად საშოვნელია.

****

მარადისობას ვერ შევიცნობთ მძიმე წიგნებით,

ვერ გავიხარებთ ამოუხსნელ გზათა მიგნებით,

ჩვენ მარტოოდენ ფარდის მიღმა ვმსჯელობთ და ვდავობთ

და ოდეს ფარად აიხსნება, აღარ ვიქნებით.

****

ღვინო ანელებს ქედმაღლობას ამაყთა ზედა,

მას ძალუძს ახსნა და დამსხვრევა ბორკილთა მძლეთა,

ეშმაკს ამ ღვინის ერთი წვეთიც რომ დაელია,

მორჩილი მონა იქნებოდა ადამის ძეთა.

****

ერთ დროს ეს ჩემი ხელადა ალბათ ჩემსავით ღელავდა,

მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა ქცეულს ხელადა,

ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა,

მიჯნურის ყელზე ეხვია, ლაღად და უდარდელადა.

****

შენი დროც წავა. ვერ გიშვრლის ვეღარც ალაჰი,

სული მისწყდება სხეულს როგორც სუსტი ბალახი,

და ამ ჩვენს თავებს ცოტა ხანში წიხლებს ჩასცემენ,

სადოქე თიხად რომ აზილონ ჩვენი ტალახი.

****

შენ მოწყალე ხარ, მოწყალება არის სიკეთე,

სამოთხის კარი ცოდვილთ რაღად გამოგვიკეტე,

მორჩილს თუ მინდობ, ვერაფერი მოწყალებაა,

ცოდვილს შემინდო, ამაშია ღმერთო, სიკეთე.

***

ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,

დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე.

დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,

ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ.

თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა