ვასილ ბესელია

ფრიალებს ჩემი მერმისის დროშა

იჭვის ქიმზე და ბილიკზე ბეწვის,

ვერ მიმკითხავა იღბალი ბოშამ

და ხელისგულზე ოცნება მეწვის...

შენ დგახარ ჩემთან, სიკვდილზე რთული

და უფრო იქით, სიცოცხლის მიჯნის...

დამდგარა ჟამი გაუხსნელ გულის

და ხელუკუღმა დამხობილ ფინჯნის...

...და შენც ნუ ეძებ ჩემში ქირომანტს

როცა მე თვითონ ხავსს ვეჭიდები,

და თვით არ ვიცი, რისთვის ვჭირდები

ცხოვრების ჩემის უნაპირობას...

...შორს სასაფლაოს სიმშვიდე მოჩანს,

გასავლელია ბილიკი ბეწვის,

ვერ მიმკითხავა იღბალი ბოშამ

და ხელისგულზე ოცნება მეწვის...

***

ქარებმა მცემეს

ცივი ზუზუნით,

და ნემსებივით

ცივმა წვიმებმა...

ისე მარტო ვარ

და მობუზული,

კარგად რომ ვიყო-

გაგეცინება.

მე მხოლოდ ხსოვნა

შემრჩა წყეული,

ფოთოლცვენა და

შავი ტოტები...

ისე მარტო ვარ

და დაბნეული,

კარგად რომ ვიყო-

შეგეცოდები...

***

ელვა შეგფენია თმაში,

ხმაში შეგპარვია დაღლა,

ისე მჭირდებოდი მაშინ-

როგორც არ მჭირდები ახლა.

მიაქვს მიტოვებულ ჩვენს გზებს,

სუნი გალეული საპნის,

შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს

ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.

როგორც გატეხილი ღილი,

აწმყო დაკარგვია წარსულს,

ვითმენ ირონიულ ღიმილს,

იოდს-იარაზე წასმულს.

რაც წლებს ქარიშხლიან რიგში

მიმქრალ მაჯასავით უცემს-

ჩემი ბედისწერის წიგნში

ვეძებ ამოსახევ ფურცელს...

შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,

დარჩა დატუქსული ბავშვი...

როგორც არ მჭირდები ახლა-

ისე მჭირდებოდი მაშინ...

***

ვინ იცის, იქნებ ასეც მიჯობდა,

უმწეოდ დაღლილს და სულგაკმენდილს,

ოდნავშეღებულ კარის ღრიჭოდან

მოჩანდა ჩემი სულის ფრაგმენტი.

ოღონდ გახსოვდეს, როცა, ერთხელაც,

ზეცაში წავა სული ტანიდან,

მე სული მქონდა სამყაროსხელა,

შენ ვერ ხედავდი ჭუჭრუტანიდან...

***

გადამიყოლა

ცრემლიან პეშვით,

შავი ღრუბლების შავმა მინდორმა...

დღეების უხმო

კლავირი შემშლის

და შემოდგომის უამინდობა.

და გაცრეცილი

ლოდინის გაღმა

თუ კიდევ სდუმან თეთრი გედები.

შენი საქმეა -

მოხვალ თუ წახვალ,

მე -

არც ერთისთვის არ მემეტები...

***