ძველეგვიპტური ლირიკა

ძველეგვიპტური ლირიკა

სასიხარულო სიმღერების დასაწყისი

/ფრაგმენტი/

ლურჯი ღიღილო ჩავაწანი

ჩემს გვირგვინს ფრთხილად,

როგორც წყლით სავსე თულუხები წონასწორდება,

ისე თანხმობით ძგერენ ახლა ჩვენი გულები -

გული მივუშვი ნებაზე და

შენს მკლავებში მორჩილად ვწევარ.

სურვილო ჩემო და თვალების უცხო წამალო, -

შენს დანახვაზე მიბრწყინდება უცებ თვალები!

შენ გეტმასნები სიყვარულის მარად მძებნელი,

გულს წარუშლელად აღბეჭდილო

მეუღლევ ჩემო!

დიდებულია ეს წუთები!

გაგრძელდეს მარად,

გაგრძელდეს დაე,უკუნითი უკუნისამდე

იმ დღიდან,როცა მე შენთან დავწექ

და რა დღესაც

გული ჩემი შენ აღამაღლე.

ო,ილხენს იგი,თუ მწუხარებს -

არ მიმატოვო!

/ძალა სიყვარულისა/

/ცალკეული კუპიურებით/

შენდამი ტრფობა ჩამეღვარა სისხლსა და ხორცში,

სისხლსა და ხორცში ღვინოსავით გამიჯდა იგი,

ვით ცხარე საკმაზე გაუჯდება ნარინჯის წვენი,

ანუ რძეს - თაფლი სურნელოვანი.

ჰოი,იჩქარე,მოაშურე დაიას შენსას,

როგორც სარბიელს მიაშურებს ფიცხელი ცხენი,

ანუ ხარი დაფეთებული -

სასურველ ბაგას.

ცათა ნიჭია ეგ სიყვარული,

ცეცხლია,,ჩალას წაკიდებული,

შევარდენია დაგეშილი,

მსხვერპლს ჰაერში რომ დააცხრება.

2.

ვარ გონმიხდილი წყალსატევის მშვენიერებით.

ბაგე მიუგავს ჩემს დაიას ლოტოსის კოკობს,

მკერდი - წყვილ ნარინჯს,

და როდესაც ჩავიკრავ გულში,

ძალა არ შემწევს,

გავხსნა მკლავები.

მომხიბლა მისმა თლილმა შუბლმა და დამატყვევა,

ვით კაკანათმა კვიპაროსისამ.

მე კულულები ძუა-მახედ,ხაფანგად მექცა

და შიგ გავები

გარეული ბატივით უცებ.

3.

არა,არ ძალმიძს,სიყვარული შენი უარვყო.

იყავ ერთგული გატაცების დამათრობელის!

არ განვუდგები მე ჩემს სატრფოს,

ო,თუნდა მირტყით!

თუნდა ბოლომდე ჩამაყენეთ

ჭაობის ლაფში!

თუნდა გამაგდეთ სირიაში

მათრახის ცემით!

თუნდა გამაგდეთ ნუბიაში

კეტით და კომბლით ,

თუნდ უდაბნოში გამაძევეთ

პალმის როზგებით

და თუნდ ნილოსის შესართავისკენ!

მე არ ავყვები რჩევას თქვენსას და შეგონებას,

არ აღვუდგები მე ჩემს სიყვარულს.

...

5.უნდა ჩავწვე ლოგინში და

თავი მოვიავადმყოფო.

მეზობლები სანახავად მოვლენ.

მათთან ერთად მოვა ჩემი სატრფო

და აქიმებს გააწბილებს -

- იცის სატრფომ სატკივარი ჩემი.

6.. ჰა,ქალაქგარეთ დაიას სახლი,

გაღებულია ორკარედი ჭიშკარი ფართოდ.

ჩაწეულია ურდული ჭიშკრის

განრისხებულა სატრფო ჩემი უკიდურესად!

მეკარედ მაინც ამიყვანდეს! გავამწარებდი,

გამოვიყვანდი წამდაუწუმ მოთმინებიდან,

რათა ყოველდღე მომესმინა ეს ხმა მრისხანე,

მის წინ ვმდგარიყავ ყმაწვილივით თავჩაქინდრული.

7.

უფლის არხს დავყევ,გადავცურე,გადავუხვიე

არხში,რომელიც მზის ღვთაების სახელს ატარებს.

დროით ჩავუსწრო,ვჩქარობ,ხალხის დაბანაკებას,

გაშლიან კარვებს,დასცემენ ბანაკს,

მერტიუს არხის შესართავი რომ გამოჩნდება.

მივქრი და ვშიშობ დღეობაზე დაგვიანებას,

გული კი,გული ცად მიელტვის ღვთაებას მზისას,

შევთხოვ,მწედ მექმნეს,

შემახვედროს ძამიას ჩემსას,

როდესაც იგი მიაშურებს უფლისა ტაძარს.

ვიხილეთ არხის შესართავი ორივემ ერთად.

ჰელიოპოლში წარიტაცე შენ ჩემი გული,

და მე გამოგყევ ტევრისაკენ,და შევეფარეთ

უზენაესი მბრძანებლის წარაფს.

მზის ღმერთის ხეებს შევატეხე პაწია ტოტი,

პაწია ტოტი შევატეხე ჩემთვის მარაოდ,

პირი ვქენ მისი წარაფისკენ,

გავცქერი ტაძარს.

სქელი ბალზამით დავიმძიმე ხუჭუჭა თმები,

ავივსე მუჭი ატმის რტოებით.

და თავს ეგვიპტის მბრძანებლად ვსახავ -

შენს მკლავებში გამომწყვდეული.

/ჰარისის პაპირუსი, დაახლ. ძვ.წელთაღრიცხვის 1330 წელი/

ძველეგვიპტური ლირიკა,თარგმ .მურმან ლებანიძისა,თბ., 1969.