აკაკი წერეთელი

სიტყვა ილია ჭავჭავაძის ცხედარზე

ახალ მოძრაობის წინამორბედი, მაგრამ საწაღმართოსი და არა საუკუღმართოსი, დღეს უკუღმართად მოკლული, ძევს კუბოშო ჩვენ წინ და, თითქოს, გვეკითხება: „რა დაგიშავეთ, რომ ეს დღე დამაყენეთო“? გვეკითხება და ჩვენ, ქართველებს, თავის გასამართლებელი ვერა მოგვიხერხებია რა!.. და მეც, როგორც ქართველს, მწუხარების გარდა, სირცხვლიც ენას მიბამს, ვეღარას ვამბობ და გადავდივარ საპირადოზე: მშვიდობით, ძმაო! - გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარ საუკუნის გამნავლობაში ერთს უღელს ვეწეოდით; ერთი გზით დავდიოდით. ახლა ჩემი მარტოდ დარჩენა, დაობლება საძნელოა, მაგრამ ეჰ, არ ღირს პირადობაზე რაიმეს თქმა და ისიც ჩვენში დღეს!..

შენ კი შენი ქვეყნიური ვალი შეასრულე და განისვენე სამარადისოდ. ამიერიდან ეკუთვნი ისტორიას. შენი საქმეები და ღვაწლი თავის-თავად იღაღადებენ. იმათ ჩვეულებრივი მითქმა-მოთქმა ვეღარც არას დააკლებს და ვეღარც რაიმეს მიუმატებს! თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ მასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც ზოგიერთებს სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინა-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარა ნახავ! როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი შენი გახდა მიზეზად ხალხის ამოძრავებისა და აჰა, საქართველოს ყოველ კუთხიდან თავ-მოყრილნი გეხვევიან გარს!.. და ვინ იცის, ეგება სიკვდილით მაინც განამტკიცო ის, რასაც შენი სიცოცხლე შესწირე; ერთობას, თანასწორობას, ძმობას და სიყვარულს! მშვიდობით, ძმაო! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი!..

1907