რევაზ ინანიშვილი

(წინასიტყვაობა წიგნისათვის „ჩიტების გამომზამთრებელი“)

„თუშეთის მთებში, ხრიოკ მიწაზე, გულაღმა ვგდივარ ცხენისაგან ნათრევი, დაჩეჩქვილი, თვალებში სისხლჩადედებული, და შევღიმი ჩემთან ჩამუხლულ ხელებათახთახებულ, ატირებულ წითელ დედაბერს“.

რაზეა, რა არის თქმული ამ მინიატურაში? პასუხი უნდა დავიწყოთ იმით, რომ გაირკვეს, ვინ არის ცხენიდან ჩამოვარდნილი, ნათრევი, დაჩეჩქვილი, ისიც - თუშეთის მთებში. „მე“ პირველი პირი, თითქმის არაფერს ნიშნავს, არ შეიძლება გაიგივდეს იგი არც ავტორთან, რადგან სიტყვა „ავტორი“ კონკრეტულს ვერაფერს წარმოადგენინებს განსაკუთრებით მკითხველთა ფართო წრეს. მისთვის, ამ წრისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ნაწარმოებიდან ამომავალ სახეს, მის სოციალურ საწყისებს. ამგვარი სახის ამოსაკითხავად კი საჭიროა კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მინიატურას, დავაკვირდეთ მისი თხრობის მანერას, მთხრობელის დამოკიდებულებას მომხდარ მოვლენასთან, მეორე პერსონაჟს - დედაბერს, და სხვა. ამგვარი დაკვირვება უთუოდ ცხადყოფს: 1. მთელი მინიატურა ერთი რთული რიტმულად დაძაბული წინადადებითაა გადმოცემული. ეს მანერა მწიგნობრულია, ე.ი. კაცი, ვინც თხრობს, წიგნიერი სამყაროდან არის მოსული, გონებით მომუშავეა. აქედან ნათელია - რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის იგი. 2. მთხრობელის დამოკიდებულება მომხდარ მოვლენასთან - საკუთარ თავზე დატეხილ უბედურებასთან - ირონიულია, ცინიკურიც კი. მაშასადამე, ცხენიდან ჩამოვარდნილია წიგნიერი კაცი, ინტელიგენტი, დაშავებულია მძიმედ, მაგრამ, მიუხედევად ამისა, ღიმილით და რაღაც კმაყოფილებითაც კი შესცქერის მასთან ჩამუხლულ ატირებულ დედაბერს. რა ღიმილია ეს ღიმილი, რა კმაყოფილება გამოსჭვივის დაზარალებულის გამოხედვიდან? მე ასე ვკითხულობ - ცხენიდან ჩამოვარდნილი კაცი უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო საკუთარი თავის, საკუთარი ყოფისა თუ ღვაწლის, ახლა სასჯელდადებულად გრძნობს თავს, და ეს სასჯელი უმსუბუქებს სულიერ ტანჯვას, რომელიც, როგორც ცნობილია, გაცილებით მძიმეა, ვიდრე ფიზიკური ტანჯვა. კიდევ უფრო მეტიც: - დასჯილს დასტირის მასთან ჩამუხლული წითელი დედაბერი. რატომ წითელი? რა არის ეს სიწითლე? ჯერ ერთი - თვით მინიატურაშია თქმული, რომ კაცს სისხლი აქვს ჩაქცეული, ჩაგუბებული თვალებში, მეორეც - ზეიმურია სიწითლე დედაბრისა. რა არის ამ ტრაგიკულ სცენაში საზეიმო? თავისი თავის უკმაყოფილო კაცი ზეიმობს, რომ მას დასტირიან, ცრემლის ღირსად ხდიან. ტირის, თანაც, თუში დედაბერი, განსახიერება დედური სიყვარულისა, დედური სიკეთისა.

იბადება შემდგომი კითხვა: რით უნდა იყოს გამოწვეული კრახი, - პერსონაჟის უმოქმედობით თუ უგზო მოქმედებით. უმოქმედო კაცი თუშეთის მთებში არ დაიწყებს ცხენის ჭენებას, უმოქმედო კაცი ტკბობამდე ვერ აღიქვამს დატეხილ უბედურებას. მაშასადამე, ცხენიდან ჩამოვარდნილია ტემპერამენტიანი, მაგრამ უგზო მოქმედების კაცი. დედაბერი? რატომ დასტირის ამ უგზო კაცს დედაბერი? ზემოთ უკვე ითქვა - იგი განსახიერებაა დედური სიყვარულისა და სიკეთისა, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა ბიოგრაფიის კაცი გდია მის წინ, მთავარია, რომ მოდის დედების რისხვა, - უდროო სიკვდილი, ასეთ დროს უნდა იტიროს დედამ, და ტირის კიდეც, თანაც უთუოდ, ყველა დედის მაგივრადაც.