ვაჟა/ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

მშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო,

ქართლისა წყლულთა მოზარე,

მშვიდობა, სულო ძლიერო,

თავის სამშობლოს მოყვარე!..

დიდება შენს ჩანგს, რომ ბევრჯელ

თვალზე ცრემლები მომგვარე…

არ დაივიწყა სამშობლომ

შენი მის ბედზე ტირილი,

მედგარი სულის კვეთება,

შავბედობაზედ ჩივილი,

დაუშრეტელი ნაღველი,

წყრომა და გულის ტკივილი.

მადლი შენს თანამოძმეთა, -

მიწა გახილეს მშობელი,

შენი სატრფო და სადარდო,

გულს ლახვარ-დამასობელი.

შენი მერანი კვლავაც რბის,

მისი ნავალიც შთენილა,

უმადლოდ არ დაკარგულა,

თუ ოდეს ცრემლი დენილა.

მიიღე ჩემი სალამიც,

გამოგზავნილი მთიდამა,

“ჩვენი არაგვიც” მუხლს გიყრის,

გადმომქუხარე კლდიდამა;

თვის “ატეხილი ჭალები”

ცრემლით ატირა ცხარითა,

სმენად გადიქცნენ ისინიც,

გრგვინვა რო ესმათ ბარითა,

ქედებმა თავი იდრიკეს,

ფიქრით მოიცვნენ მწარითა,

ამწვანებულნი მწვანედა,

განათებულნი მთვარითა.

სიყვარული

შენმა სურვილმა დამლია,

შენზე ფიქრმა და სევდამა,

შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,

გულის თვალებით ხედვამა;

მაოცებს შენი გამზდელი,

ვინც შენ გაგზარდა დედამა…

კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,

მე გულს მაწევხარ ნისლადა,

მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,

გულზე მობმულო ღვიძლადა.

მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:

ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.

მთელის ხმელეთის სწორი ხარ,

ვინ მიზამს შენოდნობასა?

ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება

და სატრფიალო საგანი,

ყინულის ეკალს დაისხამს

წამწმები ცრემლით ნაბანი,

ცრემლითა ნასურვილევით,

დრო რა გაივლის და ხანი?!”

ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,

დამხურეთ მიწის საბანი,

თუ ჩემს შენდამი სიყვარულს

დაეკლოს ერთი ცვარია.

თუმცა რაც პირველად გნახე,

მას შემდეგ კარგა ხანია,

ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს

თუ ავდარი, თუ დარია,

საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,

შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!

სიტყვა ეული

სიტყვა გადვაგდე ერშია,

სიტყვა, რა სიტყვა? – ეული,

ტანჯულის გულის ნაცრემლი,

ჯავრით ნაკვები, სნეული,

გულგაგმირული, ბეჩავი,

თავს მანდილჩამოხეული!

ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,

რას ვიფიქრებდი, იხარა…

წვერს მარგალიტი მოისხა,

ტანი ზურმუხტით იფარა;

მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს,

როგორც ცამ, გამოიდარა.

დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,

ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:

ისაა ქვეყნის ნუგეში,

იმას შეჰხარის სოფელი;

მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,

მისი კეთილისმყოფელი.

ვიცინი… იმას, ქვეყანას,

ან რა საქმე აქვს ჩემთანა?

მიხარის, ჩემმა გაზდილმა

რომ ბინა ჰპოვა ერთანა, –

ერთმა საწყალმა სიტყვამა,

ბოროტ კაცთაგან წყეულმა,

ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,

თავს მანდილჩამოხეულმა…

დავით გურამიშვილის ხსოვნას

შენ ჩემო წინამორბედო,

უძვირფასესო პაპაო!

შენს აჩრდილს ვეამბორები,

ლექსიც რამ დამიჩხაპაო.

ნეტავ, რას მემუდარები,

მე რა გიამბო აბაო,

ნამდვილო მამულიშვილო,

სამშობლოს ეკლის მკაფაო?!

პოეტად ვიხსენიები,

თუმცა ხარი ვარ ლაბაო;

ჩემისთანები ბაგებზე

ასი, ათასი აბაო.

ტანფეხშიშველი დავდივარ,

ცოლს არ მიცვია კაბაო;

შენის ცრემლებით მოვხარშე

ჩემის გრძნობების ფაფაო,

ამგვარი საჭმლის კეთებას

დიდი სდომნია ჯაფაო;

გავუღე სული და გული,

როდის ხანია ვყლაპაო,

გაუთავები გამოდგა,

არც დამკარგვია მადაო.

ვიცი, არ გამიჯავრდები

და არცა მკითხავ: რადაო?

მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,

თანაც ლექსებსა ვჩმახაო.

ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,

რა დაგიმალო, - მნახაო!

იქნება მადლობელიც ხარ,

იქნება არა მძრახაო?!

მიშველეთ შენ და შოთამა,

მგოსნობა გამიძრახაო,

გული დადნა და დანავლდა,

მიხმება, მშრება ხახაო.

დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,

ვით ერთი ვინმე გლახაო;

მიშველეთ, მომავლებინეთ,

ლელო რაც დამისახაო.

მაშინ თქვენს ნათელს სახეებს

მეც პირნათლადა ვნახაო.

ვარსკვლავი

უცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი,

კლდის თავზედ დამცქერალია,

კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას

სხივმოფენილი ქალია.

გაჩუმებულა სამყარო,

შაყენებულა წყალია,

ბუნების არსთა ყველათა

კლდისაკე ჰრჩებათ თვალია.

გადახალისდა ქვეყანა,

უცხო რამ იგრძნო ძალია.

„არ წავსწყმდებიო, არაო”, -

ბუნებამ დაჰკრა ზარია.

შავეთში გადაგდებული

ადგომას ჰბედავს მკვდარია,

მაცხოვრის შობა შაიტყო,

შავეთის ტყდება კარია.

გახარებულმა ზეცამა

უხვად დაყარა ცვარია,

ტყდება მონების ბორკილი,

ეშმაკს დაუდგეს თვალია!

ჩემის კაცობის გვირგვინო

ჩემის კაცობის გვირგვინო,

ჩემო სამშობლო მხარეო!

შენგან შობილი ოცნება

გულს შანთად გავიყარეო.

არ მიმეფარო თვალთაგან,

დამიცევ, დამიფარეო.

ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ,

ბევრი დღე ვნახე მწარეო.

არ დაიმალვის, როგორც მზე,

რაც მე ცრემლები ვღვარეო.

ის მოიგონე, მაინცა,

ბეჩავო არე-მარეო!

ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,

ვიცი, სამშობლოს მთვარეო;

არ მიღალატო, ოცნებავ,

მნახოდი მალე-მალეო.

კი არ შემომწყრე, მიმუხთლო,

იარო გარე-გარეო.

თუ ამას იზამ, წინა დღით

საფლავი გამითხარეო.

მოვკვდე, კაცთ ხელი მერიდოს.

ოცნებავ, დაგიბარეო:

შენ მნახე, შენა, მარტო შენ,

გულს მიწა მომაყარეო.