gazetistvi

ფოტოები იხილეთ გვერდის ბოლოს.

ჩვენი ლიტერატურული წრე

ამბობენ, ჩვენს ეპოქაში, როცა ცხოვრების ტემპი განუწყვეტლად ჩქარდება, მხატვრული ლიტერატურის კითხვა და მისი თანამდევი სიჩუმე და განმარტოება უდიდეს თავისთავად ღირებულებას იძენს. ეს ღირებულებანი გვაერთიანებს ჩვენი სასწავლებლის ლიტერატურული წრის წევრებს. ჯერ ერთი წელიც არაა, რაც კვირაში ერთხელ ვიკრიბებით. დრო და ადგილი შეთანხმებულია, დასწრების გრაფიკი - თავისუფალი. ერთადერთი, ვისაც ევალება, აუცილებლად იყოს, ჩვენი მასწავლებელია, ქალბატონი თამთა ფარულავა. ერთი რამ გვაერთიანებს - ჩვენ გვიყვარს ლიტერატურა, ან იქნებ ვსწავლობთ მის სიყვარულს, წიგნის სიყვარულს ან იქნებ სიყვარულს, საერთოდ. როგორ ვსწავლობთ? ძნელი სათქმელია. ვკითხულობთ, ვწერთ და ვუსმენთ ერთმანეთს. მოსმენასაც ვსწავლობთ. ვკითხულობთ და ვუსმენთ ვაჟას, ინანიშვილს, ეგზიუპერის, რჩეულიშვილს, აიტმატოვს. თუ სათქმელი და თქმის სურვილი დაიბადა, ვსაუბრობთ წაკითხულზე. ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ცოტა ხნით ჩვენც წარმოვიდგენთ თავს ვაჟას მინდიას, აბდია კალისტრატოვისა თუ რჩეულიშვილის გმირების ადგილზე. ვცდილობთ, უკეთ დავინახოთ თუ გავუგოთ ამ გმირებს. ლიტერატურა ადამიანს სწავლობს, ჩვენი საქმეც ხომ ადამიანის არსის შესწავლა, მისი გაგება თუ წამლობაა?!

თანამედროვე ადამიანი შეეჩვია იმას, რომ სამყაროში ბევრ რამეს ცვლის, თავად კი არ იცვლება. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია შევცვალოთ საკუთარი თავი, ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვართ. გვჯერა, თუკი შევცვლით ჩვენს შინაგან სამყაროს უკეთსობისკენ, ეს რა თქმა უნდა, სამყაროსთვისაც სასიკეთო ცვლილება იქნება.

ცოტას ვწერთ კიდეც. ჩვენი მასწავლებელი გვეუბნება, არ გეგონოთ, მწერლებად ან პოეტებად გზრდიდეთო. ჩვენ გვეღიმება, მაგრამ იქნებ მართალიცაა, იქნებ აუცილებელია ეს გაფრთხილება. ვწერთ „გვერდჩამოთლილ“ სიკეთეზე, იმედიან ღიმილზე, მეგობრობის მადლზე. გვეიმედება, რომ ჩვენი სიტყვა უფრო გამართული, უფრო ძლიერი, უფრო საინტერესო იქნება, თუ მეტს წავიკითხავთ. ჩვენთან არავინ განგსჯით, თუ უბრალოდ დაგეზარათ და დავალება ვერ შეასრულეთ. თუმცა შეუსრულებელი დავალებები ჩვენთან იშვიათია, რადგან თითოეული დავალება წრის წევრებთან შეთანხმებულია და მათი სურვილისამებრ არის შერჩეული.

ჩვენი ვებგვერდიც გვაქვს, სადაც თხზულებათა ელექტრონულ ვერსიებს მივაგნებთ, თუ შეკრებაზე მისვლა ვერ მოვახერხეთ. აქვე ჩვენი საუკეთესო ნაწერებიც ქვეყნდება, ჩვენი ფოტოებიც.

სასწავლო წლის ბოლოს გვაქვს საზეიმო დაჯილდოება. ვხალისობთ. ჯილდო ისევ და ისევ წიგნია, და კიდევ სერთიფიკატი, დამამტკიცებელი იმისა, რომ მავანი და მავანი გამარჯვებულია ნიომინაციაში „ყველაზე კარგი მკითხველი“, „ყველაზე კარგი ჩანაწერის ავტორი“. ჩვენი მასწავლებელი ალბათ ჯერ ისევ პატარებად გვხედავს და გული რომ არ დაგვწყდეს, დანარჩენებსაც გვირიგებს საკუთარ თავზე გამარჯვების დიპლომებს ნომინაციაში „მაინც დავწერ და წავიკითხავ“. ქალბატონი თამთა, რა თქმა უნდა, ამჯერად ცდება, ჩვენ პატარები აღარ ვართ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მართლა გვიხარია ეს ფერადი სერთიფიკატები.

ზოგიერთ სტუდენტს ჰგონია, ლიტერატურულ წრეზე სიარული ზედმეტი დატვირთვა და თავის ტკივილი იქნება. უნდა ვაღიაროთ, რომ თავდაპირველად, სანამ წრე საქმიანობას დაისწყებდა, ჩვენც ასე ვფიქრობდით. შემდეგ კი ჩვენი შეხვედრები იქცა განტვირთვად იმ ყოველდღიურობისაგან, რომელიც უამრავი იფორმაციითაა დატვირთული.

ახალ სასწავლო წელთან ერთად ახალ შეკრებას ველით. ამჯერადაც არავითარი ვალდებულება არ გვაქვს. მოცემულ წიგნს წავიკითხავთ ან არც წავიკითხავთ. თუ არ მოგვესურვება, არაფერს დავწერთ, იქნებ არც მივიდეთ საერთოდ. თავისუფლების დასაბამისდროინდელი ჯილდო გვახსენდება და გვიხარია. ჩვენს მასწავლებელს კი სჯერა, რომ თუ ჯერ არ გვიგრძნია, უფლის წყალობით, დღეს ან ხვალ გავიგებთ თავისუფლების ჭეშმარიტ გემოს და საკუთარ თავზე გამარჯვებასაც ვისწავლით. მანამდე კი ეკლესიის მადლით გაერთიანებულთ, აკადემიისა თუ სემინარიის სხვადასხვა კურსის სტუდენტებს, სიტყვის სიყვარულიც გვაერთიანებს. ჩვენი კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა, ყველასთვის, ვისაც წიგნი და ლიტერატურა იზიდავს.

ერეკლე მარტიაშვილი