ილია ჭავჭავაძე

ეთნიკურ შემწყნარებლობაზე

ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერგვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებახსნილ კაცისაგან.

იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასს” ყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნულთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერშეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე ცალკე კაცი იქნება, თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა სარჩლი და ქომაგობა რომ უუწმინდაესს მოვალეობად არ იყოსაღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისაგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიანს და პატივსადებს თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას, თავისსსასახელოდ, ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან რიხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა, შეუფრთხდა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა.

… ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერასაზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავსკაცად ჰხადის, სხვასაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას.

… ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან დაიბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველსადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის?