ვახუშტი კოტეტიშვილი - სონეტები

შადრევნის სონეტი

აი, შეხედე, შადრევანი მიელტვის ზეცას,

ეკეკლუცება თავის ზემოთ უსაზღვრო სივრცეს,

მღელვარე კაბის კალთებს როკვით ხან შლის, ხან კეცავს

და მზად არის, რომ მთელი გზნება ამ ზეცას მისცეს.

საკმარისია, ამ ცეკვაში გაჩნდეს პაუზა,

ის იმწუთშივე დაცხრება და იქცევა გუბედ,

თუმცა მას უკვე თვინიერად მდუმარ აუზად

კვლავ ჩაიხუტებს დედამიწის მზრუნველი უბე.

ასე სრულდება სურვილების ბრუნვა წრიული,

მას ვერვინ შეცვლის, ამაოა ყველა მცდელობა.

დროებითია ფრენა, ქვეყნად მარადიული

არის მარტოდენ დედამიწის მიმზიდველობა.

რა ბედი სწია, გახსოვს ზეცამ ჭაბუკ იკაროსს?!

მისი წესია, მიწიერი არ მიიკაროს!

16.02.2008.

ყოფნის სონეტი

მიუხედავად იმისა, რომ იცოდი კარგად,

შენ სამყაროში იყავ მხოლოდ წერტილი ერთი.

გააზრებული თუმც არ გქონდა აქ ყოფნის ქარგა,

მაინც გეგონა, ბედისწერას, თავადვე წერდი.

ცხოვრობდი, ჩქეფდი, მღელვარებდი, გიყვარდა, გძულდა...

წინასწარ გქონდა შედგენილი ცხოვრების გეგმა...

მაგრამ, რადგანაც ვერ შენივთე შენ ხორცი სულთან,

ვერ შეიგუე ამ ცხოვრების უხეში ჩექმა.

უცებ დამწუხრდი და ჭეშმარიტს უქციე გვერდი

ვერ გაიაზრე, რომ შენ განგებ შეგქმნა განგებამ,

რომ მხოლოდ შენ კი არ გჭირდება მაღალი ღმერთი.

ღმერთსაც სჭირდები, ოღონდ გიჭირს ამის გაგება.

დადგება ჟამი და ცხოვრების ბოლოს გებულობ:

წერტილი იყავ, მაგრამ თურმე - სავალდებულო.

26.02.2008.

ღირსების სონეტი

სანამ ვარ ქვეყნად, რაღაც მაინც უნდა ვაკეთო,

რათა დამეტყოს, ამ მიწაზე რომ ვარ ნამყოფი,

ბუტაფორიულ მუყაოდ კი არ ვიმაკეტო,

არამედ ჩემგან თუნდ მცირედი დარჩეს ნაყოფი.

უნდა ვიმინდვრო, ვივენახო, ანდა ვიყანო,

გული ვამტევნო, ვათავთავო ან ვაჩითილო,

მკერდზე ლექსები ყვავილებად ამოვიყვანო

და ჩემს გაზაფხულს ცა და მიწა მოვაჩითინო.

თუმც ბედ-იღბალმა წამებით და ტანჯვით მაცხოვრა

და ათასგვარი ჭირ-ვარამი არ მამყოფინა,

ხალხს თავი მაინც ისე უნდა დავამახსოვრო,

რომ ეთქვათ ჩემზე: " - ღირსეული კაცი ყოფილა!

ისე გავიდა ამ ცხოვრების ბოლო კარიდან,

რომ სიკვდილს თვალი ერთხელაც კი არ აარიდა!"

22.03.2008.

სიბერის სონეტი

სულმა სხეული გამოფიტა და ტვინიც გახმა,

და უქმად ყოფნაც აღარ არის უკვე ადვილი.

ლეთესთან დგახარ, მაგრამ ქარონს არ უნდა გაღმა

შენი გაყვანა, რადგან ნავში არ აქვს ადგილი.

დრო აღარ მიდის და რატომღაც არც შენ მიდიხარ,

ქვეყნად არავის ენაღვლები, არ ენატრები.

გრძნობ, ზედმეტი ხარ და ყველაფერს ანარიდი ხარ

და ხსოვნას ეკრანს ეცრიცება ბნელი კადრები.

ხვდები, რომ ქვეყნად აღარაფერს არა აქვს აზრი,

რაზე იფიქრო, რა ისურვო ან რა ინატრო?

შენა ხარ მხოლოდ დიოგენეს ფუტურო კასრი,

რომელშიც უკვე დიოგენე აღარ ბინადრობს.

აღარ გაწუხებს აღარცერთი ძველი ჭრილობა

და ეუფლება შენს სულს სრული უსურვილობა.

ადამის სონეტი

ბუნდად ვიხსენებ სამოთხეს და ჩემს ოჯახს დაშლილს,

სიბერემ უკვე თავისი ქნა, დაბინდა გონი.

მახსოვს, რომ ევამ მომაწოდა სამოთხის ვაშლი

და მე, სულელმა, უნებლიეთ შევჭამე მგონი.

ის დღე იყო და ის დღე, დახშეს სამოთხის ბჭენი

და დავრჩი ასე, მხოლოდ ლეღვის ფოთლის ამარა.

ევამ კი არად მიიჩნია სირცხვილი ჩვენი

და კვლავ შიშველმა იქ, ცაშივე, შეკრა კამარა.

წეღან ბაზარში ჩაივარე, არ იყო ტევა,

და იმდენ ხალხში დავინახე საყასბოს იქით,

ვაშლს ჰყიდდა ვიღაც დედაკაცი, სახელად ევა,

და წინ ეყენა მამაკაცთა უგრძესი რიგი.

რაღაც ეჭვები დამესივნენ, როგორც მგლის ლეკვნი

და მაშინ ვიგრძენ, რომ მტკიოდა ნაკლული ნეკნი.

ცოდნის სონეტი

ხე ცნობადისა აგვეკრძალა და აღგვეკვეთა.

ადამ და ევამ ჩაიდინეს სასტიკი ცოდვა,

აღთქმა გატეხეს და მას შემდეგ ადამის ძეთა

დავიწყეთ ფუჭი ბჟუტური და უაზრო ბოდვა.

გავიდა დრო და ვიღას ახსოვს ადამ და ევა,

მაგრამ გულს გვიღრღნის ამ სამყაროს შეცნობის ჭია.

და ოკრო-ბოკროდ მიკრო-მაკრო კოსმოსის კვლევას,

წყლის ნაყვის ნაცვლად, შემეცნების სახელი ჰქვია.

ის პირველქმნილი ცოდვა ისევ ცოდვადვე დარჩა

და ღვთის კანონი არ შეცვლილა თუნდაც სულ ოდნავ.

არ ვინანიებთ არაფერს და შენდობაც არ ჩანს,

რადგან ყველაზე დიდი ცოდვა – ეს არის ცოდნა.

თუ უვიცი ხარ, შენ ხარ კაცის მხოლოდ მოდელი,

სამაგიეროდ, უმანკო ხარ და უცოდველი.

მადლის სონეტი

ცხოვრებისაგან დაქანცულსა და სასომიხდილს

წამლეკავს ზოგჯერ შემზარავი ტალღა უცები,

დავმწუხრდები და ნაადრევად მოვუხმობ სიკვდილს,

შინაგანად კი კვლავ სიცოცხლეს ვებღაუჭები.

გმირი არ ვიყავ, არც მესიის მქონდა მისია,

რომ უდრტვინველად ამეტანა ტანჯვა და ჯვარცმა.

ცხოვრებამ ყველა განსაცდელი შემომისია,

მაგრამ გავუძელ ამ ყველაფერს უბრალო კაცმა.

რა ძალა იყო, რამაც მომცა ამის შეძლება

და შემომაჭდო ჯადოსნური ჯაჭვის ბეგთარი?!

როგორც ჩანს, ქვეყნად ჩემებრ ტანჯულს შვებად ეძლევა

ღვთიური მადლის თუნდ წვეთ-წვეთი წმინდა ნექტარი.

და მივხვდი, რამაც უკუნეთში აღმავსო ნათლით,

ეს იყო თურმე პოეზიის ღვთიური მადლი.

22.03.2008.

ადამიანის სონეტი

ქვეყნად მაღალმა ღმერთმა შექმნა არსი ყოველი

და დაანათლა თავ-თავისი ყველას ბუნება:

ქვეწამავალი თუ ფრინველი, თევზი, ცხოველი

თავის მკმარია და არ უნდა სხვა ფუფუნება.

მხოლოდ ერთია იმათ შორის – ადამიანი,

ვისაც სურს, თავად გამოჭედოს თავისი ბედი

და რადგან არის იგი ვითომ სხვებზე ჭკვიანი,

უნდა რომ იყოს არა ლოდი, არამედ სვეტი.

მაგრამ ამისთვის მას სჭირდება, გამრავლდეს ხალხად

და დაიმონოს ქვეყნად მიწა, წყალი, ტყე-ველი,

და თუ აზვირთდა ოკეანის მძვინვარე ტალღად,

ის უკვე ბრბოა, ყოველივეს დამანგრეველი.

ბრბო ერთსახაა, ვინც მას არ ჰგავს, ვერ ჰგუობს ეგეთს,

ღმერთიც რომ იყოს. იღრიალებს: "ჯვარს აცუ ეგე!"

19.03.2008.

სიზმრის სონეტი

ღამის დარბაზში იდუმალი ჰანგები იძვრის,

თანდათანობით უფრო ეშხში შედის ქეიფი,

მზერას იტაცებს ვნებიანი დეკოლტე სიზმრის

და მიიხვეტავს ზმანებათა გრძელი შლეიფი.

მიმოირხევა სამეჯლისო ცეკვის ნიავი,

ჩემი მეწყვილე მშვენიერი ქალბატონია,

მე მის წინაშე ჩემი გული მოვაღიავე

და საკუთარი თავი მეცხრე ცაზე მგონია.

მაგრამ რომ დაჰკრა შუაღამემ თორმეტჯერ ზარი,

თვალს და ხელსშუა გამიქრა და აღარსად არ ჩანს,

და დავრჩი ასე, სასახლეში უაზროდ მდგარი,

ხელში იმ ქოშით, რომელიც მას კიბეზე დარჩა.

ვეძებე ყველა ქვეყანაში და ყველა დროში,

მაგრამ ვერავის ვერ მოვარგე ის ოქროს ქოში.

20.03.2008.

ყოფნა-არყოფნის სონეტი

"ყოფნა - არყოფნა?!" - აი, შენი კითხვა მორიგი,

ჭაბუკო ჰამლეტ, მაგრამ არსი ყოფნა-არყოფნის

ვინ განგიმარტოს?! დუმს გონება, ვით იორიკი,

რომელსაც ამის საპასუხოდ ცოდნა არ ჰყოფნის.

იქნებ არყოფნაც ყოფნა არის, ოღონდ სხვაგვარი,

უფრო მსუბუქად მონანავე, ან უფრო მძიმედ?!

ადამიანად ყოფნის დრო ხომ მხოლოდ აქ არის,

რამე სხვადყოფნა გაამართლებს განა ჩვენს იმედს?!

იქნებ აჯობებს, რომ დავჯერდეთ იმას, რაც არის

და არ ვისწრაფოთ, სადაც მაინც ადრე თუ გვიან

მოგვიწევს მისვლა, არა ვქექოთ ფუჭად ნაცარი

და აღვასრულოთ ვალი, რასაც სიცოცხლე ჰქვია.

სიკვდილისა რომ არრა ვიცით, ეს ის წესია,

რომლითაც ცოდნა არცოდნაზე უარესია.

17.03.2008.

ფშავ-ხევსურეთის სონეტი

აქ პირველითგან იყო ლექსი. სიტყვა, ვით სეტყვა!

აქ ყველა სიტყვის მეუფეა, თანაც ტყვე არი.

ყველა კაი ყმას წელზე ლექსი ხმალივით ერტყა

და გულზე ლექსის დაღი აჩნდა, ვით ნატყვიარი.

ქართულმა სულმა აქ ოდითგან იხმლო, იმშვილდა,

ქავ-ციხის ლიბო არ დაშლილა, არ გამომპალა,

აქ დღესაც ისმის მადლიანი ლოცვა ღვთისშვილთა,

ხმობენ: ლაშარი, იახსარი, ბერი კოპალა.

აქ ყოველივე მიგემნია: ტკბილი თუ მწუთხე,

გულზე ლექსების გუთნეული გამდევს ხნულებად.

ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად არცერთი კუთხე,

ჩემი სულისთვის უფრო ახლო არ მეგულება.

ჩემი სამზეო, საიქიო, შავ-ხევ-სულეთი,

აკლდამა ჩემთა ოცნებათა – ფშავ-ხევსურეთი.

მოცარტის სონეტი

"...როგორც ჰაერის იქითა მხარე,

წმინდა, დიდი, უკაცრიელი..."

რაინერ მარია რილკე

ვინ იყო იგი, მე არ ვიცი, კაცი თუ ღმერთი,

ბრძენი თუ ბავშვი?! ვით მივუდგე, რომელი მხრიდან?!

როგორ იტევდა ოკეანეს ეს ვიწრო მკერდი,

რომელიც ასეთ აუმღვრეველ ნიაღვრებს ღვრიდა!

მოცარტის ტაქტის გარეშე ხომ თითქოს დროც არ დის,

ყოველი სივრცე დახშული და ცარიელია;

და როცა ცაში აჟღერდება ჰანგი მოცარტის,

ღვთის გულისათვის, ჩუ! - რაღა დროს სალიერია!

ჰანგების ჩქერი, ხან კამკამით, ხან აზვირთებით...

ვეღარ იგუებ, მდუმარების ობი რომ გეკრას...

მისი თითები, ვით სამოთხის ცელქი ჩიტები,

კლავიშებს უცებ აკენკავენ ისე, ვით კენკრას.

იცოდე, როცა გადასცდები სამყაროს არეს,

ეს ჰანგი გელის შენ ჰაერის იქითა მხარეს.

15.03.2008.

სულის და ხორცის სონეტი

ნაქანდაკარი ანტიკური ქალღმერთის ტორსი

სრულყოფილია, თუნდაც იყოს ხელფეხნაკლული,

რადგან სული ქმნის ამ სისრულეს და არა ხორცი,

ხორცი, რომელსაც ჯიქურ ელტვის თავგადაკლული

ჯანსრული მამრი, ატანილი ცხოველურ ჟინით

უცებ ქცეული თავაღმართულ, დაძაბულ კუნთად,

როგორც უეცრად ამომხტარი ბოთლიდან ჯინი,

რომელსაც თავის მორჩილ მსხვერპლზე ზეობა უნდა!

ბოლოს კი, როცა დაუცხრება ხორცი უძღები

და გონს არ უმღვრევს ქვეყნად უკვე ვინმეს ქალობა,

ზესამყაროში ბეატრიჩედ სული უძღვება

და მას ეძღვნება მისი ლექსი, ხოტბა, გალობა.

სული - სივრცეებს, ხორცს - სამარის პატარა ბორცვი.

მაგრამ იქაც ხომ ძვლები ყრია და არა ხორცი?!

16,03.2008.

მხატვრობის სონეტი

თენგიზ მირზაშვილს - "ჩუბჩიკას"

მე ბავშვობიდან დღევანდლამდე ვარ მოხიბლული

გოგენ – ვან-გოგით, რენუარით, მანე – მონეთი,

მათი ყოველი მონასმია ჩემთვის ხილული

და ახლაც მზად ვარ, ყოველ ნახატს ვუძღვნა სონეტი.

პარიზის ქუჩებს უტრიალებს მუდამ უტრილო,

ვით ვარიეტეს კვამლში ქალებს – ტულუზ-ლოტრეკი.

მსურს, მათ ტილოებს სიყვარულით რომ მოვუჩრდილო

და ვცე პატივი სათანადო ქედის მოდრეკით.

რა პალიტრა აქვთ, რარიგ ფერთა ფართო სამყარო?!

ვეღარ მოწყდები, თუკი ერთხელ ახლო მიუხველ,

უმზერ და გინდა შენი ხილვა სხვებსაც ახარო

და აგრძნობინო ფუნჯთა ჯადოს ლაღი სიუხვე.

ფერადოვნების ზეიმია ყველა მათგანი. –

მაგრამ... ნიკალას თუნდაც ერთი თეთრი ბატკანი?!...

25.02.2008.

ნიავის სონეტი

თქვენ მყარად დგახართ ამ მიწაზე. მე ვარ ნიავი.

თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ.

გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე,

ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ.

მე ხომ არ მიშლის ნერვებს თქვენი მთობა, ზღვაობა,

ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?!

თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა?

თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ.

თქვენია, ქვეყნად ყველაფერი, რაც იყიდება,

და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს...

თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას,

მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს.

ითმინეთ ჩემი ნიავობა, სანამ გიგალობთ.

ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!

28. 02.2008

ჯინის სონეტი

მე ამ ქვეყანას სათავისოდ ვერაფერს მოვთლი,

ხელეჩო არ ვარ, ყველაფერი ჩემკენ მოვხვეტო,

სულის ზღვის ფსკერზე ხავსიანი მიგდია ბოთლი

და ჩემი ვალი ის არის, რომ ამას მოვხედო,

რათა უეცრად არ ისროლოს ჯინმა საცობი,

ბებერი კია, მაგრამ ჯინი მაინც ჯინია,

კიდევ აჯობებს სხვებს გმირობით და ვაჟკაცობით,

რადგან არაფრის და არავის არ ეშინია.

დღევანდდელობა მას ნაგრძნობი ჰქონდა ადრევე,

მისი ეჭვები რომ გამართლდა, მას ეს ამხედრებს:

როდესაც ხედავს, რომ ლომები ტვირთს მიათრევენ.

მათ ადგილზე კი ზარ-ზეიმი უდგათ სახედრებს.

მეც, ამ ყველაფრის შემხედვარეს, მომივლის ჟინი

და ვფიქრობ, ხომ არ ამომეშვა ბოთლიდან ჯინი!

03.03.2008.

მიწის სონეტი

კაცობრიობის ისტორიის ხლართებს რომ ჩეჩავ,

მისი სასტიკი სამართალი რას არ გაგონებს?!

ურჩობა ბედის რჩეულთაგან რომელ ერთს შერჩა,

მაკედონელებს, რამზესებს თუ ასარგადონებს?!

ბრუნავდა ჩვენი წუთისოფლის მძიმე ბორბალი,

საუკუნენი განა ღირდნენ ცოდვის ტირილად?!

მაგრამ იმ დღეთა ნახანძრალზე კვლავაც ხორბალი

ითესებოდა და აქა-იქ ენთო გვირილა.

დინასტიები გადაეგნენ და დარჩა გლეხი,

ქვეყნად ზეპურნი აზნაურნი უქმად მიდიან,

მხოლოდ ის რჩება, ვისაც ადგას ცხოვრების კეხი

და ხვალინდელი ლუკმა-პური ვისზეც ჰკიდია.

ეს დედამიწა კვლავ ცოცხალი ალბათ მიტოა,

რომ მას უვლიდეს და ჯიუტად ხნავდეს მიტუა.

05.03.2008.

გაზაფხულის სონეტი

გაზაფხულია, კანის საკანს ვეღარ სჯერდები.

კივის სხეული სისხლძარღვებით მონასირმები.

ხეებს ასკდებათ ვნებისაგან კვირტის კერტები

და გახელებით შეჰბღავიან ფურებს ირმები.

მდინარეებში გაუმართავთ თევზებს ჯირითი,

მდედრუნახავნი მიაპობენ წყლის ჩქერებს გუნდად,

იქ ეგულებათ, სათავეში, ქვის ქვეშ ქვირითი

და ხვაშის მოსხმით ხვაშიადის დაცხრობა უნდათ.

შენ არც თევზი ხარ, არც ირემი, არც სხვა ცხოველი,

სხეულზე მეტად შენ მეწყვილედ გჭირდება სული.

ნახევარია ამა ქვეყნად კაცი ყოველი

მას სურს მეორე ნახევარი, რომ გახდეს სრული.

და თუ იპოვა, მიხვდება, რომ სწორედ ის არი,

ვისაც ეძებდა ნააპრილარ-ნამაისარი.

12.03.2008.

სიყვარულის სონეტი

შენ სიყვარულმა აღგამაღლა აღსავლის კარად

და ოცნებებში მოგანიჭა ყველა უფლება.

მისგან ავდარიც გეჩვენება საამო დარად

და უმწიფარი ძახველიც კი გეალუბლება.

თუმც შესაძლოა, რომ ოდესმე შენც სწვნიო წვენი

და საყვარელი არსებისგან იგრძნო ღალატი.

ეცადე, ამით არ დაემხოს ტაძარი შენი

და ვერვინ გწამოს, თითქოს რწმენას ეჭვით ჰბღალავდი.

გრძნობა, რაც უფრო ცალმხრივია, უფრო დიდია

და უფრო მძაფრი, თუ განცდები გაწევს ლოდებად.

სიყვარული ხომ საცალფეხო ბეწვის ხიდია,

რომლის გადაღმა შენ არავინ არ გელოდება.

შენზე ძლიერი ქვეყნად განა ეშმა რითია?!

მას დასძლევ, თუკი შენი მრწამსი ჭეშმარიტია!

14.03.2008.

გზის სონეტი

რა მოხდა, თუკი არ სრულდება ის, რაც გულს უნდა

და თუ შენ მიმართ დრო-ჟამია დაუდევარი!

ან შენს თავზე თუ გრიგალივით გადაზუზუნდა

შემზარავი და ავბედითი ბედი მდევარი!

რა მოხდა, თუკი ვერ მიხვედი აღთქმულ მიზანთან

და ოცნებათა მექარავნე გზაში დავარდი!

სამაგიეროდ შენმა სულმა ხომ არ იზანტა

და თუნდაც ერთხელ შეძლო ცაში ლაღი ნავარდი!

სიცოცხლე გზაა, სიკვდილი კი ამ გზის შედეგი,

ადრე თუ გვიან ჩვენ იქ უნდა დავცეთ ბანაკი.

არსთა გამრიგემ თუკი ბრძანა: - აბა, შემდეგი! -

გიხმობს ქარონის ქარავანის ზარ-ზანზალაკი..

იქ, სამსჯავროზე შენ განგსჯიან იმის მიხედვით,

თუ ცხოვრებაში სად კი არა, როგორ მიხვედი?!

15.03.2008.

ქარავნის სონეტი

ამ უდაბნოში ხან მზე აჭერს, ხან უკუნია,

ქარნი ხორშაკნი ქვიშის ბორცვებს უჩენენ ხაოს,

არავინ უწყის, მერამდენე საუკუნეა,

აქ ქარავანი თავს ვერ აღწევს ქარების ქაოსს.

აქ ლომი ლამობს, აქლემს სადმე გამოჰკრას კბილი,

აქლემს ჰგონია, ვერ მიაღწევს ლომი მიზანსო.

აქ ყელყელაობს ყველა: ფლიდი, ქლესა თუ წბილი

და ქედმაღლურად იქადლება, ვინ რას მიზამსო?!

თვალს ვერ აამებ, ქვიშის გარდა, ვერაფრის ნახვით,

არსად ბალახი, ოაზისი, მთა თუ ტყე-ველი,

წყალიც არ არის, რომ გაერთო იმისი ნაყვით,

მხოლოდ მირაჟი, მიზანი კი მიუღწეველი.

უგზოდ და უკვლოდ მიქარავნობს აქლემთა წყება

და ზანზალაკთა ხმად ჩაესმის ძაღლების ყეფა.

17.02.2008.

სარკის სონეტი

მზეოს

სინათლის ტბაში ირეკლება ნაზი პროფილი,

ეალერსება სავარცხელი ფაფუკ დალალებს

და ვარცხნილობა, მერამდენედ უარყოფილი,

ნაუცბათევად ჩამოშლილი სწუხს და ვალალებს.

შუბლი, ღაწვები და მიმოხვრა ყელის თუ კისრის

თლილმა თითებმა საალერსოდ დაითითოვეს.

სარკე ასლების ანარეკლებს გულუხვად ისვრის,

ხოლო თავისთვის ამ ხილვათა დედანს იტოვებს.

ქალისთვის თითქოს შედედდაო დროის დინება,

თითქოს მან კვლავაც გაიხსენა ანცი ბალღობა.

პოზების ცვლისას იერი რომ შეეყინება,

მას იმწუთშივე ლბილ ღიმილად უწევს გალღობა.

და აი, უცებ მამაკაცის ბანმა მოჰბერა:

- ჩქარა, ძვირფასო, თორემ უკვე მორჩა ოპერა!

20.02.20.08.

კანტის სონეტი

ჩემი ქალაქი კენიგსბერგი, საფლავი კენტი...

გამცნობთ: - სახელი – ემანუილ და გვარი – კანტი:

მე არასოდეს არ ვყოფილვარ ფრანტი თუ დენდი,

და გარს არასდროს მომვლებია ლივრეის კანტი..

არა მყოლია ოჯახობა, ცოლი თუ შვილი,

არ მდომებია, რომ ცხოვრება რამედ მექცია.

თუ რომელიმე სტუდენტს აკლდა ქურთუკზე ღილი,

ვღელდებოდი და მეშლებოდა ლამის ლექცია.

ამქვეყნად ორი საოცრებით ვიყავი სავსე

და მათ განსჯაში არ შემცვლია ალღო თუ გეში:

ეს ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა ჩემს თავზე

და უმტკიცესი ზნეობრივი კანონი ჩემში.

ეს შენც თუ იგრძენ და გზა-კვალი არ აგერია,

იცოდე: ქვეყნად დანარჩენი - არაფერია!

25.02.2008.

ტროას სონეტი

ვიხსენებ მითებს, იწყებოდა ახალი ერა

კაცობრიობის და ამ სურათს ვერაფრით წაშლი.

სამი ქალღმერთი: აფროდიტე, ათინა, ჰერა –

ეს სამი ევა და მათ შორის სადავო ვაშლი...

პირისპირ მდგარი დაბნეული ნორჩი პარისი...

ტროა, ქცეული სამუდამო ლაქად თუ დაღად.

აწ რომელი დგას ნეტავ რიგში: რომი, პარიზი,

ფილადელფია თუ მოსკოვი, ვენა თუ პრაღა?

ვის ელის ახლა ისტორიის მსახვრალი ტორი,

ვინ განიცადოს, აწ რომელმან წალკოტმან შლილმან?..

იქნება, ეს დღე, ავბედითი, არც არის შორი.

თქვენი გუმანი რას გკარნახობთ, ბატონო შლიმან?

დღეს მითიურზე ბევრად უფრო საშიში დროა,

ნუთუ არაფერს გვეუბნება ეს სიტყვა: ტროა?!

25.02.2008.

ბუნების სონეტი

ბუნება ითმენს ჩვენს ჯებირებს, ხიდებს, კაშხალებს,

მაღაროებს და ცათამბჯენებს, თხრას თუ დაცობას.

ჩვენსავ წარმართულ ზარ-ზეიმებს, ზათქს და მაშხალებს,

მუდმივ ტრაბახს და ამბიციურ ქონდრისკაცობას.

ბუნება ითმენს თვინიერად რაღაცა ზღვრამდე,

რადგანაც იგი არ მიგვიჩნევს ნამდვილ მეტოქედ,

უცებ მოიმცვრევს მხარ-ბეჭიდან, ვინ იცის, რამდენ

საუკუნეებს, ჩვენი აზრით, დიად ეპოქებს.

და იმარხება ქვესკნელების წიაღ ცივილი-

ზაციები და კულტურები ავლა-დიდებით,

მას კი არარად მიაჩნია ჩვენი ტკივილი –

ჰერკულანუმი, პომპეა თუ ატლანტიდები...

ბუნების კანონს, ნუ გგონია, რომ წინ უძღვები,

შენა ხარ მისთვის, ვით მშობლისთვის, შვილი უძღები.

26.02.2008.

საჭიროების სონეტი

გვაქვს მოცემული ბარაქა და ხვავი ულევად,

მან რა მოიგო, ვინც ამ დოვლათს ზურგი უქცია?!

ქვეყნად ყვალაფერს აქვს თავისი დანიშნულება

და ყოველ საგანს აკისრია თავის ფუნქცია.

და რომ ცხოვრება გქონდეს, მართლაც, ლაზათიანი

და ამქვეყნიურ მსუყე ტრაპეზს არ უჯდე უქმად,

შენ ეს იცი, რომ კოვზით უნდა ხვრიპო წვნიანი,

ხოლო ჩანგლით კი დაითრიო მოზრდილი ლუკმა.

გარდა ამისა, იცი, რისთვის გჭირდება ფული,

ფონდი, კრედიტი, განვადება, ნაღდი, ნისია...

ეს იცი, მაგრამ ვერ გაიგე, რა არის სული,

ანდა თვით ლექსი ამაქვეყნად რის მაქნისია?!

თოთო ტვინს თითი ერთხელ მაინც რომ დააჭირო,

იქნება მიხვდე, რისთვის არის ლექსი საჭირო.

28.02.2008

მწყრების სონეტი

ძნელია, იყო სანიმუშო ზნეობის მქონე,

არ გებადოს და არ გებუდოს არცერთი მწყერი.

თავით ფეხამდე დავარცხნილს და გაპარსულს, ვგონებ,

სჯობს, ვისაც ზოგჯერ გასაპარსი დარჩება წვერი.

და ვისი სქესიც შორიდანვე უკვეა ცხადი,

ვისაც ფრანტობას უჯობს, იყოს ოდნავ აპაში,

ვინც ამ მიწაზე მამაკაცურ მიმოხვრით დადის

და არა ისე, როგორც ქალი ვიწრო კაბაში.

მცირეს თუ დიდის შემოქმედი მხოლოდ ღმერთია

თვით უმცირესსაც ნურასოდეს აქცევ ქილიკად.

ღვთისთვის ლოცვაა მთავარი და სად - სულერთია:

გუმბათოვანი ტაძარია თუ ბაზილიკა.

შენ კაცი იყავ და როდესაც მოგიწევს ჯერი,

ღმერთი შეგინდობს, თუკი გყავდა ორიოდ მწყერი.

28.02.2008