შოთა ნიშნიანიძე

პოეტის მოწოდება - მცირე რეპლიკა ვერლიბრის შესახებ

(ფრაგმენტი)

--კითხვაზე, თუ რა არის პოეზია, დღემდე არავის მოუცია ყველასათვის მეტნაკლებად მისაღები პასუხი. პოეზიის აღთქმა-გაგება და სიყვარული უმეტესწილად სუბიექტურია, ამიტომ მისი განმარტებაც ყოველთვის სუბიექტური და არასრული იქნება. ამ შემთხვევაში პოეზია რელიგიას ჰგავს, ისიც რწმენის თავისუფლებაზეა დაფუძნებული. პოეზიაში ყველა თავის ღმერთებს, კერპებს, ხატებსა და წმინდანებს ირჩევს, როგორც იტყვიან, ყველა თავის რჯულზე სწირავს. ეს არ არის გემოვნებათა აღრევა, ამიტომაც მსჯელობენ და კამათობენ მასზე. მაშასადამე, პოეზია მხატვრfaული მრწამსისა და გემოვნებისადმი თაყვანისცემაა: მე ეს მწამს, მე ეს მიყვარს. ალბათ ამიტომაც არის ჭეშმარიტ პოეზიაში, როგორც ლოცვა ვედრების, გალობა-ღაღადის, ისე კურთხევა-შეჩვენებისა და ზებუნებრივ ძალებთან მისტერიული ზიარების ელემენტები. ხოლო თუ უბრალოდ და პირდაპირ ვიტყვით, ყველაფერი ის, რაც გულს შეგვთრთოლებს და ესთეტიკურ ტკბობას მოგვანიჭებს, უკვე პოეზიაა ფართო გაგებით. პოეზია გულის კულტია, ადამიანის ლამაზი და ამაღლებული სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა, ოღონდ გამძაფრებული გამოხატვა. პოეზია სიმახინჯეშიც (არაესთეტიკურშიც) სილამაზეს აღმოაჩენს (აბრეშუმის ჭიიდან ფერებხასხასა პეპელა იჩეკება). პოეზია ყოველწამიერი პროზაული ერთფეროვნების ჯაჭვიდან ამოვარდნაა, სულის ფრთაშესხმული მდგომარეობაა. ტკივილისა და მწუხარების ამსახველი სტრიქონიც კი შემოქმედებითი სიხარულით იქმნება. ძველი სწავლულები პოეტური შემოქმედების პროცესს “ღვთაებრივ სიშმაგედ”, “ღვთაებრივ ბნედად” ნათლავდნენ, რომლის დროსაც თითქოს წინასწარმეტყველების ზეგარდმო ნიჭიც მჟღავნდებოდა.

პოეზიას სხვაზე ბევრად უფრო მგრძნობიარე ადამიანები ქმნიან. სწორედ ისეთები, რომლებიც სულიერ ღველფს ატარებენ. პოეზია “მოაზროვნე ლერწამის დრტვინვაცაა”, პოეზია ოცნების ფენომენია და მას მეოცნებეები ქმნიან. ოცნების შეჩერება კი შეუძლებელია. ამიტომაც უსწრებს პოეზია თავის დროს, უკვე არსებულსა და დაკანონებულს, მოითხოვს მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კიდევ უფრო გალამაზებას.

მე მიყვარს სულიერი მხნეობის მომნიჭებელი პოეზია, რომელიც წარმართული ჟინით ეწაფება სიცოცხლის სიყვარულს, რომელსაც სილამაზე და სიხარული შემოაქვს ყოველდღიური ყოფითობის პროზაულობაში. პოეზია ჯანსაღი უნდა იყოს და ზნეობრივად უნდა ასპეტაკებდეს ადამიანებს, იგი კარგ მამულიშვილებად უნდა ზრდიდეს ახალ თაობებს, უნდა აღვივებდეს მათში ჰუმანურობის, სამართლიანობის მაღალ იდიალებს.