ზამთრისპირის სევდა

ზამთრისპირის ბურუსიან დღეს ოთხი თეთრი ვეება ფრინველი უხმაუროდ მოვიდა და ბაღის ბოლოში, ფოთოლგაცვენილ კაკალზე დაჯდა. ისხდნენ, როგორც ბავშვის ნახატში, ხესთან შედარებით უზომოდ დიდები, ნაცრისფერში შეჟღენთილი თეთრი აკვარელივით, დაღლილები თუ საგონებელში ჩაცვივნულნი. შეშინებილნი იყურებოდნენ ღობის ძირში შემალული ქათმები.

გამოვარდა კედლის იქიდან ჩემი მასწავლებელი, აკანკალებული ხელით ჩააწყო გადახსნილ თოფში ვაზნები, ჩაიპარა ორღობით და ყველაფერი დააზანზარებინა წყვილ გასროლას, მაგრამ ფრინველთაგან არც ერთიარ ჩამოვარდნილა, თითქოს არც შეშფოთებულან, გაშალეს ფართო, გრძელი, ძლიერი ფრთები და თანდათანობით შეერივნენ ბურუსს - რა შეუცნობლობიდანაც მოვიდნენ, ისევ იმ შეუცნობლობაშივე შეიკარგნენ.

მასწავლებელი -ჯანმაგარი, მჭევრმეტყველებით განთქმული კაცი, - მრგვალ საფანტს აბრალებდა, მრგვალმა საფანტმა ვერ გაუარა თივთიკსო. მე კი, ათი წლისას, მცენარეებიდან და ცხოველებიდან ჯერ კიდევსულგაუმიჯნავ ბავშვს, ძალიან მიკვირდა, როგორ ამბობდა ამას: როგორ შეიძლება მოკლა ქვეყნიდან ქვეყნად მოხეტიალე ზამთრისპირის ულამაზესი სევდა!