ანა

***

როგორ ხარ? – ჩუმად იკითხე, (ძველი ნაღველი გშთენია…) დაბნელდა ირგვლივ, მზის სხივი მხოლოდ ბორბალოს ჰფენია… – რა მიშავს? – თვალი მარიდე, დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი.. ჩანს, არ ყოველი წაშლილა, არც… არაგვს მიაქვს ყოველი!

ბეთანიის გზაზე

ასკილი, მოცხარი, მოცვი...

გზადაგზა კუნელიც გვხვდება...

აღარ წვიმს... ლამაზი მხრები

გაშალეს ლამაზმა მთებმა...

მივდივართ, მივდივართ, ცივი

სექტემბრის ქარები ქრიან...

სველ გზებზე წაბლის და იფნის

და მუხის ფოთლების ყრია...

მოვედით სამადლოს ხევთან...

ნისლებში დანთქმულა ისიც...

მე მინდა... სულ ვიყო შენთან,

როგორც ეს მთები და ნისლი!

ასკილი, მოცხარი, მოცვი,

გზადაგზა კუნელიც გვხვდება...

აღარ წვიმს, ლამაზი მხრები

გაშალეს ლამაზმა მთებმა...

***

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,

თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .

ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,

დამტოვა და ღრუბლებს გაყვა ცადა. . .

ღრუბლებს გაყვა. . . სად ვეძებო, სადა?

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,

თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .

***

ასპინძას მიდის მეფე ერეკლე,

თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი...

გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,

საათაბაგოს მტვერი აშალეს...

უკან დატივეს ძველი აწყური –

ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი...

ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო,

არავინაა შენი მომრევი!

მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას,

მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე...

სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო,

ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი;

შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო,

ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!..

გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,

საათაბაგოს მტვერი აშალეს.

***

აქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე

გულთამკოდავი,

მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს

ჭრელი კოდალა...

მზე კაშკაშებს და... გადიშრიალეს

შავთა ღამეთა...

ალაზნის ველზე ნათლის სვეტივით

დგას ალავერდი...

და, როგორც ტყეთა მოუსვენარი

სული, მშფოთავი,

სადღაც ხმაურობს,

სადღაც ქოთქოთებს

ჭრელი კოდალა.

***

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,

შენ ისე ღრა ხარ…

სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა

ვერავინ ნახა:

ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა

და ვერცა სპარსმა…

შენი დიდების მომღერალია

ოშკი და ზარზმა,

ბებერი ტაო…

შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,

ქართულო ცაო…

***

გასრიალდება ხევში ზმორებით

ტანმოხატული უცხო ზოლებით

მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი

ლოცულობს გველი...

ალბათ,ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა,

რომ იდუმალებს,

სევდიან თვალებს

მიაპყრობს ზეცას,

ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით...

გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი

შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი

და შიშის მგვრელი

ლოცულობს გველი...

ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა,

ნაიდუმალებს

როს მზეს აჩვენებს დაწინწკნულ ტანს და

სევდიან თვალებს?

ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით,

ტანმოხატული უცხო ზოლებით

მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი

ხელში დაირით

ველებს დაივლის

და უზუნდარას იცეკვებს გველი...

* * *

როდესაც მზეი თბილი სხივით

მინდვრებს შემოსავს

და ცვარნაპკური შეირხევა

მთაზე მოცხარი,

ნინოს ნათელი დაადგება

საქართველოსა,

ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს

პირჯვარს მოძღვარი...

1945

განუდგა მოგვთა…...

მათი ხსენება წაიღეს დროთა...

ქალაქ განძაკით

მოვიდა მოგვი,

განუდგა მოგვთა,

გვირობანდაკი:

_ცეცხლს ვცეთ თაყვანი,

თუ... ძეს ხორციელს?

აქ იქორწინეს

და ნათესავნი გახდნენ ქართველთა...

ქარს კი ... მოჰქონდა მიწით და ზეცით

ველური შფოთვა...

შეიპყრეს მოგვთა,

თამეთუ... მოგვმან უარყო ცეცხლი...

მოაშთვეს იგი და სხვაც მრავალი,_

არ დასცდათ კვნესაც!

1945

* * *

უხმობს ზენაარსს, ზენაარსს უხმობს

ჯვარზე გაკრული.

არ ჩანს “ღრუბელი მაგრილობელი”,_

ცრემლი აპკუროს...

იღვრება მაღლით “მხურვალებაი

იგი მზისაი”...

მოუდრეკიათ მუხლი ასულთა

სიონისათა,_

შეძრწუნებულნი გლოვად მოსულან.

მთათ ყვეს ღაღადი...

ფრთები გაშალა ანგელოსებრ,

აღგდა თავადი.

1945

* * *

და ცისკარი, ო, ცისკარი

ფრთებს რომ შლიდა,

ანგელოსმა “სპეტაკითა

სამოსლითა”,_

რომ ურხევდა ქარი თმებს და

კაბის კალთებს

უფლის ჩვენის უკვდავება

მოგვახარა,

ამაღლება მოგვახარა

მიწის შვილთა

და გაფრინდა ვარსკვლავების

შარავანდით.

1946

ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,

ცაცხლს აგზნებდა

კაცთა გრძნობის ქონდაქარი...

ზე მიჰქონდა ღრუბლისაკენ, ცეცხლი ქარსა,

ქროდა ქარი...

თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,

ტინად იდგა დედოფალი...

თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,

სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...

ლოცულობდა...

როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:

“არასოდეს!”

დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,

ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,

ცხელი რკინა,

საქართველოს გულს რომ კვეთდა.

რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,

ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...

ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,

ქროდა ქარი...

ცეცხლით სწვავდნენ

ტანშეძარცულ დედოფალსა

უდრეკ იყო დედოფალი!

1946

***

აქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე

გულთამკოდავი,

მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს

ჭრელი კოდალა...

მზე კაშკაშებს და... გადიშრიალეს

შავთა ღამეთა...

ალაზნის ველზე ნათლის სვეტივით

დგას ალავერდი...

და, როგორც ტყეთა მოუსვენარი

სული, მშფოთავი,

სადღაც ხმაურობს,

სადღაც ქოთქოთებს

ჭრელი კოდალა.

* * *

როცა სხივი განსასვენად

ყვავილების თეთრ გვირგვინებს

ეახლება და ყვავილი

საალერსოდ რტოებს გაშლის,

ყრმაი ერთი მიადგება უცხო სნეაკს,

“_რაი გინებს?”

“_ხუცეს, გიწესს, პიტიახში...”

1946

* * *

აჰა, მაცდური აქაც შემომყვა,

დამიხვდა აქაც:

და მოზეიმე ჩამიქრა სული,

ყოველი გაქრა -

მზის ბრწყინვალებაც, ლაჟვარდებისკენ

ქერუბიმთ სწრაფვაც!

ყურში ჩამძახის საუფლო სიტყვებს

და ... ელის პასუხს!

უფალო ჩემო,

ო, მეუფეო,

მოველ შენს სახლსა...

ამა ვნებისთვის?

გულამღვრეული

აქ შემოვსულვარ -

სასოებისთვის!

1984

* * *

მიუსაფრობის, მარტოობის

დარეკეს ზარი

ჩუმ სავანეში დავიწყების

და მწუხარების...

აქ კვლავ იდუმალ ნათლის მოსვლას

აღიარებენ,

ელიან უტყვი მოლოდინით

ელიან კვალად...

მე კი შენ გიხმობ - უზენაესს...

ზენათა შორის,

გიხმობ, რამეთუ...

სასოების დამტოვებს ძალი!

1969

* * *

შემოდგომის ცამ

წამოცრა,

კავკასიონი რუხდება...

ცრემლს,

წმინდა წვიმას ზეციურს

ქვე

ვარდის ღაწვი უხვდება!

1980

* * *

გულს ჩასახული

მყვა ანგელოზი

და სხივთა თოვით

ვიყავ მდიდარი...

ფრთა დამაფარე

შენი მაღალი:

მთოვოს ადგილმან

შენმან წმინდამან

კვლავ, სასოებავ!

ანა

* * *

ფეხი დამადგით,

გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,

წყალობა ჰყავით...

საქართველოის ყოვლის მპყრობელმან

ვისურვე, დავით...

ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი

ყურძნის მტევნებით...

_ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,

მიუტევები?

ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,

რაი გადარდებს?

გასწიე იგი “ნიკოფსიითგან

დარუბანდამდე”...

თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა

ოდით და ოდით?

თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,

რაღა ქნან ცოდვილთ

სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის

ვერსით მპოველთა?

_ფეხი დამადგით, გულზე დამადგით

ფეხი ყოველთა...

1959

***

თოვლი აჭარა-გურიის მთების,

ჩემეულ მთათა...

მცირე წისქვილი გუბაზოულზე,

ჩემს ეზოს კართან...

წყავის ფოთოლი, ნამს რომ ფრთხილად

ინახავს, თრთოლვით...

თოვლი აჭარა-გურიის მთების,

ნისლი და თოვლი.

***

რომ ავყოლოდი გულისთქმას,

ჭკუას არ დავიხმარებდი,

შენთან დავლევდი ჩემს დღეებს,

შენს გულში გავიხარებდი...

ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი,

გზას წისქვილისკენ გავლევდი...

ბატარაც რამე გწყენოდა,

სულს ხოხობივით დავლევდი...

***

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს

ბროწეულებზე:

იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ

ჩვენი გულები...

ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით

დაქანცულები

პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ

ბროწეულები!

მოდიოდა ნინო მთებით

ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,

რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.

ნინო

ლურჯ მწვერვალებს

ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...

და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,

თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა

და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა

და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...

მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა

და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...

თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -

ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?

მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?

მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...

მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა

და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,

ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?

„ნუ გეშინინ!“- მიუგებდა იესო...

გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,

მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?

თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა

და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

1945

***

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,

ქარებს აჰყოლია

და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,

მიწას დაჰკონვია,

ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა

უტყვი გამგონეა…

არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,

ჩემო მაგნოლია!

ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა

ტრფობა გაგვყოლია…

მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,

რაღაც არ მგონია…

მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა

უტყვი გამგონეა…

მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,

ჩემო მაგნოლია?

ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,

შენც ხომ არ გქონია?

დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,

შენც ხომ არ გგონია?

მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების

ტრფობა გაგვყოლია…

როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,

ჩემო მაგნოლია!

***

ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს

სიმშვიდეს ვთხოვდი.

ის იდგა ჩემ წინ - მონუსხული

ვეფხვივით თრთოდა.

ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს

სიხარულს ვთხოვდი...

ხელს მილოკავდა და თვალებით

იმასვე მთხოვდა!

***

თოვლი აჭარა-გურიის მთების,

ჩემეულ მთათა...

მცირე წისქვილი გუბაზოულზე,

ჩემს ეზოს კართან...

წყავის ფოთოლი, ნამს რომ ფრთხილად

ინახავს, თრთოლვით...

თოვლი აჭარა-გურიის მთების,

ნისლი და თოვლი.

ფიტარეთში

ამ ძველ ტაძარში ბეღურები

ისადგურებენ

და თითქმის მუდამ ესწრებიან

წმინდა სერობას...

და როს მხრჩოლავი საცეცხლური

მოაქვს ქერუბიმს,

თვალებ ხუჭავენ შიშისაგან

მათდა უნებურ.

როს ვერცლით სავსე პარკით ხელში

ჯდება იუდა

წმინდა სუფრაზე _ მონა ყოველთა

ამქვეყნიურთა,

ისინი სწყვეტენ ძველ კედლებში

ხმაურს და ჟივჟივს

და... რაღაც დიდის მოლოდინში

კვდებიან შიშით.

ამ ძველ კედლებში ბეღურები

ისადგურებენ და თითქმის მუდამ ესწრებიან

წმინდა სერობას.

1961

* * *

მზის ჩასვლის შემდეგ ვარდისფერ ნისლში

სრულყოფილების ხატის ძიებად

ქარზე უმალეს თვისი ექვსი ფრთით

სწრაფად დაჰრიან სერაფიმები...

და იღიმება მიმტევებლად

ცათა და ხმელთა გვირგვინმკობელი:

ადამიანო, დატოვე რამე,_

სანატრელი და მიუწვდომელი!

1965

* * *

ოშკის მძლე ტაძარო, ათასი წელია,

დგახარ და ღაღადებ...

კვლავ ანთებ ჩირაღდანს, კვლავ მზემდე მაღლდები,

მრავალჭირნახადი!

კვლავ შენი სარკმლებით მაღალი სიბრძნისა

ინთება სინათლე...

კვლავ თავზე ევლება ძველ ქართულ ასოებს

აჩრდილი იმათი,_

მორჭმულთა მამათა_ გიორგის, ექვთიმეს,

ლაზარს, ზოსიმეს...

ათასი წელია, მზესავით გვიბრწყინებ,

შარავანდმოსილო!

1967

* * *

აჰა, დავბრუნდი მწუხარებიდან

და შენს კარებთან განვიგდე ფლასი:

მეგულვის შიგან ცეცხლი დიადი

და ცათა კრთომა იდუმალ დასთა...

ბრწყინავს, ციმციმებს უცხო გვირგვინი,

ადგას ნათელი სამეფო კარვებს...

ვგრძნობ უხილავთა მოახლოებას,

რომელნიც არსად არასდროს წარვლენ...

ნათელს დავბრუნდი მწუხარებიდან...

1972

ილიამ ბრძანა

თუ... კაცის სული...

ყრუ და ბნელია,

გული ბოროტი

გონებას თრგუნავს

საშიში არი

მის ნასწავლობა:

სამშობლოვ ჩემო,

მიიღებ უნასს

და დამანგრეველ

ვულკანის ძალას...

საშიშიაო,

ილიამ ბრძანა!

* * *

დაიწყო ცისკრის

ზარების რეკა...

კვლავ უმაღლესის

ძალთა მხმობელად,

ქართულ ხატთა

შესამკობელად

ჩქარობენ გელათს

ბეშქნ და ბექა.

1946