მასწავლებელი

მისი ბავშვობა 1937 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან დილას დამთავრდა, როცა იგი, სრული ობლობისათვის განწირული, რუსთაველის პროსპექტზე მიჰყავდა მამიდას. რვა წლისამ უკვე იცოდა, რომ ამქვეყნად არსებობს ტანჯვა, ტკივილი, უსამართლობა. მისი შემდგომი ცხოვრებაც შეჭირვებისა და ტკივილის გრძელ ჯაჭვად იქცა. თუმცა ღვთის მადლითა და აღმოსავლური სიბრძნის წყალობით, მან იპოვა ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. მრავალი წელი იგი ყველაზე გასაგები ენით - საკუთარი ცხოვრებით ასწავლიდა ადამიანებს ამ გზაზე სვლას; თვით ყოველგვარ ტკივილთან წილნაყარი სხვებს უმსუბუქებდა სევდას, იმედისა და სიხარულის წუთებს ურიგებდა გარშემო მყოფთ, გულისა და ხელების სითბოს უზიარებდა მათ.

ბატონ ალექსანდრე გვახარიაზე მოგახსენებთ.

იგი ჩვენი მასწავლებელი იყო, უპირველესად, სიკეთის სიყვარულის, ცხოვრების მასწავლებელი (ახლა უკვე - სიკვდილისაც). ვიხსენებთ მასთან გატარებულ წუთებს და ცხადი ხდება, რომ სიტყვებით არ გადმოიცემა მისი სულის სიმდიდრე, მისი სიმაღლისა და თავმდაბლობის იშვიათი ერთიანობა, მისი „მიუწვდომელი უბრალოება“, პროფესიონალიზმის მისეული გაგება. ადამიანები, რომლებიც არ იცნობდნენ მას, ვერასოდეს გაიგებენ, როგორი იყო ბატონი ალექსანდრე. ჩვენს დროში ხომ იგი არავის ჰგავდა.

ერთი კი გვჯერა - როცა ჩვენ-ჩვენი რიგით უკანასკნელი გამოცდის წინაშე აღმოვჩნდებით, ის მაშინ მოვა. მოვა ჩვენი მარადიული მასწავლებელი, კიდევ ერთხელ გაგვითბობს ხელებს და შუქჩამდგარი თვალებით გვეტყვის: ნუ გეშინია, გენაცვალე, სიკვდილი სულაც არ არის ძნელი...

თამთა ფარულავა

2002 წლის სექტემბერი

სიკეთისა და სიყვარულის მასწავლებელი