მურმან ლებანიძე

გალაკტიონს


რომ მოესაჯათ - ვეკითხები პოეტებს ამას -

ჩვენთვის ათ-ათი, და თუ გნებავთ, ოც-ოცი წელი -

- ახლა არ მითხრათ, რომ ვთამაშობ უსაგნო თამაშს,

რომ ოცის მომცემს პოეტებთან არა აქვს ხელი -


- რომ მოესაჯათ - ვთქვათ! სიტყვაზე! დავუშვათ წუთით! -

რომ მოესაჯათ, და რომ ეთქვათ: ”საკნებში ჩადით!”

ხუთით - სახოტბო ხალტურისთვის! ლიქნისთვის - ხუთით!

სულ მუდამ თავის კანტურისთვის - უკლებლივ ათით!


რომ მოესაჯათ, და საკანში შეტანის,მკაცრად,

განურჩეველად თითო წიგნის მოეცათ ნება,

რომ გვეკითხა და ყოველ ღამე, ბეტონის ნაცვლად,

ჩვარში გახვეულ იმავ წიგნზე დაგვედო კეფა,


მაინც რომელ წიგნს აირჩევდით - ცა გაცნაურდეს!

მაინც რომელ წიგნს - იწონოდეს ის წიგნი ტომებს!

რომ გადაშალო - და საკანში ზღვა ახმაურდეს!

მაინც რომელ წიგნს, თქვი მართალი, თუ ძმა ხარ, რომელს?


აქ არ არსებობს, მე მგონია, მეორე აზრი!

ცხრაას ოცდაშვიდს გამოცემულს,უბრალო ყდაში!

თვალები - ორბის! შუბლი - პრინცის! ხაზები - ბასრი!

ჯეკ ლონდონივით შუქი გაგდის მარმარის ყბაში!


“მერი”, ”პროლოგი ასი ლექსის”, ”შინდისის ჭადრებს”,

“ლურჯა ცხენები”, ”მესაფლავე”, ”დროშები ჩქარა”,

“იცვალნენ დრონი…”, ”ეფემერა”, ”ავანთებ კანდელს”,

“უცნაურ ბინდში გუთნეული მიჰყვება ჭალას…”


ო, გალაკტიონ! ზღვებს, სივრცეებს, ეპოქებს იტევ!

ციხეში არ ვარ - შენი წიგნი სასთუმლად მიდევს…

დავხედავ პორტრეტს - შუბლს პრინცისას, მოცარტის თითებს,

გადავშლი წიგნს და ყურს მივუგდებ სამოთხის ჩიტებს…




* * *


ყოველთვის, როცა ამ ბეჩავ ქვიტკირს

ვათვალიერებ (მეასედ თითქმის!).

არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა,

და უძლური ხარ წინაშე კითხვის:


თუ უფლის ნება არ გაჩნდა ზოგში,

რა გამოარჩევს კაცს კაცთა ჯოგში,

და რამ დაწერა ის, რაც არ გჯერა

რომ დაიწერა ამ ჯურღმულ ქოხში?!


რამ, რამ აქცია კელაპტრად — კვარი,

უბრალო ქუჩი — მართლა ყვავილად?!

რაზიკაშვილის საწყალი გვარი

სახელთან ლუკა — ვაჟა-ფშაველად?!




მკვდრები 

არდავიწყების მწვანე კონცხთან ამოდის გემი

ზღვის უფსკრულიდან;  მისცემიან გემბანზე ფიქრებს.

მიცვალებულებს ალამაზებს ოცნება ჩემი -

ბევრი მათგანი ქუდს მიხდის და ცხვირსახოცს მიქნევს.

 

აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,

გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.

 

ხოლო ცოცხლები ჩემს ნაპირზე, ჩემ გვერდით დგანან;

მგონია, ვდგავარ ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;

ხელს ვართმევ ცოცხლებს, მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში დგანან

და კარგად ვიცი, რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.

 

-წინ! ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-

ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.

 

ხომ არ დაბერდა. ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,

რომ, რაც დრო გადის, უხორცობის წყურვილით ვთვრები,

რომ მპირდებიან სამუდამო ტაძარში ქორწილს

და მეძახიან, მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!

 

რა არის წლები, ეპოქები რა არის ხშირად, -

მოწამებრივი, ხორციელი ცხოვრების შემდეგ

უსაზღვროების თუ იქცევი წილად და შვილად

და წარიშლება შენთვის ზღვარი და სიტყვა „შესდექ!“

 

ჩუ, ეს ვინ გალობს? მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -

კრთის და ფრთხიალებს უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.

იქ არა ერთის შარავანდი ფრიალებს ლამპრად,

იქ რუსთველია წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.

 

იქ, წინაპრებთან, ჩემი დროის შვილებიც ჩანან.

მკერდბუმბერაზი ეს ვინ დადგა მამების გვერდით?

ოჰ, რა ღირსებით, რა ლომური ჭაღარით დგანან

და რა ურყევი ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!

 

აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,

გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.

ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,

მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.

 

-მაშ, ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-

ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...

და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს

გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.

* * * 

მეტეხის კლდეში სწერია

ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე:

_ რა უფრო მშვენიერია:

დიაცი _ უბემჩინარე,

თმადათოვლილი მოხუცი,

ჩვილი _ აკვნიდან მცინარე,

ვაჟკაცი _ ომში გასული,

მამულისათვის მძვინვარე,

თუ უკვე შუბლგაჩეხილი _

გაუღვიძებლად მძინარე?!.

 

რუდაქი იტყვის..

პოეტზე იტყვის;- ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის, 

რუდაქი იტყვის, სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის; შორიდან სალმით შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი - 

კაცია ისიც - მაგრამ მაინც ქვეითად გასწი.  

არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი, -

 არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!  

ვთქვათ, გაწყრა ღმერთი, ქარაშოტმა დაბერა ავმა. მიემსხვრა მეჩეჩს, ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა, 

იტყვიან ერთნი: „აეკიდა ხელმწიფეს გზაში, 

ვერ უვაზირა - ვაზირობა იცოდა ნავსი!“ 

იტყვიან სხვანი: „უყვარდაო ლიქნი და ტაში!“

 შენ დაგბრალდება _ ჩავარდები დუნიის ყბაში... 

 არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _ 

არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში! 

 ხოლო თუ დაცხრა, ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს, ნავმა მშვიდობით მიაღწია დიდების ყურეს, 

დიდებას დიადს, არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,

 ხელმწიფის ჩრდილში მოგიხდება დადგომა პოეტს...

 კვარცხლბეკზე მდგარიც და ქარიშხლით წყალწაღებულიც

 - ასეც და ისეც ხალხის თვალში ხარ წაგებული! 

მაშ გასწი ფეხით! პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!

 სვი ხალხის ღვინო - ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი!.. 

 არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _

 არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!


აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს

აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს _ 

ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის... 

და მე ვყვირი: _ ჩემს სისხლს დალევს უწინამც! 

და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი! 

როსმე `არგო” (სხვა ხომალდი გუშინაც!) 

მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით... 

და მე ვყვირი: _ მკვდარსა მნახვენ უწინამც! 

და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი! 

ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს _ 

არაერთის ზედ მიემსხვრა გემი... 

და მე ვყვირი: _ ოხ, უწინამც! უწინამც! 

და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი!