გალაკტიონი

* * *

აცივდა.. მალე მოვა ზამთარი.

ტყე სდგას ლანდივით გარინდებული,

უკვე არ დაჰქრის ხევებში ქარი,

უსახლკარო და მიუსაფარი;

განელდა ცეცხლი, ჩაჰქრა ლამპარი

საგაზაფხულო ალით ნთებული.

მალე დასცვივა თოვლი ლურჯ ციაგს,

მალე დაიწყებს კვნესას ავდარი

და ააჩქარებს ფოთლების ტრიალს;

ეხლაც კი მთების იდუმალ ნიავს

მჭკნარი რტოები საფლავში მიაქვს...

მოდის ზამთარი, მოდის ზამთარი!

შემოდგომის ფრაგმენტებიდან

ჩამოყვითლდა, გაიცრიცა ბაღი, აღარ არის ყვავილების თაღი,

ატივტივდა ფერდობებზე ნისლი, ველად ყვირის ხარირემი ლაღი.

დაიჭექა სადღაც თოფმა რისხვით, ხრიოკიდან წამოვიდა სისხლი.

აღარ ჰყვირის ხარირემი ლაღი. ატივტივდა ფერდობებზე ნისლი.

სანთლები

შორს, ზურმუხტისფერ სივრცის იქით, სანთლები სჩანდა,

დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.

ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა _

ტალღებმა შექმნეს ვაი-ვიში, აურზაური...

და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა.

მას აქეთია იალქანი ზღვაზე მიფრინავს,

მისთვის ერთია, სად დახუჭავს ოცნება თვალებს,

მოუწვდომელი სანთლები კი ბრწყინავს და ბრწყინავს...

როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს!

მშობლიური ეფემერა

ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,

ზამთარს ბილიკი დაუტანია...

,,დიდი ხანია?'' - მივმართავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: ,,დიდი ხანია!''

შეხავსებია კლდეები კლდეებს,

იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.

,,ამირანია?” - მივმართავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!''

ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,

ის გული ისევ ჩემი გულია...

,,დაკარგულია?'' - მივმართავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: ,,დაკარგულია!''

გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,

მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...

ფერების ჭევრი ირევა ბევრი,

ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.

ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით

და ცა ალუბლით სავსეა... კმარა,

ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,

დარიალიდან ზარავდა ზარა.

სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად,

შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,

მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს,

იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!

შეხავსებია კლდეები კლდეებს,

იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.

,,ამირანია?'' - კვლავ ვკითხავ ტყეებს

და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!''

ოთხი დრო

დროო, როგორ თრთის

შენი წამწამი,

კაცი თავს გადგას

მუდამ სამ-სამი,

არა ერთფერი.

შენ აგაყვავა

პირველმა სამმა,

შენ გაზაფხულის

გფარავდა გამმა

და ყვავილთ მტვერი.

შემდეგ მოვიდა

მეორე სამი,

ზაფხულის ბაღად

აქცია წამი

გაზაფხულისა.

მესამე სამმა

შეჰკრა, მოჰკონა

ველთა ათასი

ძნა ტონა-ტონად

შვება გულისა.

მაგრამ მოვარდა

მეოთხე სამი

მრისხანე რისხვის

წამოსასხამით,

დაისადგურა.

მთებს შთაუბერა

სული სხვაფერი,

კვლავ შეუბერა

და ყველაფერი

გაანადგურა.

მაგრამ ხომ მოვა

პირველი სამი,

გამოაცოცხლებს

ყვავილებს ნამი

ციური კალთის,

განვლილი ჭირი

უჩნდეს არაფრად,

გაიფრიალებს

ცისფერი აფრა

ლამაზ ხომალდის!

ის

ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა

გადააქსოვა სარკის მწვანე ბროლს,

სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა

და დაათოვა სურათებს, საწოლს.

მე დამავიწყდა ძველი წვალება

და ვალალება გრძნობათ დამხობის,

და მახსოვს მხოლოდ ცისფერთვალება

იდუმალება შორეულ ტრფობის.

მომიახლოვდი, ვით მთვარის შუქი,

მითხარ, მაჩუქე ოცნებათ კრება.

უჩინრად ჩნდება ვნებათ ქარბუქი...

ეს მართლა ხდება თუ მესიზმრება?

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების,

დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით;

უნაზესი ისმის ხმა საკრავების

ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით.

მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა.

იბინდება, იბინდება მთაწმინდა.

აჰ, ეგ თმები, ჩემს სახეს რომ ეხება,

შუქმა კარგი მოგონებით შეღება.

იყო ომი, იყო ცეცხლის დროება,

ლოდინია ახლა და მყუდროება.

ციდან მთებზე ეშვებიან კრავები,

დაღალული წყდება ხმა საკრავების.