ოთარ ჭილაძე

ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს ..

ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს და მავთულები ნაცრისფერ ცაში იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს, სახლში ცხოვრობენ, შრომობენ, უყვართ და ნებდებიან საყვარელ ხელებს და ახარჯავენ ერთმანეთს უხვად მას, რაც ისედაც გაქრება მერე. და სურვილებიც ჩნდებიან ისევ და ძველ სურვილებს აგლეჯენ ღვედებს, და აღარ თვლიან სიცოცხლის ღირსად და სულის მაღალ კედელებთან ხვრეტენ. მაგრამ ზამთარში ღამდება ადრე და ღამე შუბლით აწვება კარებს, გარეთ კი ამტვრევს პროსპექტის ჭადრებს იანვრის ქარი... და ცივა გარეთ. და მავთულებიც რაღაცას გრძნობენ, რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს, და ნუგეშივით უსმენენ შოპენს, დაჭიმულები ნაცრისფერ ცაში

ძალიან მალე იცლება ჭიქა ..

ძალიან მალე იცლება ჭიქა ძალიან მალე იღლება თვალი ძალიან მალე,ძალიან მალე იცვლება აზრი,იშლება კვალი. მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე, ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო ვერ მოვუშალე იმედს სათავე. და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე ვით ციხე მტრებით გარემოცული... თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.

* * *

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,

გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,

ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,

დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,

როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,

და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე

შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

1982

* * *

შენს ნათელ შუბლს ბოლო ტყვია

დაახალეს წიწამურთან.

შენ არავის არ უნდიხარ,

ყველას შენი მიწა უნდა.

ჯერ ბევრი გყავს მეგობარი _

შენთვის შენი სისხლის მღვრელი.

წამოდექი, სანამ დროა!

გამოიღე დროზე ხელი!

1988

* * *

ასე არასდროს არ მყვარებია

შენი მშიშარა სხეულის სითბო -

თითქოს პირველად შეგახე ხელი,

უკანასკნელად გიყურებ თითქოს.

ტყუპისცალივით ხარ ახლობელი

და, ამავე დროს უცხო სრულიად...

ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,

ანდა - ეს უკვე აღსასრულია!

1958

* * *

მე სისხლს მიჩქარებს და თავბრუს მახვევს

ეს დიდებული ჯვარი და მხცეთა.

თითქოს პირველად ვიგებ შენს სახელს.

ან ვეთხოვები საყვარელ ცხედარს.

მეც მცემს ამ მთებზე გამსკდარი სეტყვა,

ჩემზეც გადმოდის ამ ცის სიფითრე,

მათი ბრალია, რამეს თუ გეტყვი,

ანდა არ გეტყვი, მაგრამ ვიფიქრებ.

1958

* * *

დღე ამთავრებდა თავის თავს წყნარად.

მტკვარგაღმა თეთრი სახლები თრთოდნენ.

ჩიტები დუმდნენ და თითქოს ქარი

ჩიტების თხოვნით არწევდა ტოტებს.

დღე ამთავრებდა თავის თავს წყნარად.

მზის ცხელი სისხლით იბანდა ხელებს

და მიდენიდა ვით მწყემსი ფარას,

უეცრად ჩამქრალ ხმებსა და ფერებს.

წარწერა ეგზიუპერის წიგნზე

გათავდა! უკვე ახლოა სახლი,

სადაც სინაზით სუნთქავს აგურიც

და სადაც ცოლი, ძლიერს და დაღლილს,

უჩუმრად გიცდის, ვით ნავსადგური.

და თუკი გიცდის, იმედიც გქონდეს_

ვისაც უცდიან, მას ღმერთი იცავს,

რომ დაუბრუნდეს მიწიერ ცოდვებს

კაცი, რომელიც სჭირდება მიწას.

* * *

აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,

ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი...

ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,

ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება ჭავლივით.

არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,

თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი

და ვერ ჩავლილი მაინც აქამდის.

გზა კი იგივე რჩება მიზნამდი

და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:

ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,

თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში...

თბილისი

მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი

და ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.

დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში

და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.

დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,

რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც.

არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,

არ დაივიწყო ერც ერთი წუთით.

* * *

დაუკრეჭია კბილები ყინვას.

ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის...

იქნება ჩემმა ფეხის ხმამ ვინმეს

მეგობარივით მიუსწროს ბნელში.

იქნება სულზე მიუსწროს ვინმეს,

იმედად, შვებად ჩაუდგეს მკერდში.

დაუკრეჭია კბილები ყინვას,

ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის.

* * *

ვშორდებით, ყოველ წუთას ვშორდებით...

და აკრძალული სევდის ტოტებით

ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს.

თუმცა არ შერჩა აზრი არაფერს,

არც ერთგულებას და არც მოლოდინს,

რადგან გმირებად დავრჩით ბოლომდის

და ვერც შევატყვეთ, რომ გვექცა მხარი,

რომ სული ვგვემეთ და არა ლეში

და ის სისუსტე ჩავკალით ჩვენში,

რითაც ძლიერი იყო და არის

ადამიანი ...

1976

ზამთრის პირველი დღე

უკვე ყველანი ვუცდიდით ზამთარს:

ფოთლები გაქრნენ, ხოლო ჩიტებმა

კვლავ გადალახეს მისჯილი ცხრა მთა,

ბუნების გულის დასამშვიდებლად.

ყველანი ცქერად იყვნენ ქცეულნი,

თითქოს შეცვლიდა რამეს ზამთარი,

ან თითქოს მისი მძიმე სხეული

არ იყო ჩვენი გადასატანი.

მეც იქ ვიყავი, მაგრამ ვერაფრით

ვერ მოვუნახე აზრი მოლოდინს,

თუმცა ყველაზე მეტად ვღელავდი

და შეთქმულივით ვდუმდი ბოლომდის.

ხოლო სათქმელი, ცხოველის მსგავსად,

ბორგავდა სულში და მოითხოვდა

გამომჟღავნებას და ხალხში გავლას,

ანუ ყინვაში გასვლას სითბოდან.

მაგრამ მე უცებ ვიგრძენი ნათლად

განუსაზღვრელი ძალა წერტილის,

და ალბათ მაშინ გადაწყდა მართლა,

რაც კი მეგონა გადაწყვეტილი.

მერე კი დადგა აღთქმული წამი,

ყველასგან უკვე ბევრჯერ ხილული:

ძლივს აითრია ფეხები ღამემ

და აბრჭყვიალდა მზეზე ყინული.

1966

***

მატარებელი წარსულს გამოსცდა,

ჩაქრნენ ქარები, დამშვიდდნენ ზღვები.

გადავრჩი, მაგრამ ნელ-ნელა ვკვდები...

ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდა,

რაც ძილში ვერ ვთქვი, ცხადში წამომცდა,

ჩემს ჩასაქოლად მზად ჰქონდათ ქვები,

უკვე გვირაბი მომდევდა ყეფით,

მაგრამ გადავრჩი განგების ნებით,

და ახლა ჩემთვის ნელ-ნელა ვკვდები...

მატარებელი წარსულს გამოსცდა!

ო. ჭ.

2000 წ.

***

რომ დაინახო და გაგიხარდეს,

რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს.

რაღაცა მაინც უნდა გჯეროდეს,

ნაძალადევად რომ არ მღეროდე.

ტყუილუბრალოდ რომ არ იღვწოდე,

რაღაცა მაინც უნდა იცოდე.

რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს,

რომ არ დანებდე მტერს არასოდეს.

* *

გიახლოვდები და ვეღარ ვმალავ

ჩემს აღტაცებას... და ყოველ წამში

მიზიდულობის იზრდება ძალა...

და რა აზრი აქვს, რომელი დაგვშლის:

ბუნებისა თუ კაცის გენია...

ყველა განვლილი წამი ჩვენია!

შემოდგომის პირველი დღე

დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,

სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,

გაგვახსენდება მთელი სიცხადით,

რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით.

წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,

რაც არ მოგვწონდა ანდა მოგვწონდა,

რასაც ვეძებდით ანდა ვკარგავდით

და რასაც ვგავდით ანდა არ ვგავდით.

მე მეშინია იმ ერთი წამის,

იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,

მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,

ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის…

* * *

დღეს სხვანაირი მზე იკბინება,

დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე...

და როიალი თეთრი კბილებით

შეჭმას უპირებს შენს ლამაზ თითებს.

თურმე დახშული მქონია ყური

და გული ჩუმი, ვით კურდღლის სორო,

თურმე ვითმენდი უამრავ სურვილს

და ვერთობოდი ფიქრებით მხოლოდ.

მაგრამ - გათავდა! ღმერთმა ინება,

რომ მეც ამ ქვეყნად ჩემს ყანას ვმკიდე...

დღეს სხვანაირი მზე იკბინება,

დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე.

* * *

ბოლოს და ბოლოს დამთავრდა, გაქრა

უაზრო ღელვაც, შიშიც, ეჭვებიც...

ბევრი დავკარგე, ბევრს ვკარგავ, მაგრამ

ბნელ უფსკრულებში ცქერას ვეჩვევი.

მე მირჩევნია ვზიდო ხუნდები,

ვიდრე ვიცხოვრო ვიღაცის ნებით.

მე ის მსურს - ჩემთვის რაც შეშურდებათ,

ანდა - ტკივილით დათმობენ სხვები.

* * *

გზა მიდის მთებში: თეთრი და მრუდე...

და გზას კივილით მისდევს იელი.

მე შენთვის მხოლოდ სიკეთე მსურდა

და ამ სურვილით ვიყავ ძლიერი.

მაგრამ ეს წუთი არაფრით არ ჰგავს

შენს მოლოდინში გაფრენილ წუთებს.

გზა მიდის მთებში და ჩრდილებს კარგავს

და მიდის მთებში: თეთრი და მრუდე.

* * *

ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი

და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს:

ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,

სახლი, რომელიც გადავიყვარეთ.

სამაგიეროდ... სამაგიეროდ,

ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს...

შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,

საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი.

სიყვარულის მდინარე

აღარ დამაცდის, მოვითქვა სული

ან მოვიმაგრო ფეხი მიწაზე

და ვიდრე პეშვით მოვიკლავ წყურვილს,

ამატივტივებს და გამიტაცებს.

დამედევნება წივილით ქარი,

გამებლანდება ფეხებში ჩქერი,

დამეკარგება ფიქრი და კვალი,

ამიჭრელდება თვალი და ჭერი.

ბოლოს თევზივით შევრჩები რიყეს,

დალეწილი და დაღლილი ძლიერ,

თითქოს მშფოთვარე სიზმარი იყო

და აუხდენელ ოცნებას ვსდიე...

და აი, ბოლოს რიყეზე დავრჩი

და ვგრძნობ როგორი უმწეო ვიყავ,

როგორც ქალაქში სოფლელი ბავშვი,

როგორც მძერწავის თითებში თიხა.

მაგრამ ამ ქროლვას დღემდე ვიგონებ,

ქვის მოთმინებით ვიცდი და ვიცი,

რომ თუკი ისევ ჩამოიქროლებს,

მეც ერთი ტალღა გავხდები მისი.

* * *

აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები!

უკვე მესამედ ყივის მამალი

და ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები,

შენგან წასული და ბრმად მავალი.

ფეხქვეშ ჩხრიალებს წყვდიადის ხრეში,

გზა არსაიდან არსაით მიდის.

და აღარც შენ ხარ ჩემს ირგვლივ, ჩემში -

მცენარესავით ჩუმი და მშვიდი.

ყივილით ებრძვის წყვდიადს მამალი,

რადგან კვლავ სჯერა ამ კეთილ ფრინველს,

რომ გარდაცვლილსაც აქვს მომავალი,

გამხსენებელი თუ რჩება ვინმე.

მეც კვლავ მივდივარ, კვლავ მადგას თავზე

ვერაგი ღმერთი მძაფრი განცდების.

და ვივლი, ვივლი... სულ ვივლი ასე,

სანამ საკუთარ თავსაც გავცდები.

* * *

რაც დასახარჯი არსებობს– ვხარჯავ,

რაც სანახავი არსებობს–ვნახე.

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,

კანდაშაშრული მზით და მარილით,

ვერ მივაჭედე სულს სახელური,

რომ გამოაღოს ყველამ კარივით

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,

ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე,

არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი

მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,

თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

* * *

მთელი წელია, რაც მე ვწევარ ამ კალაპოტში

მდინარის ნაცვლად. მთელი წლია!

მიწის ლაჯებში მოფართხალე წყალი ჰგონიათ

ჩემი სიცოცხლე. მთელი წელია!

ცას და ქვეყანას, როგორც ხიდზე მიმავალ გოგოს,

სუნთქვაშეკრული ამოვყურებ. მთელი წელია!

მთელი წელია, მოლოდინის ხორკლიან კედელს

ნასროლ ბოთლივით ზედ ვემსხვრევი. მთელი წელია!

მთელი წელია, შეეზარდა თმა წყალმცენარეს,

სხეული - ლოდებს, თვალი - სივრცეს. მთელი წელია!

მოდი ფეხები ჩამოყავი ჩემს გრილ ზვირთებში,

პირზე შემისხი, მდინარე ვარ, მთელი წელია!

გული კი ფეთქავს, ვით აბგაში ცოცხალი მწყერი,

ანდა საათი ბალიშის ქვეშ... მთელი წელია!

* * *

დე, მოსახდენი მოხდეს! ახია!

ეს გრძნობა ჩემზე ბევრად დიდია...

აქ სადღაც ახლოს შენი სახლია_

ზედ ელდის დიდი ზარი ჰკიდია.

თუ ფიქრობ... თუმცა რა საჭიროა,

ესეც ზერელე საუბარია...

მე კვლავ გამეხსნა ძველი ჭრილობა

და ყველაფერი იმის ბრალია.