სახატეები

რევაზ ინანიშვილი

სახატეები

ცამეტი წლისა თებერვლის ცივ დღეებში ჩვენს პატარა ქოხში გულაღმა მწოლიარე ვკვდებოდი. ჯერ ყურები მტკიოდა, ყურები და თავი. საზარელი იყო ეს ტკივილი, თითქოს გამდნარი ლითონი მქონდა ჩასხმული ყურებს შორის. მერე ტკივილი რარაც ცხელმავე გაბუჟებამ შეცვალა. ყურებიდანაც ცველი სისხლი მდიოდა, ცხვირიდანაც. ამაოდ შემოჰქონდათ ტილოში გახვეული ყინულები და მადებდნენ შუბლზე. ყინული დნებოდა და მევენებოდა, რომ მისი წვეთებიც სისხლად ჩამომდიოდა სახეზე. თვალებს რომ ავახელდი, ყველაფერი წითლად მეჩვენებოდა, ყველაფერი წითელ წყალში დალივლივებდა - ჭერიც, დედაც, ბებიაც, ჩემი შემკრთალი და-ძმაც. დედას უკვე ქანცი ჰქონდა გაწყვეტილი, კარგად ვეღარ მადებდა ყინულებს შუბლზე. ბებია ეხმარებოდა. რა დაგემართა ქალოო!- ერთმანეთს უწყრებოდნენ აკანკალებულები.

მე ვიცოდი, რომ ვკვდებოდაი, საბანს ვეღარ ვიტანდი. მეგონა, რომ იქიდან ამომე[არებოდა სიკვდილი - სველი, კიდურების მწებავი აბლაბუდა. შეშინებული უბნის ექიმი ეზოში ვეღარ ბედავდა შემოსვლას, ალაყაფიდან ეკითხებოდა თურმე მეზობლებს, ის ბავშვი როგორ არისო, - და რომ გაოგებდა, როგორც ვიყავი, - პროფესორი მოუყვანონო, პროფესორიო, - და გარბოდა. პროფესორი კი ვერ მოჰყავდათ დედას და ბებიას. პროფესორს ბევრი ფული სჭირდებოდა. ფულს კი იმ ვაშლისთვის ძლივს სესხულობდნენ, ჩემვის რომ ყიდულობდნენ. ღმერთო, რა ვაშლი იყო! უბრალო, მომწვანო, წვრილი, მაგრამ ძალიან წვნიანი, ცივი. მხოლოდ ვაშლს თუ შევჭამდი, იმასაც გაფცქვნილს, იმასაც ერთს ან ორს...

წელი იდგა ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი.

სანამ ავად გავხდებოდი, სკოლის დერეფანში დირექტორის მოადგილემ შემაჩერა, წამჭიდა თმაში ხელი და მკითხა, - ბავშვო, თმას რატომ არ იკრეჭავ? მე გავვარვარდი, გულმა თრთოლა დამიწყო. ბებიაც ამბობდა და დედაც, რომ დიდი თმა მქონდა, ყურებზე გადმოფარჩხული, მაგრამ დალაქთან წასასვლელ მანეთს ვერ მაძლევდნენ, - ორშაბათს აღარ მოხვიდე ასე გაბურძგნულიო, - დირექტორის მოადგილემ, კეთილმა კაცმა, და წავიდა. ბავშვებმაც გაიგონეს მისი სიტყვები. ახლა იმათ ყველას დაცინვით უბრწყინავდათ თვალები. ეს იყო შაბათს. შინ არ გამიმხელია დირექტორის მოადგილის გაფრთხილება. ვიცოდი, პურიც ძლივს ვიყიდეთ იმ დღეს. კვირას კი ავად გავხდი. ორშაბათს ვეღარ წავედი სკოლაში. ვერც იმ ირშაბათს, ვეღარც მომდევნოს. მომდევნო ორშაბათს უკვე ვკვდებოდი, ვეღარაფრით მიწყვეტდნენ სისხლს. და მით უფრო მეცოდებოდა ჩემი თავი, რომ თმაშეუკრეჭავი ვკვდებოდი. ისიც კი მეჩვენებოდა, რომ ამ თმის ბრალი იყო ყველაფერი, ის იმოდენა თმა მიხურებდა თავს, მაგრამ ამაზეც ხმას არ ვიღებდი. ახლა ბევრიც რომ გვქონოდა ფული, როგორღა წამიყვანდნენ დალაქთან. ან რაღა საჭირო იყო. მაინც ვკვდებოდი. წამომივიდოდა ცრემლი, თმაც სველი მქონდა, დალტობილი, და იმ სისველეში, სიმხურვალეში ვკვდებოდი უკვე ძვლებად ქცეული.

მაგრამ აი, ერთ დღეს წამომსვეს. ცხვირი და ყურები ბამბებით მქონდა გამოტენილი. მომიტანა თვალებთან თმის საკრეჭი მანქანა ახლაგაზრდა ბიჭმა, - კრიჭი-კრიჭიო, - თქვა გაცინებულმა და მანქანა შუბლზე დამადო. რაღაც ფაქურს ვგრძნობდი ჩემს მაღლა, თავზეც თითქოს ცივი ჭიანჭველები მკბენდნენ, და როცა დამაწვინეს, პირველად ვიგრძენი კეფით, რომ ბალიში ცივი იყო, ცივი და სასიამოვნოდ სუფთა. იმდენად ცივი და სასიამოვნოდ სუფთა, რომ გამეღიმა.

-გაიცინე, გაიცინე, გენაცვალე!- მომაძახეს დედამ და ბებიამ, და მე ისევ გამეღიმა.ნელ-ნელა წითელი ბურუსიც გათხელდა. სარკეში ჩამახედეთ-მეთქი. სასწრაფოდ მომიტანეს სარკე. ცხვირი გაბუშტული მქონდა, ზედა ტუჩი წითელი. თავი კი - დიდი, მრგვალი, ლურჯად გადაპრიალებული, თითქოს სხვისი.

ღამით კიდე სიზმარი ვნახე - ამიყვანა ფაფუკხლებიანმა დიდმა თეთრწვერა მოხუცმა მსუბუქად, მსუბუქად და გადამაწოდა წყალგაღმა გაჩერებულ დედას. დედას გაუჭირდა, მაგრამ მაინც დამიჭირა. დედასაც ცივი და სასიამოვნოდ სუფთა ჰქონდა მხარი; თან უკვე წითლიდან ცისფერში გადადიოდა წყალიც, წლის ნაპირებიც, დედაც, და რაღაც დიდი ჩიტებიც. დილით თვალი რომ გავახილე და ჩამოღუშული დავინახე ჩვენი პატარა ოთახი, ტირილი დავიწყე, ტირილზე სისხლიც წამსკდა, დედამ ჩემს საწოლთან დაიჩოქა, იმასაც ცრემლები ჩამოსდიოდა, მოგვეხვივნენ მეზობელი ქალები.

და აი, ამ ჩოჩქოლში გაიღო კარი - მონინი მოვიდა, მონინიო! მოვიდა მონინი, პატარა წვერიანი კაცი. მოიხადა კრაველის ქუდი, პორტფელიდან ამოიღო პაწაწინა ქილა, შიგ რაღაც წითელი მალამო იდო. ესაო შორეული აღმოსავლეთიდან არის ჩამოტაილიო, ამან უნდა უშველოსო, - გამაგრდი ახლაო, არ დააცემინოო, ამოავლო ყვითლად დასველებული ბინტები იმ მალამოში და დაიწყო იმ ბინტის ჩემს ნესტოებში შეკეცვა. გამომიწერა დასალევი წამლებიც.

მეორე დღეს ის სიზმარი მოვყევი - თეთრმა მოხუცმა რომ გადამაწოდა დედას წყალგაღმა. მესამე დღეს უკვე აშკარად შემიწყდა სისხლის დენა. ერთი კვირის შემდეგ კი ფეხზეც წამოვდექი და შუშიან კართან მივედი. ღამით თოვლი მოსულიყო. ახლა კი მზეზე ბრჭყვილაბდა და წკრიალ-წკრიალით დნებოდა ის სპეტაკი თოვლი. საბანმოხურული ვიდექი კართან და აღარ მინდოდა იქინდა წამოსვლა . მეზობლის თუთაზე საყვარელი ჭრელ სკვინჩა გალობდა...დალაქი მოეყვანა ჩვენი სახლის პატრონის შვილს, სულ თავშეკავებულ , მაღალ წარმოსადეგ სამსახრის კაცს, მონინი- მამიდას ქმარს, ეტლით. უუ, რამდენი წელიწადია გასული მას შემდეგ! ვხედავ, რომ ცხოვრება არის მძიმე, აჩონჩხილ-დაჩონჩხილი, ნერვიული, ტკივილებიანი, მაგრამ კეფით იმასაც ვგრძნობ, რომ უკან მაინც არის რაღაც სახატეებივით მყუდრო ადგილები. ერთ-ერთი ასეთი სახატედან ერთად იყურებიან ჩვენი სახლის პატრონის სულ თავშეკავებული ვაჟი, მოცინარი ახალგაზრდა დალაქი, მონინი, თავისი მოკლე წვერით, სათვალით, კრაველის ქუდით, და მამიდაჩემის ქმარი - კეთილი მშვიდი დურგალი, შალაშინით დახრილი დაზგაზე. მათ თავს წამოსდგომია დიდი თეთრწვერა მოხუცი, დედას რომ გადამაწოდა ფაფუკი ხელებით წყალგაღმა...

ადამიანური სულის ძალა, ალბათ, აქედან მოედინება, ამგვარი სახატეებიდან. ყველაფერს ხომ აქვს თავისი სათავე, შორი, შორი, მიბუნდოვანებული.