რაინერ მარია რილკე

***

დღისით შენ ოდნავ ისმინები, თუმც შენი ლტოლვა

მაინც იგრძნობა, ყველას ირგვლივ ჩუმად საუბრობ;

შენ ხარ საათის რეკვის შემდეგ დუმილის თრთოლვა,

თანდათანობით რომ იხშობა უფრო და უფრო.

და რამდენადაც უფრო მეტად დაეუფლება

დღეს დაღლილობა და ღამეში მიწვება რწევით,

ღმერთო, მით უფრო გაიზრდება შენი სუფევა

და სახლებიდან, როგორც კვამლი, ამოვა ზევით.

მარტოობა

წვიმად ჩამოდის მარტოობა. წვიმაა იგი.

ზღვიდან მოიწევს, ეგებება საღამოს ბინდებს,

უკაცრიელი ველებიდან ზეცისკენ მიდის

(სავსეა დიდი მარტოობით ზეცა ყოველთვის)

და მოიღვრება, ქალაქს ასე ციდან მოელტვის.

როცა დილისკენ მიიქცევა ქუჩაბანდები,

წყვილთა საათებს იგი წვიმად დაედინება

და სხეულები, ერთმანეთი რომ ვერ გაათბეს,

კვლავ იყრებიან, მიაქვთ სევდა და გაწბილება...

და როცა ორს სძულს ერთმანეთი ჩუმად, მძვინვარედ

და მაინც ღამით ერთ სარეცელს ინაწილებენ,

მაშინ დიდდება მარტოობა უკვე მდინარედ...

თარგმანი ლია ჯაყელისა

* * *

მე ახლა ვცხოვრობ, საუკუნე როცა ილევა,

იგრძნობა ქარი - გადიშალა დიდი ფურცელი,

ზედ აღნუსხული მთელი ჩვენი გამოცდილება

მსწრაფლ გადაშალა ხელმა თითქოს გამოუცდელის.

თეთრად ქათქათებს სუფთა გვერდი: ახლა დილემას

მოელის იგი ასე მშვიდი და ნირუცვლელი -

სიავის ძალა უკვე კეთილ მორჩს ეცილება

და კიდევ ერთხელ მოწმდებიან მათი ფუძენი.

თარგმანი გიორგი ნიშნიანიძისა

მარტოსული

შორეულ ზღვიდან, თითქოს მოვხვდი უცხო ნაპირთან,

უცხო ვარ თქვენთვის, თქვენ არ იცნობთ ჩემს ძვირფას შორეთს,

თქვენს მაგიდებთან გადის მსუყე ცხოვრება მდორედ,

მე კი შორეთი სხვა სიმბოლოს, სხვა ცას დამპირდა.

ჰგავს უკაცრიელ და უდაბურ ღამეულ მნათობს

სამყარო, ჩემში რომ შემოდის მარად კითხვებად,

თქვენ არც ერთ გრძნობას არ ტოვებთ მარტოდ,

მყისვე გარდაქმნით გრძნობებს სიტყვებად.

ჩემი საგნები მომყვენიან იმ სამყაროდან,

გარეთ გახედვა იშვიათად თუ მოუნდებათ,

დიდ სამშობლოში, ვით ნადირნი, ისე ხარობენ,

სირცხვილისაგან ახლა სული რომ ეხუთებათ.

თარგმანი გივი ალხაზიშვილისა

* * *

შენ ხარ მერმისი, ცისკარი და დიდი აისი

მარადისობის; და შენ მამლის ხმობად გაისმი

დროის ღამეში და მქრქალდება ის ფერმიხდილი.

შენ ხარ ქალწული, ცვარი, ლოცვა უზენაესი,

უცხო ვიღაც ხარ. დედა ხარ და შენ ხარ სიკვდილი.

სახე ხარ, მარად შენივ სახის გარდამსახველი

და მარტოდმარტოს არად გიჩანს ბედის ცვალება.

ველური ტყე ხარ, არვინ იცის შენი სახელი,

არც ზარ-ზეიმი გღირსებია, არც შებრალება.

ყველა საგანთა ღრმა აზრი ხარ, შენსას კი მალავ,

არავის ანდობ ბოლო სიტყვას, არვის მომართავ.

ყველას სხვაგვარად ეჩვენები, სხვადასხვა ძალად,

ხომალდს ნაპირად ეგულვი და ხმელეთს ხომალდად.

თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილისა

მფარველი ანგელოზი

შენ ფრინველი ხარ, რომ მოქროდი ღამით ფრთამალი,

მე ვიღვიძებდი და ვყვიროდი შენი მნახველი.

მხოლოდ მკლავებით მოგძახოდი, რადგან მრავალი

უღრმესი ღამის უფსკრულია შენი სახელი.

ეფინებოდი ჩემს ძილს ჩრდილად. ჩემს წიაღ ჩარჩა

შენი თესლი და მექცა სიზმრად თანამზრახველი,-

შენ უნათლესი სურათი ხარ, მე კი ვარ ჩარჩო,

შენი ბრწყინვალე გარემოცვის შემომსაზღვრელი,

მე რა დაგარქვა? ბაგეები ერთმანეთს ჭამენ.

შენ ხარ საწყისთა ამოფრქვევა შეუპოვარი.

მე ვარ სულ ოდნავ გასაგონი, სემკრთალი: ამენ,

შენი მშვენების შემოვლების მსასოოვარი.

შენ მე მრავალჯერ გამიტაცე ფართხალ-ფართხალით,

როდესაც ძილი შავ სამარედ ამომიღამდა

და გულზე მაწვა უმძიმეს და დამღუპველ დაღად,

შენ ჩემი გულის წყვდიადიდან ამომიყვანდი

ზემოთ, მეწამულ დროშასავით რომ მეფრიალა

კოშკების თავზე, ლაჟვარდებში უნაღვლოდ, ლაღად.

შენ, ვინც ყოველგვარ საოცრებას აღიქვამ ისე,

როგორც საცნაურს, რაც მრავალგზის გაგიგონია,

ადამიანთა არსებობა ჰანგი გგონია

და ვარდშლილობა შენს მზერაში სრულდება ისევ,

უნეტარესო, ჩვენ ოდესმე გავხდებით ღირსი,

რომ თუნდაც ერთხელ გაგვაგონო სახელი მისი,

რომლის მეშვიდე და ბოლო დღის ნათება თითქოს

მაგ შენი ფრთების მოქნევისგან მოფრქვევას ითხოვს...

მიბრძანებ. გკითხო?

თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილისა