მანანა ჩიტიშვილი

*  *  *

ველზე თოვლისფერი კვიცი,

როგორ უცებ

იამინდა...

რა არ მინდა,

ის კი ვიცი,

ის არ ვიცი,

თუ რა მინდა.

ღამით

ვარსკვლავების სიცილს

ვუსმენ,

ქარი მზერას მპარავს...

როგორ  შეგიყვარო, ვიცი,

როგორ შეგიძულო_

არა!


* * *

დგას შემოდგომა

ხანდახან რაღაც უცნაური

ამიტანს სევდა,

სიო ათრთოლებს

შეყვითლებულ, გამხმარ ბალახებს,

მე ბრმა ვარ,

რადგან სხვას შენს გარდა

ვერავის ვხედავ,

შენც ბრმა ხარ,

რადგან ჩემი თავი ვერ დაგანახე.

ქარი არაგვის ვრცელ ჭალაზე

მიიმტვრევს მუხლებს,

დგას შემოდგომა

და ფოთოლთა ცვენა მაღონებს,

მე ყრუ ვარ,

რადგან სხვას შენს გარდა

ვერავის ვუსმენ,

შენც ყრუ ხარ,

რადგან ერთი სიტყვაც ვერ გაგაგონე.



როგორ გაბედე


ანათებს ღრუბელს

მინავლული ნათელი მთვარის,

ყვავილი ნორჩი

ზეცად მიაქვს ქარიშხალს ვერაგს...

შენ ვით გაბედე,

მიუხურე სიყვარულს კარი,

შენ ვით გაბედე,

აარიდე გაზაფხულს მზერა.

და ახლა მკერდზე

სისხლიანი ჭრილობის ფეთქვას

დაჰყურებ ღიმით,

საწუთროზე განა თუ მდურვით,

ო, სიყვარულის მშვენიერმა,

სასტიკმა ღმერთმა

რა დაუნდობლად,

რა უწყალოდ იძია შური.

არავინ უწყის,

უკვდავება ამნაირ წყლულის

რას დაგპირდება,

სამერმისოდ ან რას გიქადის...

და თოვლის ცივი არტახებით

შემკრთალი სული

განფენილია სივრცეებში

ცისკრით-ცისკრამდი.

ვეღარ დაჰკორტნის შენს ღამეებს

ყორანი მშვიდად,

ვარდის ფურცლებზე

ათასფერად ბრწყინვალებს ნამი,

შენ უკვე იცი,

ამ წუთებად ყოველი ღირდა,

ღირდა ზამთარიც

მონატრებად ასეთი წამის.

ატმის ყვავილით დაჩითული

გადიფრენს ქარი

და ცაზე ტოვებს

ცხელ სუნთქვას და

ნაკვალევს ფერადს...

როგორ გაბედე,

მიუხურე სიყვარულს კარი,

როგორ გაბედე,

აარიდე გაზაფხულს მზერა.


ღვთისმშობლის კალთას ნამთხვევი

სხვის უბე-კალთას ვხამობდი...

მომსურდა - ცისკრად გავთენდი, 

მომსურდა - მოვსაღამოვდი.

ხან კლდის თავს ვიწექ ჯანღივით,

ხან მზვრისპირს იად ვხარობდი,

სისხლად ნანჩქრევი ლექსებით

სიკვდილთან ჯიბრსა ვლამობდი.

     ავტოპორტრეტი

თუ მომკლავ, დროით მომკალი,

ეგრე ვერ დამლევ წამობით, -

პოეტი ვარ და სამყარო

ჩემში გადის და გამოდის.

     საღამო ანანურთან

ნელა შემოხსნის აპრილი კარებს

და სერებს მწვანე ტერფით დაივლის,

ანანურს იქით — ახალი მთვარე,

ანანურს აქეთ — ვაშლის ყვავილი.

ახლოს — ია და ლორთქო ბალახი,

შორს — ფშავის მთები ჩამობინდული,

არაგვი გდია, როგორც კალმახი,

მთვარის ნემსკავით ამოზიდული..

ვითომ

კარებთან გიდგას ავი ზამთარი

და აქრობს ისევ მიბჟუტულ იმედს,

მოკვეცილი გაქვს ღერ-ღერ ფაფარი,

ყბებზე ლაგამი გაწვება მძიმედ.

გთავაზობს ბედი ჩითსა და ნარმას,

სტავრა-ატლასი რჩეულთ ესხვისა...

დიდი ხანია წახვეტა ქარმა

ოქროს თმები და ფრთები ვერცხლისა.

უმღერე მაინც აპრილის ქუხილს,

ხნულში რომ მწვანედ ბოლავს მარცვალი,

ვითომ არც თვალებს გიწვავდეს სუსხი,

ვითომ არც კარზე გედგას ზამთარი.

უმღერე მაინც ვარდსა და სოსანს

და უცხო სურნელს ველური შროშნის,

ვითომ დედოფლის სამოსი გმოსავს,

ვითომ დედოფლის გაცვია ქოში.

ამ გზაზე

 

გისმენს მამული

იმედით, მკაცრად,

სხვა განმსჯელს 

ან კი რა თავში იხლი...

ბედი პოეტის -

ნამდვილი ჯვარცმა,

გზები პოეტის- 

ცრემლი და სისხლი.

ნურც შეჩვენება

აგავსებს ელდით,

ნურც შურით უმზერ

სხვის ვარდნარ ბორცვებს,

ამ გზაზე

ღმერთმა ვის მისცა ბედი,

შენ, ასგზის საწყალს, 

რა უნდა მოგცეს.

ხან ფოთოლივით

გრიგალს მიჰქონდი,

ხან მკერდზე

ეკლის გეკიდა მძივი,

მაგრამ რად ღირდა,

ხან რომ სტრიქონი

ფარავდა ყველა

წყენას და ტკივილს.

და ცაში

ფრენით აჰყავდი კიბეს,

ანგელოზს

შენი ფრთები მართებდა

და ყველაფერი

ხომ ღირდა კიდეც,

იმ ერთ წამის

გამონათებად.

იარე! 

ნურც რა შეგაკრთობს ელდით,

ნურც შურით უმზერ

სხვის ვარდნარ ბორცვებს,

ამ გზაზე

ღმერთმა ვის მისცა ბედი,

შენ, ასგზის საწყალს, 

რა უნდა მოგცეს.

გაზაფხული ქართლში

ეჩურჩულება ქარი ისლიანს,

მზე ნორჩ მურყანებს მოსავს ფერადით,

გაღმა სერებზე თეთრი ნისლია,

თუ ანგელოზებს დარჩათ პერანგი?!

აქ სულ სხვაგვარი შუქით ვინთები,

სხვა ძალით მხმობენ აქეთ მთები და

თბილად მიმზერენ ქართლის მინდვრები

ბალახის მწვანე წამწამებიდან.

ჩემი სიმდიდრე და საესავი

არც ის მთაა და არც ეს მურყანი, _

გზისპირს ქალი დგას ატმის ხესავით

და თბილ ხელებში ბავშვი უყვავის.

ქსანზე  რომ...

 

    შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე

    ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს,

    ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე,

    ჩემს საქართველოს შეემატოს.

     შენ ნუ მიმატოვებ ოღონდ ნურსად,

     ქარში ფრიალებენ პეპელები. . .

     ქსანზე რომ ბალახს ხელს გადვუსვამ,

     მთელ საქართველოს ვეფერები.

 მერე  გაფრინდი

 

მიწას წივილით მივლოკავ,

გზები მინამქრეს ქარებმა,

სად მიჰყეფ, შავო ყორანო,

საითკენ მიგეჩქარება?

 

ჯერ ჩემი გული დაფლითე,

სისხლმა კოცონად იალოს,

 ჯერ მე და. . .

                           საქართველოსკენ

მერე გაფრინდი, ტიალო!

 

 

 

            საღამო  არაგვზე

 

 ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, -

 ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს,

 ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ,

 მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.

 

 რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა,

 ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ,

  თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან,

 აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.

 

 ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის,

 აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს,

  მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი,

 რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.

 

ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს

და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის. . .

 და არაგვიდან წამოსული მზე

 ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის.

 

ნუ  გეშინია

 

ზოგჯერ თუ ნათობს,

ზოგჯერ ჟამი მიდის ბინდებით,

დაწყნარდი, სულო,

რა უეცარ ელდით ღონდები...

ნუ გეშინია,

ზეცისკენ რომ გაფრინდები,

ვარსკვლავთა სარკმლებს

გაგიღებენ ანგელოსები.

 

ეს ყრუ სოფელი

არ იქნება შენი მსაჯული,

აღარ შეარხევს

ნამალავი ცრემლი წამწამებს

და ეს სხეული,

ტკივილებით გამოტანჯული,

დაამდება და

ძველებურად ვერ გაგაწამებს.

 

ბავშვივით კეთილს,

გულალალს და ზოგჯერ ჟინიანს,

შეგიწყნარებენ,

რადგან მონა იყავ ოცნების...

მიენდე უფლის თბილ ხელებს და

ნუ გეშინია,

ვარსკვლავთა სარკმლებს

გაგიღებენ ანგელოსები.

 

 

              * * *

 

რამდენი დარდით ვნებულხარ,

გულო, ამყოლო ქარებსა,

რამდენჯერ დავუღუპივარ

ჩემს სიმართლ-სიალალესა.

 

რამდენჯერ დამიკოცნიხარ,

ცისკარო, ქართლის ჭალებსა,

მუხლჩოქვით შეგვედრებივარ

არგათენებას მალესა.

 

რამდენჯერ მჩეხეს უწყალოდ,

ნაღველს მასმევდნენ მწარესა,

შუბლზე ნათელი უფლისა

ღვთის რისხვად ჩამითვალესა.

 

ძმათაგან ბეჭში დაჭრილი

წყლულს არ ვუჩენდი მთვარესა...

რამდენჯერ გაბრუნებულხარ,

ცრემლო,

            მომდგარო თვალებსა!

 

             ვაითუ,  გაგვთქვას  თეთრმა  შროშანმა

 

ბინდისფერ ღელეს მისტოპავს კვიცი,

შორს ვარსკვლავეთის ისმის „ოსანა“...

ამ სიყვარულზე მე და შენ ვიცით

და კიდევ...ველის თეთრმა შროშანმა.

 

ვუსმენ წყაროთა უწყინარ ქილიკს,

გულო, რა ცეცხლის ბაგას დაები...

რას ვიფიქრებდი, თუ ბოლო ბილიკს

ამ სილსმაზით ამიყვავებდი.

 

საიდან მოველ, სად მაქვს დარბაზი, -

არ ვიცი!

             არც შენ მკითხო: „ვინა ხარ?“

მიტომ გეჩვენე ასე ლამაზი,

რომ ჩემს წიაღში ლექსებს ვინახავ.

 

           ბინდისფერ ღელეს გასტოპავს კვიცი,

კვლავ ვარსკვლავეთის ისმის „ოსანა“...

ეს სიყვარული შროშანმაც იცის,

ვაითუ, გაგვთქვას თეთრმა შროშანმა.

 

 

 

             ვიცი,  ის  ცრემლი  ვისია

 

ქსნისპირას ორბი აფრინდა,

მწვერვალს გადასცა ნისლიანს,

უბეს რომ ცრემლი გისველებს,

ვიცი, ის ცრემლი ვისია.

 

ესეც შორიდან შეგნიშნე,

თვალებს მარიდებ ახლოდან...

ვის დააყარე ის ცრემლი,

მე რომ გულს უნდა დამყროდა?!

 

იცის კი შენმა ლამაზმა,

ვისთვის ხარ ფერნამკრთალები,

რომ ჩემი დასაკოცნელი

სხვამ დაგიკოცნა თვალები.

 

წამწამებს დარდი წალეკავს, -

ამდენ ხანს შენაკავები,

სულ სხვის ალერსში ჩამოდნა

ჩემთვის სახვევნი მკლავები.

 

ქსნისპირას ორბი აფრინდა,

მწვერვალს გადასცდა ნისლიანს,

უბეს რომ ცრემლი გისველებს,

ვიცი, ის ცრემლი ვისია.

 

 

 

           თეთრი  ყვავილი

 

            ვკოცნიდი წითელ ყაყაჩოს,

            ვარდი მეფინა მე პირად,

            პატარა თეთრი ყვავილი,

            თუმც ბაღს ვიცნობდი ზეპირად,

            არც როდის შემიმჩნევია,

            არც როდის თვალი მეჭირა,

            წამოსვლა რომ დავაპირე,

            წინწინ ის გამომეტირა.

 

 

 

           ევას  მონოლოგი

 

            ტყისპირს, გათიბულ ღიღილოებში ვწევარ,

            მთვარე უცნაურ და უცხო ჩრდილებს ლანდავს...

            ცხელი ჩურჩული: „მოხვალ, ძვირფასო ევა?“

            და უფრო ცხელი: „უკვე შენთან ვარ, ადამ!“

 

            ბაგეა სველი და სურვილისგან ბრწყინავს,

            ეს სარეცელი მინდვრის ბალახით ვკერე...

            ოღონდ ნუ მეტყვი, რომ არ გიყვარდი წინათ,-

            არც შეხვედრამდე და არც შეხვედრის მერე.

 

            მკვდარ გვირილებზე გასრიალდება გველი

            და თივის ზვინზე ჭრელი ლენტივით ცოცავს, -

            შენ არ მიბოძე ეს ნეტარება მწველი?!

            შენ არ მასწავლე ასე მხურვალე კოცნა?!

 

            თმები ჩაშლილი, როგორც შრიალა ლელი,

            მახვილი ბაგე და მკერდი მარმარით თლილი...

            ღამე - იმ პირველ ცოდვისნაირად ბნელი,

            ღამე -იმ პირველ ცოდვისნაირად ტკბილი.

 

            რა დამავიწყებს მრისხანე ქუხილს -

                                                                      „ევა!“

            ზეციურ ბაღებს, იმათ ხიბლსა და ჯადოს...

            ახლა ქალი ვარ...

                                       ახლა დედა ვარ...

                                                                   „მე“ ვარ

            და ამ მშვენიერ სიყვარულისთვის გმადლობთ!

 

 

 

            შემოდგომა

          (სურათი)

 

            მოჩანს ცის სილურჯეში

            წეროების მწკრივი -

            ანგელოზის მუჭიდან

            ჩავარდნილი მძივი.

 

            ჩუმად მომიკაკუნებს

            ყრუდ დაგმანულ მინას,

            შუაღამის მიჯნური -

            შემოდგომის წვიმა.

 

            თრთის ნეკერჩხლის ფოთოლი -

            სიფრიფანა, თხელი,

            თითქოს ემშვიდობება

            ზაფხულს ნაზი ხელით.

 

            მოჩანს ცის სილურჯეში

            წეროების მწკრივი -

            ანგელოზის მუჭიდან

            ჩავარდნილი მძივი.

 

 

 

            მე  ვერ  წავალ  უსიმღეროდ          

 

            როგორ გადაყრუვდა არე,

            მდელო გადაძოვა ხვატმა,

            ღვინოდ ცრემლი მოვიხმარე,

            პურად მოგონებებს ვატან.

 

            ჩემს ბაღჩაში ვარდი გახმა,

            შენთან სიო ძეწნებს არხევს...

            სიყვარული არ მინახავს,

            სიყვარულზე დარდი ვნახე.

 

            ვერცხლის შიბებს ჟანგი ფარავს,

            ვინ მიშველის დროის მძევალს,

            სიყმაწვილემ ჩაიარა,

            ახლა ჩამავალი მზე ვარ.

 

            ვეფერები შროშნის ღეროს,

            სუმბულს ლურჯი რიდე ბურავს,

            მე ვერ წავალ უსიმღეროდ,

            კარს ტირილით ვერ გავხურავ.

 

            ბინდში სევდით ვუმზერ მთვარეს,

            ძველ ჭიშკარს და ღობის ლატანს,

            ღვინოდ ცრემლი მოვიხმარე,

            პურად მოგონებებს ვატან.

 

 

 

           შვილისადმი

 

            თუმცა იღბალი იმგვარად მთარსავს,

            ბევრჯერ ჩამატყდა ხელში ჭინჭილა,

            ნუ გეშინია, არ წავალ არსად,

            ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.

 

            შენ ჩემს სუყველა იარას შველი,

            არა ტკივილი არ გეურჩება

            და ვგრძნობ, რომ შენი პატარა ხელით

            თვითონ სიცოცხლე მებღაუჭება.

 

            ახლა ამ ზეცას მლოცველის მსგავსად

            შევყურებ რწმენით, განა - იჭვითა...

            ნუ გეშინია, არ წავალ არსად,

            ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.

 

 

 

           აკვანი

                      (მიტოვებული სოფლის სურათიდან)

 

            ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,

            გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და

            უკარფანჯრებო შენეულ სახლში

            ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.

 

            ჯარაზე თეთრი ობობას ქსელი

            და წვიმა მივსებს ფერად ჭინჭილებს...

            და ვეფერები მთრთორვალე ხელით

            აკვანზე შებმულ მძივს და ღინჭილებს.

 

            ჩამქრალ ერდოებს ჭოტი უკივის

            და კარს ჯვრის სახედ აკრავს ფიცარი...

            და მოძალადე თურქ-სელჯუკივით

            გრძელ კიბეებზე არბის ჭინჭარი.

 

            და როცა ბინდი დადგება გარეთ,

            არსად კერიის შუქი არ ღვივის,

            ღია ფანჯრიდან გადმოდის მთვარე

            და შენს აკვანში წვება ბალღივით.

 

            ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,

            გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და

            ღმერთო, რა ვნახე, შენეულ სახლში

            ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.

 

 

 

 

           ახლა  ვეღარაფრით  გამაკვირვებ

 

            ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,

            ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...

            ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,

            ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.

 

            დაე, იქუხოს და გაავდარდეს

            ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან,

            დიდი სიძულვილი არ მადარდებს,

            მცირე სიყვარულმა შემაშფოთა,

 

            სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო,

            ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა...

            იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს,

            ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა.

 

            ლურჯი ბილილები დამკარგვია,

            დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი,

            მახვილის სიმრავლე რას გარგია, -

            მკლავი, მომქნეველი, აღარ არი!

 

            ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,

            ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...

            ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,

            ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.

 

 

           სამშობლოს  ვეძებ

 

             არის ჟამი, რომ

            ხალხმა უნდა თამამად იხმლოს,

            შენ კი ქარიშხლებს

            დრონი მუდამ ავად გახლიდნენ,

            მითხარი მაინც,

            ღვიძლო ჩემო

            და ჩემო სისხლო,

            ამ გოლგოთაზე

            მერამდენედ უნდა ახვიდე.

 

            აღარ დასრულდა

            მტრის ბოღმა და ავი ქადილი?

            როდემდე უნდა მოითიბოს

            ტყვიებით ლელი...

            მცხეთის მთებიდან

            ნისლი, როგორც ნინოს მანდილი,

            ზეცისკენ მიდის

            ფერმკრთალი და ცრემლებით სველი.

 

            ყველა სიავე

            გარდიხდება ოდესმე მისხლით,

            ასე ყოფილა,

            ძველ დროთაგან ასე ითქმევა,

            დღეს თუ არ, ხვალე -

            ძმათა ჩვენთა უმანკო სისხლი

            წითელი ვარდის შადრევნებად

            ამოიფრქვევა.

 

            არ დადრკე ოღონდ!

            არც თავდახრით მიდგე ჩეროში,

            უფლის იმედით იოცნებე

            უკეთეს ბედზე...

            ტირილით დადის

            დამარცხებულ საქართველოში

            სული ჩემი და

            გამარჯვებულ სამშობლოს ეძებს.

 

 ნუ  დამპირდები

 

გადმოიხედავს იის თვალით

კლდის მწირი ეხი,

ველზე თეთრონი

გამწარებით რომ ჩაჰხრავს ლაგამს,

მე გავიხსენებ

მონატრებულ ჟრუანტელს ცეცხლის,

მე გავიხსენებ იმ სიმღერებს, -

შორსა და მაღალს.

 

ტყემლის ყვავილებს

გულწითელა ჩიტები კენკენ,

გუშინ არ იყო,

ამ რტოებს რომ გრიგალი რევდა...

შენ სიყვარულის მონატრებას

მოჰყავდი ჩემკენ,

მე გავურბოდი

მარტოობის საშინელ სევდას.

 

ხევის ჭრილობებს

ქარი ღრუბლის ნაფლეთებს ჩასჩრის

და უფსკრულების ამოკვნესას

არეს მოაფენს...

გემუდარები,

ნუ მპირდები ჩინსა და მაჩინს,

ნუ დამპირდები

სიყვარულის გარდა ნურაფერს!

 

ჩამკიდე ხელი,

მომატარე გალობით ზეცა,

შვებით ითრთოლებს ჩემს ბაგეზე

ხეები ათასი...

ტანთ აბრეშუმის სამოსელი

არც როდის მეცვა,

მაგრამ სულს ჰქონდა სინატიფე

დიბა-ატლასის.

 

შორს სიმღერებად გადატყდება

ლერწამის ღერო

და ვნებით კრთება

ვერცხლისფერი პირბადე მთვარის

და ქართლის ცაზე

ყელწაგდებით მიცურავს წერო,

მიცურავს წერო -

სიყვარულის ქათქათა ჯვარი.

 

 

 

ისეთი  ლამაზი  არი

 

ხანდახან ამიფრინდება

ჭალისპირს უცხო ციცარი,

სხვანაირ სითამამით და

ჭრელ საყელოთი ვიცანი.

 

მიდის და ქარში მიღელავს,

ხან ჩქერებს მისდევს მდინარის,

მოზიდული მაქვს ისარი,

მივდევ ოფლგადამდინარი.

 

არ ვიცი, ჩემი ბედია

თუ ზეცისაა ზიარი,

ღმერთო, არ მომაკვლევინო,

ისეთი ლამაზი არი!

 

 

 

              ანანური

 

შენთვის დროის სვლაც არის ბათილი,

გამობრწყინდები მთებში მზესავით, -

ბრძენი და მშვიდი, ვით თინათინი,

ულამაზესი, როგორც ნესტანი.

 

მოვალ და ღვთიურ მადლით ვივსები,

შორითაც ნათლით მავსებ ასევე,

ბინდში თეთრ პერანგს ქსოვენ ნისლები

და დილით სპეტაკ ტანზე გაცმევენ.

 

მადლობა უფალს, დამდგარა დარი, -

მომხვდური მოყვრად შემოფიცულა

და ვით ხევსურეთს ნაჭედი ფარი,

ღრუბლებში მთვარის დისკო მიცურავს.

 

არც მტვრადქცეული მტერნი ახლობენ,

არც გაჰყივიან შორით სარანგნი

და მხოლოდ ღამით შენს სიახლოვეს

ტარიელივით გმინავს არაგვი.

დიდი ხნის მერე

დიდი ხნის მერე 

მე ვუსმენდი საყვარელ მოტივს,

გადაეცალა თითქოს წარსულს

ერთბაშად მტვერი,

რომ ვთქვა: ,,მახსოვხარ” -

ეს იქნება ძალიან ცოტა,

რომ ვთქვა: ,,მიყვარხარ” - 

ეს იქნება ძალიან ბევრი.

დაბზარულ ყავარს

ღაპაღუპით ჩამოსდის წვეთი,

მადლობა ზეცას,

მითანაგრძნო ამჯერად ურვით,

რა დაერქმევა მონატრებას

შორეულ ბედის,

ანდა ხსოვნაში

ხანჯალივით ჩატეხილ სურვილს.

და ძველ ჭრილობებს

დროის ჩქარი მდინარე ლოკავს,

არ ილეწება თუმც ყოველი

ჟამთასვლის კევრით...

რომ ვთქვა: ,,მახსოვხარ” -

ეს იქნება ძალიან ცოტა,

რომ ვთქვა: ,,მიყვარხარ” - 

ეს იქნება ძალიან ბევრი.

როცა

როცა ბოროტი კეთილზე მძლავრობს,

როცა სიცრუე ტახტზე ზის მორჭმით,

როცა ძმა ძმისთვის ამზადებს ხაროს

და წიფლის ტოტებს აფარებს მოჭრილს.

როს სვავი ძღება არწივის ლეშით,

ფარისეველნი დგებიან ლოცვად,

და სასოებით გამოწვდილ ხელში 

პურის მაგიერ ქვას გჩრიან როცა.

როს სათნოება ფასდება გროშად

და კირითხუროს დასჭარბობს მთხრელი,

როცა მამულის უწმინდეს დროშას

ეხება მძიმედ ცოდვილი ხელი.

როს ბრიყვი ბრძენის მოირგებს ნიღაბს

და როცა მორცხვიც ურცხვდება ბაძვით,

როს საძირკველში ასხამენ თიხას

და ლურჯი ყანა ივსება ღვარძლით.

როს ავი ენა აღრმავებს ბზარებს

და ყვავებს რჩებათ ორბების ბუდე,

ან უნდა სცემდე განგაშის ზარებს,

ანდა ამაყი მოთმენით სდუმდე.

საგაზაფხულო ელეგია

ისევ სანთლისფრად აყვავდა შინდი, 

მზით დაიქარგა მინდვრების კიდე,

წუთისოფელი თავის გზით მიდის,

მე კვლავ ჩემეულ ბილიკებს მივდევ.

სხვის შესახედად ყელსაც ვიღერებ,

ვეკეკლუცები ფარფატა ნისლებს,

მაგრამ ხომ იცი, რასაც ვიმღერებ,

შენზე ტირილი იქნება ისევ.

ვლაღობ - მტერს ვაყრი თვალებში ნაცარს,

ოქროქსოვილის მოვიხდენ რიდეს,

ღამით კი თავქვეშ, სასთუმლის ნაცვლად,

ცრემლებით სველი აბჯარი მიდევს.

ჩვენი პორტრეტი

          ე. მ. - ს

 

გაიამინდა,

ქარიშხლებშიც ღირსებით ვვლიდით,

პეშვით მოგვქონდა

მზის შუქი თუ მთვარის არილი...

შენ - ფიქრიანი,

მოზომილი და სათნოდ მშვიდი,

მე ასე -

ქარში გადაყრილი ნაღვერდალივით.

 

არც საყვედური,

გაპარული არც ხმაში გესლი,

თუმც ყველა ტყვია

ზურგში გვქონდა

ურცხვად დახლილი...

და ვდგავარ ახლა:

შენ - ზნესრული არსით და ფესვით,

მე ასე -

ცაში მოქნეული ელვის მახვილი.

 

მე თქვენ მიყვარდით

მოღუშულ ცაზე

წეროს ჩრდილი გადადის კენტი,

მიაპობს სივრცეს

მოტირალი ხმით და კილოთი,

მე თქვენ მიყვარდით –

რაღა გითხრათ ამაზე მეტი

და მოტყუებას

გულგრილობის ნიღბით ვცდილობდი.

თუმცა რაღა დროს... -

რა აზრი აქვს ახლა გამხელილს,

წაიღეს წლებმა

ის ვნება და დარდი ფარული,

მაგრამ ხსოვნაში

საოცნებო თქვენი სახელი

ამოტვიფრულა,

ვით ბოლნისის ასომთავრული.

 

ტყის  პირას

 

ტყის პირას ია მგუბარი

შუქს გაფენს, ნაშალ-ქვითკირო,

მათი თვალების ციმციმმა

ლამის მეც გადამიბიროს.

 

მაინც ვერ ვეტრფიალები,

რაც უნდა სურვილით მიცქირონ, -

ვაჰთუ, იების მოკლული

სხვა ყვავილთ აღარ მიტირონ.

 

 

             

         ვისაც  ვუყვარდით

 

ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე

ამ დილას სისხამს?

ქარია, ალბათ,

გზა აებნა იქნებ მათხოვარს...

მშვიდობა ყველას,

შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,

ვისაც ვუყვარდით,

მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.

 

ამ სასტიკ ქარში

სული ჩემი მარტოდ ვალალებს,

არ ჩანს მშველელი,

საიმედო თუნდაც დროებით

და ჩემს მშვენიერ,

სინათლისგან დახლეჩილ თვალებს

კვლავ ენატრებათ

მყუდროება საღამოების.

 

ჩამოდის თქეშად

უგუნურთა ცოფი და რისხვა,

განმსჯელი არ ჩანს,

მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს...

მშვიდობა ყველას,

შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,

ვისაც ვუყვარდით,

მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ!

 

 

 

            სამასი  არაგველის  გახსენება

 

            ბაბუა ალუდაურს

 

წვიმს და მთებს არყევს ქუხილის ხმები,

ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ

თუ არაგველთა თამამი ხმლები

კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.

 

„ხახმატის ყმა და ქართვლის მონა ვარ!“ –

ბაგეზე უცხო ცეცხლი ვარვარებს...

სამას კაი ყმას, მთებით მომავალს,

ბარში სამასი უცდის სამარე.

 

თუმცა გულიც და გორდაც ვარგობდა,

შავად ჩამოდგა იმ დღეს დაისი...

ჯავრმოუშუშებ საარაგვოდან

კვლავ სისხლმდინარი მოჩანს კრწანისი.

 

ნისლო, რა მწარე ნაღველით თვრები,

სული ვერ მოკლა მომხდურის დანამ, -

დღესაც არაგვის მრისხანე მთები

ომში მიმავალ მოლაშქრეთ ჰგვანან.

 

წვიმს და ცას არყევს ქუხილის ხმები,

ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ

თუ არაგველთა თამამი ხმლები

კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.

 

 

            თუ  ისე  მიმტრო  საწუთრომ

 

თუ ისე მიმტრო საწუთრომ,

ერთად დამიმხო ცხრა კარი,

დავლად წაიღო მომხდურმა

ჩემი ნათიბი, ნამკალი.

თუ მტერს ვერ გადავეწიე, -

გული ჯავრისგან დავკალი,

ვერ ჩამიხვია სწორფერმა

მთვარით ნაფერი მხარ-მკლავით.

ნურცავის ზღაპრად უამბობ,

არცვის უჩვენო გზა-კვალი,

ვინ მე და სულის განლევა, -

სიკვდილთან თრთოლა-კანკალი,

მოდი და ლექსის სტრიქონი

გულზე ხმალივით დამკარი!

 

 

             შორია  ინდოეთამდე

 

ხან მზე თაკარა,

ხანაც სუსხით დავიზაფრები,

ვითა დავღამდი,

ალბათ ისე უნდა გავთენდე...

ტაძრები,

როგორც შორეული ცის მონაზვნები,

ბნელ ღამეებში

ელვის მბრწყინავ სანთლებს ანთებენ.

 

ეს გორაკები

ალისფერმა ვარდებმა კოცნეს,

შეიმკო გზები

ანწლისა და კუნლის გიშერით...

ამაღამ მთვარეს, -

საღარიბოდ მიმავალ მლოცველს,

ინდოეთს მივდევ

ბედნიერი და ფეხშიშველი.

 

რარიგ შორია

გზები, ჩვენი სულის მლამბავი,

ხსოვნაც შორია

ინდოეთის ვარდის და მიწის,

თუმც ნესტანის და ტარიელის

ტრფობის ამბავი

ჯერაც სანიშნო კოცონივით

მოჩანს და იწვის.

 

 

შეწირვა

 

მსხვერპლსა მთხოვდი, სიყვარულო,

ვით მესისხლე, - ალი-კვალი,

არცა მკლავდი,

                         არც მარჩენდი,

არც საზავოდ შემეკარი.

 

არ მიცდია ფონის გასვლა

გინა -ვერცხლით,

                              გინა - ლალით,

სხვა რა მქონდა უკეთესი? –

ჩემი სული დაგიკალი.

 

 

ჯვრის  უღელტეხილზე

 

ძირს ნახატივით დავტოვეთ მლეთა,

მყინვარი -

              ხევში ჩამდნარი ვერცხლი...

წყაროსთან თავშლით შებუდნულ ქალებს,

მთიულის ქალებს უნთიათ ცეცხლი.

 

და თოვლი,

                როგორ თეთრი ქალწული,

წევს შორიახლოს უცხოდ და ურჩად

და მყინვარწვერი -

                             ქათქათა ძუძუ,

ნისლის უნაზეს პერანგში უჩანს.

                შატილში

 

       (ტრიპტიქი არჩილ ციციშვილს)

 

* * *

მაცნე მოედი შატილსა,

წამს დაყოვნება არ უნდა,

აღარც ლუდს ხარშვენ ხევსურნი,

წინ არც შენ შემხვდი, ალუდავ.

„ ჯავრი ქისტივით დამეცა!“ –

ვკივი,

      თვლემს ციხე ზარმაცად...

მხოლოდ ერთ ლოდმა საფლავის

უცნაურ გაიბარბაცა.

 

* * *

აემ ციხესამც ჩამკეტა,

წყალი არღუნის მასვა და

შენამც საჩემოდ დაგწერა,

აღარ გამიშვა არსადა.

ფეხთ ჭრელი წინდა ჩამაცვა,

თავს ფაფანაგი დამხურა,

გზები მინამქროს დიდთოვლმა,

არც როდის გააზაფხულა.

წეღანაც თვალი წაგკიდე, -

რაღაც სხვანაირ კრთებოდი,

რა მშვიდად მივიძინებდი,

თუკი შენ მოგიკვდებოდი.

 

* * *

გაღმა გორაზე რა ტყეა,

რა აშრიალებს ლაღადა?!

წლებს ვითვლი,

              როგორც ნატყვიარს,

გულზე დაჩნეულს დამღადა.

ჰკიდია ნამის კურცხალი

შატილს ლურჯთვალა იასა,

საფრად დრო მიზის -

                                   მუცალი,

დანდობილ მაშლის ტყვიასა.

წერა-მწერალი თანა მდევს,

გზა მისგან ვის დაუცავსა...

ღმერთო,

             ნუ მომკლავ, მანამდე

რჯულს არ ვუხსენებ მუცალსა!

 

 

 

             შენ  თურმე  სხვა  ცის  ბინადარი  ხარ

 

როგორ არ მითხრეს მზემ და მარიხმა

ან ვარდთ მწუხარედ რად არ შემხედეს?! –

შენ თურმე სხვა ცის ბინადარი ხარ,

მანდ რა ეშმაკად შემოვეხეტე.

 

ჩვენს იღბალს ახლა

                           ღრმა ძილით სძინავს,

არა აქვს აზრი არა მოლოდინს,

უნდა მენახე დიდი ხნის წინათ,

გვერდს ძუ ვეფხვივით ამოგწოლოდი.

 

ჟამმა სასტიკი მათრახით მხედნა,

ძლივს ჩანდა ნისლში ჩემი ცისკარი...

ჩვენ სხვადასხვა დრო გვარგუნა ბედმა,

სიჭაბუკის ჟამს ვერ მოგისწარი.

 

წვიმს...

             ჩუმი მოთქმა მოისმის ხეთა,

ვინ ჩამიხერგა ეს გზა ლოდებით...

გულიდან სისხლად სტრიქონი წვეთავს,

მე ვკვდები,

                     კი არ გემშვიდობები.

 

როგორ არ მითხრეს მზემ და მარიხმა

ან ვარდთ მწუხარედ რად არ შემხედეს?! –

 

შენ თურმე სხვა ცის ბინადარი ხარ,

მანდ რა ეშმაკად შემოვეხეტე.

 

 

              ალბათ,  აპრილში

 

წავიდა მარტი,

თოვლიანი ჩამოშრა ახო,

წვიმის წვეთები მოჰკაწრავენ

ჭვარტლიან მინას...

ჯერ ისევ აქ ვარ,

ყველაფერი ჯერ ისევ მახსოვს

და ძველებურად

კვლავ თამამი სიზმრებით მძინავს.

 

ალბათ, აპრილში,

მზე რომ მწვანე აბრეშუმს ლამბავს

და როცა უფლის ბარათივით

მოდის სამყურა,

ქარი გადამხდის

ამ ვარდისფერ ატლასის საბანს

და გულზე

ქართლის ჭრელყვავილა

მინდვრებს დამხურავს.

 

 საღამო ქართლში

     ქარი - ბებერი, ბუზღუნა მნათე,

      მტკვარი - ოლარი, ნაქარგი მთვარით,

      ისევ ანათებს ზედაზნის კალთებს

      ქალწულის თმებით შეკრული ჯვარი.

      გულო, თუნდ ჩაქრე, აქ აენთები,

      ეს მზეკაბანი ცამ დაგირწია. . .

      ყივჩაღის სისხლის ცხელი წვეთებით

      მუხრანთან ვარდნი ისევ იწვიან.

      ნელა ედება ქსნის ციხეს ბინდი

      და ყანის პირზე ყვავის სოსანი -

      ღვთისმშობელივით სათნო და მშვიდი,

      თვალები ლურჯი - იესოსავით.

       თვლემს ქართლი, ასგზის დანახანძრები,

       ახლა იით და შროშნით ფენილი

       და ქედნებივით ჩანან ტაძრები, -

       ქრისტეს უბიდან ამოფრენილი.

       გადაძახილი

       აღარ ვიცი,

       ვინ ან როგორ შევაჩვენო,

       ქსანს და არაგვს

       უცხო მუმლი მისევია,

       ქართლი,

      როგორც გაროზგილი დედაჩემი,

      გადატყაულ მუხლისთავზე

      მისვენია.

      გვერდით მიდევს

      ვერცხლისფერი ამულეტი,

      თვალს ვარიდებ გადამტვრეულ,

      პირბლაგვ მახვილს,

      „რა უყავით,

      რა უყავით მამულები?!“ –

      ტირილის ხმით

      ვიღაც გაღმით გამომძახის.

      ეს ხმა

      ათას ჩემისთანა გულთან დაობს,

      ხან მრისხანებს,

      ხანაც გლოვის ისმის ზარი -

      „ ვის მიეცით

      ეს წყალ-ჭალა საიგავო,

      უფლისაგან

      სასოებით ნაბოძვარი?!“

      ამობრწყინდი, მზეო,

      ღამის გამთენებო,

      ჩვენ თუ არა,

      სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს. . .

      გაიღვიძეთ,

      გაიღვიძეთ, ქართველებო! –

      დამდგარია

      ტანზე თაფლის წასმის ჟამი.

      აღარ ვიცი,

      ვინ ან როგორ შევაჩვენო,

      ქსანს და არაგვს

      უცხო მუმლი მისევია,

      ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,

      გადატყაულ მუხლისთავზე

      მისვენია.

       გამთენიისას

        შორს ბუბუნი გააქვთ მუხებს, 

       ისმის ჩიტთა რია-რია,

       ნამი ბრწყინავს, ალბათ წუხელ

       ანგელოზებს უტირიათ.

       ცა რომ ღრუბლის კარავს გაშლის,

       ხევში ჩაჰფენს ნისლის ფთილებს,

       იგალობებს შავი შაშვი,

       დილას ყელში გამოივლებს.

       ქართლის მთები ფერხულს კრავენ,

       ათრთოლებენ ნაძვს და ღვიას

       და ჩანჩქერთა რძისფერ მკლავებს

       შავ კლდეებზე ჩამოშლიან.

       ჰგავს ნიავი მინდვრის მგოსანს, -

       ტრფობით ბევრჯერ წვეს და დაგეს,

        ჩაეხვევა ვარდს და სოსანს,

        ბაგეს გადაიბადაგებს.

        კვლავ ბუბუნი გააქვთ მუხებს,

        მათრობს ჩიტთა რია-რია,

        ნამი ბრწყინავს, ბაღში წუხელ

        ანგელოზებს უტირიათ.

          ცხრაჯერ

           ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი

           ქალმა კოშკიდან ამაყად,

           ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი,

           ერთხელ არავინ ამამყვა.

           ცხრაჯერ ვამტვრიე ცხრა კლიტე

           ან ცხრაკლიტული რა იყო. . .

           კარი დავტოვე ღრიჭოდა,

           მაგრამ არც ერთხელ გაიღო.

           ცხრაჯერ ვიქეცი თეთრ შუნად,

           დავწურე მკერდის მტევნები,

           ფეხთ ვეცი მონადირეთა,

           სად იყო გამომდევნები?!

           ცხრაჯერ შევბღავლე ქარაფებს,

           ცხრაჯერ დუმილმა დამსუსხა,

           ჯავრით გულშეწუხებულსა

           არავინ გამეპასუხა.

           ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი

           ქალმა კოშკიდან ამაყად,

           ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი,

           ერთხელ არავინ ამამყვა.

            ლექსებს  ვკითხულობ

            ღმერთო, მომმადლე მოთმენის ნიჭი,

            დამბადე მწყემსად ანდა - ქვითხუროდ,

            გთხოვ, მაპატიო, მე როცა მიჭირს,

            ლოცვების ნაცვლად ლექსებს ვკითხულობ.

             იდგა დარი თუ გრიგალს მივქონდი,

             სულ მწამდა, უცხო ნაპირს ვნახავდი,

             ვერ დავიურვე მაინც სტრიქონი,

             ვერ მოვიხადე ლექსის სახადი.

             ნურვინ ჩამითვლის სურვილს აუგად,

             მუდამ მლოცველი ვიყავ ამ მიწის,

             რა ვქნა, თუ იის ეშხმა დამბუგა,

             ბროწეულების ცეცხლში დავიწვი.

              ქარი რომ ნისლის ბაირაღს გაშლის,

              გულო, დარდით ნუ დამეხურები,

              შორს ვარსკვლავები ბრწყინავენ ცაში,

              როგორც იესოს ნაფეხურები.

              ღმერთო, მომმადლე მოთმენის ნიჭი,

              დამბადე მწყემსად ანდა - ქვითხუროდ,

              გთხოვ, მაპატიო, რომ როცა მიჭირს,

              ლოცვების ნაცვლად ლექსებს ვკითხულობ.

             არც  არაფერი  მომხდარა

              ჟამია - გვიდგას მაისი,

              ჟამია - გავირიყებით, 

              მოდის ცხოვრება თავისთვის,    

            მეც შორიახლო მივყვები.

               იფნის რტო ქარმა მოხარა,

               ლურჯ ცას ღრუბელი აურევს,

               არც არაფერი მომხდარა, -

               ვტირი,

                            ცრემლს ვიშინაურებ.

             გაზაფხული  ქსანზე

             ზედ გულზე მადევს ეგ თბილი ხელი,

             მოვდივარ, ვიცი, შენც გენატრები,

             მოასკდებიან ღობეებს წნელის

             ვარდისფერკაბა დები - ატმები.

             თითქოს პირველად ვიყო მნახველი,

             ისე მაბრუებს სურნელი ბელტის,

             გადახეულა თოვლის საყელო

             და აპრილს იის მოუჩანს კერტი.

             სხვაგან თუ მისწრებს შენი წყურვილი,

             თავქვეშ გავიფენ ბალახს ჭილოფად

             და მოკისკისე სალამურივით

             შვიდგან გავიხსნი გულზე ჭრილობას.

             და როცა ჟამი თავისას მიზღავს,

             აქედან ვიცი, რასაც მიპირებ, -

             თუ მომკლავ, ალბათ, შემოდგომისას

             და ხეთა ყვითელ ფოთლით მიტირებ.

             ჯერ კი შენთან ვარ და ალბათ კიდევ

             ბევრჯერ ამინთებ კოცონებს სულში

             და პეშვით ხორბლის საკმეველს გიკმევ

             პაპის კვალდაკვალ ჩამდგარი ხნულში:

             „ ეს - ერს, გადურჩეს მეწყერს და ავდრებს,

             ეს - სტუმარს, ესეც - შაშვსა და ოლოლს. . .“

             და როგორც პაპამ მასწავლა ადრე,

             ოჯახს ვახსენებ ყველაზე ბოლოს.

             ქსანზე ვარ. . . ლურჯად ელავს ნაპირი,

             მზით დაქარგულა მთათა კალთები

             და საქართველოს ლოცავს აპრილი

             აყვავებული შინდის სანთლებით.

              ჯერ  თუ  არ  გამომაღვიძე

              სულ კლდე-ღრეს მოვეხეთქები,

              რა მიგავს მშვიდს და იღბლიანს,

              მაინც საწუთროს სურვილზე

              არც როდის არ გამივლია.

              მე რა სიმდიდრეს მაგულვებ -

              უქონ-უპოვარს ხამლიანს,

              ქვიშისფერ კლდესთან ნაწოლი

              სულ სხვის სურვილმა დამლია.

              წანწკარა ღელეს ნაჩვევი

              დიდ ზღვებს ვერ გავყევ მორხევით,

              სხვათ მუცოს ციხე ვეგონე,-

              გულგამოხრული, ოხერი.

              მე ქერის პური მალოღნეს,

              სხვანი დალაღდნენ დიკითა,

              ვერ იქნა, მაინც საწუთრომ

              ფეხებზე ვერ დამიკიდა.

             სიცოცხლე - ვისთვის ეკალი,

             ვისთვის გაშლილი ბაღი ძევს,

             ისე ვერ მომკლავ, სიკვდილო,

             ჯერ თუ არ გამომაღვიძე!

             ქართლი

               როცა ქართლში გაზაფხული

              აამწვანებს სერს და ყანობს,

              ცხელი სისხლი ჩაუდგება

              სამაჩაბლოს, სამუხრანოს.

              დაშვენდება საულვაშე

              დოლის პურს და ქერის თავთავს,

              ქსანზე ნისლად აცურდება

              წმიდა სული ერისთავთა.

              მუხრანს ზემოთ ერთი შინდი

              რომ ყვავილობს გამთენია,

              ქეთევანის სულის საოხ

              ანთებული სანთელია.

              მიწას, ასჯერ გადაბუგულს,

              თავზე ადგას სვეტი ნათლის,

              პირჯვრის წერით სათქმელია:

              ზემო,

                          ქვემო,

                                       შუა ქართლი.

               ქართლო, საქართველოს ძირო!

               ქართლო, საქართველოს ფარო! –

               არც არავინ გაგიტოლო,

               ვერც ვერავინ შეგედაროს.

               გადავძახი ოთხივ მხარეს,

               სადაც მზერა გადამიტანს:

               „ საქართველო ქართლით არი!“

               ზეცა ამბობს:

                                     „ჭეშმარიტად!“

                მეფედ საქართველოისა

               არ ითქმოდა არვის ნებით,

               თუ სკიპტრას და ოქროს გვირგვინს

               მცხეთას შენ არ უკურთხებდი.

                უწინ ბევრჯერ ნაწამები,

                მაინც მუდამ მთქმელი მართლის,

                ერის მჩენი, გადამრჩენი -

                ქართლი,

                                მშვენიერი ქართლი!

                მცხეთას ლოცვად დაგიდგები,

                ვიმარტვილებ,ვიმარხულებ,

                თუ ათას წლებს შენ ასეთი

                ეშხით გამოიზაფხულებ.

                დღეისდღესაც ღვაწლი შენი,

                მადლი შენი უდევს დვრიტად,

                „საქართველო ქართლით არი!“

                ცა მიმოწმებს:

                                      „ჭეშმარიტად!“

                 მე ვით გეტყვი ანდა ქვეყნად

                 ღვაწლი შენი ვინ თქვას დათვლით. . .

                 დედასაქართველოისა,

                 გული საქართველოისა -

                 ქართლი,

                               საოცარი ქართლი!

ზაფხული მოვა

ისევ იმ მხარეს მოვიდა თოვლი,

მე რომ ველოდი ვარდს და კესანეს,

ხვალ ბალახები მიწის ჭრილობებს

მწვანე თითებით ამოკემსავენ.

მზე მიახატავს ამ შიშველ ფერდობს

ტყემლის ქათქათა ქალწულურ მკლავებს,

შენ თუ იფიქრებ - სიძულვილისთვის,

სიყვარულისთვის მსჯიან და მკლავენ.

შორს, ტყისპირებში გუბდება ია,

უცხო იმედი მოაქვს კესანეს -

მოვა ზაფხული და ბალახები

მიწის ჭრილობებს ამოკემსავენ. 

გალავანს ვივლებ

ლექსებს კი არ ვწერ,

თითქოს მაღალ გალავანს ვივლებ,

რომ სხვათა მზერას,

უცხოთა თვალს გარიდებულმა

სიცილ-ხარხარით

მალაყი კი არ ვჭიმო თოკზე,

ჩუმი წკმუტუნით

ჭრილობები ვილოკო, ანდა

მრავალძარღვა და ჭინჭრის დედა

დავიდო წყლულზე. 

კაი ყმის ხელით ვკვდებოდი

ლომისით ბინდი ჩამოდის,

ლეშზე ხარობენ აფთრები,

არ ჩამოჰყვები ბნელ ღამეს,

მალვით არ ჩამისაფრდები.

და როცა მუხრანის ველზე

მთვარე შავ ჩრდილებს დამაყრის,

გულდაგულ გადამიდგები

მოყმე პირბადრი, ამაყი.

ორნივ ლაღნი და უკადრნი

სახელით, ციხე-ქავითა,

ცა წითდა ჩემი ფრანგულით,

შენ დამასწარი წამითა.

მთვარე გორს უკან ჩავიდა,

მეც ვილეოდი, ვდნებოდი,

გულს მაინც მადგა ნათელი —

კაის ყმის ხელით ვკვდებოდი.

და ბოლო ამოქშენამდი

სული გათენდა, ამზევდა,

ავიწიე და ... გაკოცე

ჩემგან გაჩეხილ მხარზედა.