ჰაფეზი

XIV საუკუნე

თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა

***

გაზაფხულია, ვარდების ცეცხლმა

შემოაწითლა შემოგარენი,

ჰე, მეგობრებო, ლხინს მივეძალოთ,

ნუ ვსხედვართ ასე მგლოვიარენი.

გარეთ ამინდი დგას საოცარი,

მოლხენისა და თრობის დროც არის,

თანამესუფრედ გვაღირსე, ღმერთო,

მზეთუნახავნი სახემთვარენი.

ცდომილთა ბრუნვის უწყვეტი ჰანგი

გვაბრუებს, როგორც ღვინო და ბანგი

და მიკვირს უქმად რად გვიდევს ჩანგი,

რატომ არ მოვთქვამთ გულმდუღარენი.

ჰაფეზ, ის დროა, ჯამები ვანთოთ,

სალხენად ველი ვირჩიოთ ფართო,

ვის დავარწმუნებთ, ბულბულნი ვართო,

თუ ვარდობისას ვართ მდუმარენი.

* * *

დადგინდა ჟამი საძლისად ძნელი,

კანონად იქცა სიმდაბლე ბნელი.

აწ აღარავის შერჩა სიქველის

და ერთგულების ნიშანი ძველი.

ბრძენთ აღზევებულ ბრიყვთა წინაშე

აქვთ სამათხოვროდ გაწვდილი ხელი.

განსწავლულთა და უნარით სავსეთ

მოჰღერებიათ საწუთროს ცელი.

სამაგიეროდ ბრიყვნი ილხენენ,

აქვთ ასპარეზი ფართო და ვრცელი.

დღეს მათ საქონელს მოუცავს ქვეყნის

აჭრელებული ბაზარი მთელი.

მგოსანს კი ზედაც არვინ უყურებს

თუნდ განანათლოს სიტყვებით ბნელი,

თუნდაც სანაის ბადალი იყოს,

თუნდაც სალამურს უგავდეს ყელი.

ქერის ერთ მარცვლად არ დაფასდება

მისი სიმღერა, უხვი და ქველი.

წუხელ გონების ხმამ ჩამჩურჩულა:

ვიცი, რომ გიდგას დღეები ძნელი.

უნდა გაუძლო ამ ბედშაობას,

უმწეობაში არ მოგწყდეს წელი.

მცირედს დასჯერდი და ლერწამივით

ამოაფრქვიე ქვითინი მწველი.

ჰაფეზ, გვემილი აღზევდი კვლავაც,

გფარავდეს მარად შემწე და მხსნელი.