ცხვარიჭამია

სოფელი ცხვარიჭამია მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზამის ხეობაში,

მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში (სოფლები: თეზამი, კევლიანი, მშრალხევი, ლელუბანი, მამკოდა),

ზღვის დონიდან 1180 მეტრზე.

ცხვარიჭამია ითვლება რეკრეაციულ-კლიმატურ საკურორტო ზონად, სასუნთქი ორგანოების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

მდიდარია მცენარეული საფარით. ზაფხული თბილი და ხანგრძლივია.

ცხვარიჭამიას დიდი საყდარი,რომელიც ამაღლების სახელობის სალოცავად მოიხსენიება- ხელოვნურ ტერასაზე მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით,სასაფლაოსთან. სტილისტური ნიშნების მქონე საყდარი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. იგი სამეკლესიანი ბაზილიკაა (9,2 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია გათლილი შირიმის ქვა, ხოლო კედლის თაღებისათვის – აგური.

შუა ეკლესია გვერდითი ეკლესიებთან შედარებით უფრო ფართო და მაღალია. სამხრეთით კედლის თაღებს შორის და დასავლეთით სიმეტრიის ღერძზე ორი შესასვლელი აქვს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. ეკლესიის კამარა ორ შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა, რომელთა კონსოლების პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს.

ეკლესიის აფსიდის ღერძზე თაღოვანი პარალელურწირთხლებიანი სარკმლებია. მის სამხრეთით პატარა სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში გაჭრილია შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელი. ეკლესიის გრძივ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ნიშია.

ჩრდილოეთის ეკლესიას დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთით სამკვეთლოა. სამკვეთლო შუა ეკლესიას სწორკუთხოვანი ღობით უკავშირდება.

სამხრეთის ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში თაღით გამოყოფილია სწორკუთხა სათავსი (საკურთხეველი), რომელსაც კვერცხისებრი კამარა აქვს. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედლის შუაში სამეკლესიანი ბაზილიკის მთავარი შესასვლელია, რომელიც ორმალიან თაღედს წარმოადგენს, თაღებს შორის მრგვალი სვეტია.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები ერთმანეთს შუა ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიდგმული კარიბჭით უკავშირდებიან.

კარიბჭე გეგმით სწორკუთხაა, იგი გარედან შუა ეკლესიისგან არ გამოიყიფა და მასთან ერთად საერთო ორფერდა სახურავითაა გადახურული. კარიბჭის გუმბათი უშუალოდ გუმბათის საფუძვლამდე ასულ ოთხ ტრომპს ეყრდნობა. თვით ტრომპების მრუდი სიბრტყეები საფუძვლით რამდენიმე კედელშია შეჭრილი. კარიბჭე გვერდითი ნავებისკენ თითო ფართო თაღითაა გახსნილი, ხოლო მთავარ ეკლესიას სწორკუთხა შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე სარკმლები მარტივი სათაურებითაა მორთული.

ცხვარიჭამიას სამეკლესიანი ბაზილიკა მკვეთრად განსხვავდება ამ ტიპის სხვა ადრინდელი ნაგებობებისაგან – გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი დასავლეთის შემოსასვლელი გუმბათიანია.

ცხვარიჭამიაში აგებულია პატარა საყდარი,რომელიც სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (კონქის თაღი, შესასვლელის თაღი, აფსიდის კუთხეები) კარგად გათლილი შირიმის ქვაცაა გამოყენებული. ეკლესიას აღმოსავლეთით უსწოროდ მომრგვალებული აფსიდი აქვს. აფსიდის თაღი და კონქი დადაბლებულია. კონქის თაღის ქუსლებთან შირიმის თაროსებრი ომპოსტებია. საკურთხეველში, სამხრეთით და დასავლეთით, გაჭრილია თითო სწორკუთხა პარალელურწირთხლებიანი, ბრტყელი ზღუდარით გადახურული სარკმელი. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე მიშენებული ჰქონდა ვიწრო სათავსი-თაღნარი, რომელიც ეკლესიას ვიწრო თაღოვანი შესასვლელით უკავშირდებოდა. სათავსი ნახევარწრიული კამარით ყოფილა გადახურული.

ცხვარიჭამიას წმინდა მარიამის ეკლესია სოფლის ძველ ცენტრში მდებარეობს.

იგი XIX საუკუნით თარიღდება.

ეკლესია დარბაზულია (10 X 6 მ), ნაგებია რიყის ქვით.

კუთხეებში და კარ-სარკმლების საპირეებად შირიმია გამოყენებული. ეკლესია გადაკეთებულია. სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლის ადგილას გაჭრილია შესასვლელი, ჩრდილოეთ სარკმლები ამოქოლილია. შესასვლელი დასავლეთიდანაა.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. საკურთხეველი დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა სარკმელი. ფასადებზე სარკმლები დასრულებულია ჰორიზონტალურ ხაზზე დაყრდნობილი თაღოვანი ზოლით. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის მოჩარჩოების თაღოვან არეში რელიეფური ჯვარია გამოსახული.