რამდენად რეალურია იმედი, რომ ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს?
ამონარიდი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან დავითაშვილთან ინტერვიუდან . https://kvirispalitra.ge/article/22579-qarthuli-ghvino-chinethis-milioniani-qalaqebisthvis/
– ეს იმედი რეალურია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ შევაფასეთ, რომ ეს ქვეყანა მართლაც პერსპექტიული იქნებოდა ქართული ღვინისთვის და ამის შემდეგ დავიწყეთ მოქმედება. უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის ბაზარი მზარდია – თუ სხვა ქვეყნებში ღვინის მოხმარება მცირდება, იქ, პირიქით, იმატებს. ამასთან, ეს აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი ბაზარია: თუ აშშ-ში ყოველწლიურად 3,9 მილიარდ ბოთლ ღვინოს ყიდიან, ჩინეთის ბაზარზე დაახლოებით 2 მილიარდი ბოთლი იყიდება. ეს არის უზარმაზარი სივრცე, სადაც ღვინო ჯერჯერობით რამდენიმე ქვეყანას შეაქვს, და იქ არის ადგილი, სადაც შეიძლება ქართული ღვინო დამკვიდრდეს.
თუ ევროპასა და დასავლეთში საკმაოდ პრაგმატული მიდგომა აქვთ და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ჩინეთში პირიქით ხდება. ეს ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ და დავრწმუნდით, მით უმეტეს, რომ ჩინეთიც უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა. პოზიტივებს შორის დავასახელებდი იმასაც, რომ ჩინელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის ძალიან თბილი და კეთილი, რასაც ზოგიერთ ქვეყანაში ვერ ვხედავთ. სამწუხაროდ, საქართველო უცნობია ყველგან, გარდა დსთ-ის სივრცისა. ჩინეთშიც მსგავსი მდგომარეობაა, მაგრამ საქართველო იქ მაინც უფრო იციან და ვინც იცის, საკმაოდ დადებითად არის ჩვენ მიმართ განწყობილი.