სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.ნაშრომის ხელმძღვანელი: ნინო პავლიაშვილი.თბილისი, 2018
ენოტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ვაზის და ღვინის ისტორიულ-კულტურული განვითარება. საქართველო ვაზის კულტურის უძველესი კერაა. ცნობილია, რომ ღვინო საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი საფუძველი იყო – ქართული ღვინით ამარაგებდნენ მეზობელ სახელმწიფოებს. თუმცა, ქართველების დამოკიდებულება ვაზისა და ღვინისადმი ნამდვილად ვერ ამოიწურებოდა (და ვერ ამოიწურება) მხოლოდ მატერიალურ- ეკონომიკური სარგებლიანობის მოტივით. შეიძლება ითქვას, რომ ეს დამოკიდებულება უფრო
საკრალურ-მისტიკური ხასიათის იყო. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტი პრექრისტიანული მოვლენაა. მითოლოგიაში ვაზი ღვთაებრივ მცენარედ ითვლებოდა. ქართველთა წარმოდგენით, იგი იყო „სიცოცხლის ხე“. მას შემდეგ, რაც უმთავრესი ღვთაება გახდა მზე, მცენარეთაგან მზისთვის ყველაზე ახლობელად ვაზი მიუჩნევიათ, რადგან ვაზი ყველაზე მეტად შეიწოვდა მზის ძალას, რომელიც ვაზის მტევნებიდან ღვინოში გადადიოდა და სწორედ ეს ძალა ათრობდა ადამიანს. შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ წმ. ნინომ ქართველები ვაზის ჯვრით გააქრისტიანა. სავარაუდოდ წმ. ნინოს უნდა სცოდნოდა, რომ ვაზს ქართველები ოდითგანვე აღმერთებდნენ. ისინი არ იცნობდნენ ქრისტიანობას, მაგრამ ცნობდნენ ვაზის ძალას, რაც მათში აღძრავდა ნდობისა და სიყვარულის ფაქტორს. ვაზისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამომხატველია ქართული ტაძრების ჩუქურთმაც. ქართულ ჩუქურთმაში არის ერთი მთავარი ხაზი, რომელიც ვაზის მიმოხრას ასახავს. ხშირად ქართულ ორნამენტში ვაზის ფოთლები ან მტევნებია ჩახატული. ვაზის მტევნებია ჩახატული სვეტიცხოვლის დასავლეთის ფასადზე. რაც მთვარია, ასეთი ხაზები უძველეს ძეგლებზეც ჩანს. მაგალითად, ასეთი მოხაზულობაა უძველესი დროის თრიალეთის თასზე, უძველეს ბალთებზე, ქართულ ნაქარგობაზე, ძველ ხელნაწერებში ჩართულ ნახატებზე და ტრადიციული ქართული ოდის ორნამენტებზე.
ზუსტ მეცნიერულ ცნობებს ქართველთა მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის შესახებ, არქეოლოგიური გათხრები გვაწვდის. დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, გადაჭრილი გორის ნასახლარზე მსოფლიო დონის აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგებმა ძვ. წ. VI ათსწლეულის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნებით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera Sativa-ს მიაკუთვნეს. 2006-2007 წლებში გადაჭრილი გორის ნასახლარზე გათხრები განახლდა და აქ კიდევ აღმოაჩინეს ნეოლითის ხანის რამდენიმე წიპწა, ამასთანავე, ნამოსახლარზე ნაპოვნ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებზე, ქიმიური ანალიზის შედეგად, ღვინის მჟავის კალციუმის მარილის არსებობა დადასტურდა.
საქართველოში ამგვარი არქეოლოგიური აღმოჩენები წლების განმავლობაში გროვდებოდა. აღსანიშნავია, შულავერის გორაზე მიკვლეული V–IV ათასსწლეულის, ხიზაანთ გორის IV ათასწლეულის, მდ. ივრის ხეობაში, ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ- არაქსისეული კულტურულ ძეგლზე, ქვაცხელებში ნაპოვნი წიპწები. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო, ს. დიღმის გვიანბრინჯაოს
ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილი ძვ. წ. XIV-XI საუკუნის წიპწები, რადგან აქ ერთად აღმოჩნდა საღვინე და სასუფრე ჯიშის წიპწები. თუმცა ყველაზე დიდი აღმოჩენა მოხდა 2016 წელს. არქეოლოგებმა ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას – \”Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს. (ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია თბილისში გაიმართება, 2015) ვიტის ვინიფერა – ვაზისებრთა ოჯახის (Vitaceae) ვაზის გვარში (Vitis) შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროაზიური ვაზის კულტურულ ჯიშებს (Vitis vinifera L.Ssp sativa DC) და ველურ ვაზს (Vitis vinifera L. Ssp silvestris (Gmelin) Hegi) (საქართველოს კანონმდებლობა „ღვინისა და ვაზის შესახებ“, 2017). შეიძლება ითქვას, რომ ამ აღმოჩენამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის და ასევე ენოტურიზმის განვითარებისთვის. ქართული ღვინო ისედაც იყო ცნობილი რიგ ქვეყნებში, მაგრამ ამ აღმოჩენის წყალობით საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, გაიგო მთელმა მსოფლიომ. ამ გარემოებამ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც დადებიდათ აისახა ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე და ქვეყანაში ღვინის ტურისტების რაოდენობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მეღვინეობის კიდევ ბევრი არქაული კვალია შემორჩენილი, ამასთანავე, ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობაში წყვეტა არ ყოფილა
სხვადასხვა ადგილებში აღმოჩენილ ღვინის წიპწებთან ერთად, საქართველოში არსებულ მაღალგანვითარებულ მეღვინეობაზე მიგვანიშნებს, არქეოლოგიური ნივთებიც. თრიალეთური კულტურის თიხის ჭურჭელი განსაკუთრებული მხატვრული მოხატულობით გამოირჩევა. მათ ზედაპირზე გამოსახულია ფიგურების ფერადი სახეები, ხშირია გველის გამოსახულება და სხვა. სავარაუდოა, რომ ასეთი ნატიფი ნახატებით შემკული ჭურჭელი უნდა გამოეყენებინათ საკულტო ღვინის დაწურვისა და დაყენების დროს. მეცნიერებს ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს სამარხებში აღმოჩენილი სხვა საკულტო ნივთები აძლევთ.
საქართველოში მევენახეობის საქმიანობის შესახებ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ფაქტების გარდა, უმნიშვნელოვანეს ცნობებს ვხვდებით წერილობით ძეგლებშიც. ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ბერძნული წყაროები უნდა მოვიხმოთ. მათში დოკუმენტურ მითითებებს ვხვდებით, კოლხეთში ღვინის მაღალი კულტურის შესახებ. ჰომეროსის „ილიადაში“ კოლხური ღვინოებიცაა მოხსენიებული. „ოდისეას“ ერთ-ერთ თავში
აღწერილია ოდისევსის სტუმრობა გრძნეული კირკეს კუნძულზე. აქ ნათქვამია, რომ დედოფალი სტუმრებს ყოველდღე უმასპინძლდებოდა საამო სასმელებით, ლალისფერი ღვინით, რომელსაც ვერცხლის თასებით მიირთმევდნენ. კირკე კოლხეთის მეფის აიეტის და იყო, სავარაუდოდ, უმშვენიერესი მასპინძელი სტუმრებს კოლხურ ღვინოს სთავაზობდა.
განსაკუთრებით ძვირფას ცნობებს გვაწვდის აპოლონიოს როდოსელის ტექსტი – „არგონავტიკა“, რომელშიც კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოტაცების მითია აღწერილი. კოლხეთში არგონავტებმა ბევრი საოცარი რამ ნახეს, მათ შორის ვაზების ხეივანი. აქ თურმე შადრევნებიდან ღვინო გადმოდიოდა. ეს ცნობა შეიძლება გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, თუმცა, ფაქტია, ზედმეტი გაზვიადების საფუძველს თავად კოლხური ღვინის სიუხვე იძლეოდა.
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ქართველების სიყვარული და პატივისცემა ვაზისა და ღვინისადმი კიდევ უფრო აშკარად და ნათლად გამოიხატა. III-IV საუკუნეებიდან მეღვინეობის განსაკუთრებული განვითრება შეინიშნება. ეს კარგად ჩანს არქეოლოგიურ ძეგლებშიც. ამ საუკუნის ფენებში, როგორც წესი, მარნებისა და ქვევრების სიუხვეა. ქალაქის მცირე ტერიტორიაზეც კი, მარნებისათვის საკმაოდ ვრცელი ადგილია გამოყოფილი.
როგორც არქეოლოგიური და წერილობითი ცნობებიდან ჩანს, მარნები მხოლოდ შიდა საჭიროებისთვის არ იყო განკუთვნილი. ადრეული პერიოდიდანვე ღვინო სასაქონლო პროდუქტს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ თვით ეკლესია-მონასტრები აქტიურად იყვნენ ჩართული ღვინის წარმოებაში და ყველაზე მეტად მოწესრიგებული წარმოებაც მათ ჰქონდათ.
მოცემული პერიოდიდან შეინიშნება საღვინე ჭურჭლის მრავალფეროვნებაც. აღმოჩენილია პატარა ზომის ხელადები, ჭინჭილები, ქვევრიდან ღვინის ამოსაღები ქილები, რომლებიც კარგად დამუშავებული თიხისგანაა დამზადებული და პრიალა, ან წითლად შეღებილი ზედაპირით ხასიათდება.
ამგვარად, მევენახეობის როლი ქვეყნის ეკონომიკაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, განსაკუთრებული აღმავლობა შეინიშნება შუა საუკუნეებში. ამას ადასტურებს დიდძალი წერილობითი მონაცემებიც და არქეოლოგიური მონაპოვარიც. ქართული საზოგადოების ყველა ფენისათვის ღვინო ყოველდღიური საარსებო პროდუქტია და შესაბამისად, მევენახეობა- მეღვინეობა განვითრების უმაღლეს საფეხურზეა ასული. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში,
მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკის სიძლიერის ფუნდამენტს ქმნიდა. ეს ფაქტი ცნობილი იყო მთელი იმდროინდელი ევროპისათვის. სწორედ ამიტომ იყო, როდესაც საქართველოს მტერი შემოესეოდა, პირველ რიგში, სწორედ ვაზის გაჩეხვას და ამით ეკონომიკური საყრდენის მოშლას ცდილობდა.
უკვე XIX საუკუნეში ქართული ღვინო არაერთ მსოფლიო მასშტაბის გამოფენაში ღებულობს მონაწილეობას. ამ დროს ევროპა გაეცნო ქართულ ღვინოებსა და ღვინის ბრენდებს (არაყსა და კონიაკს). საინტერესო ფაქტია, რომ 1900 წელს, პარიზის გამოფენაზე ქართულ მეღვინეობას ძალიან დიდი ადგილი ჰქონია დათმობილი. ამის შესახებ იმდროინდელ გაზეთებშიც დაუწერიათ. გაზეთები იტყობინებოდნენ, რომ გამოფენაზე გამოუტანიათ „კახეთის საუფლისწულო ვენახების“ ღვინის სარდაფების ფოტოები, ხელსაწყოები და ყურძნის მტევნების საკმაოდ დიდი კოლექცია.
ე.წ. ახალი ქართული ღვინის ისტორია კი მეოცე საუკუნის მიწურულიდან 1990-იანი წლებიდან იწყება. სწორედ ამ დროს ჩნდება პირველი თანამედროვე ხედვის ღვინის მარნები, როგორებიცაა თელიანი ველი, თბილღვინო, თელავის მარანი და სხვა. ამ პერიოდიდანვე უფრო აქტიურდება ქართული ღვინის გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე და უცხოელი მომხმარებლის დიდ მოწონებასაც იმსახურებს.