ვანის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. ანტიკურ ხანაში მის ტერიტორიაზე უძველეს დასახლებათა საფუძველზე, ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი განვითარდა, რომელმაც აყვავებას ძვ. წ. III-I სს-ში მიაღწია.

ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. ნაქალაქარი ქალაქ ვანის მიმდებარედ, ბორცვზეა განლაგებული, საიდანაც რიონის დაბლობის, ქალაქი ქუთაისისა და კავკასიონის მთების მშვენიერი ხედები იშლება. ვანში შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებისა და ტაძრების მონახულებასაც შეძლებთ, როგორიცაა თამარის ციხე, გორმაღალის ციხე, შუამთის წმ.გიორგის ეკლესია და სხვა. რაიონის ღირსშესანიშნაობებიდან ასევე აღსანიშნავია ბზვანის კარსტული მღვიმე და დიხაშხოს გოგირდის გეიზერები. უძველესი კულტურის მქონე ვანში დაიბადნენ xx საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტები გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე, რომელთა სახელობის მუზეუმი სოფელ ჭყვიშში მდებარეობს.

ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოქმედებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქალაქ ვანში კი სახვითი ხელოვნების მუზეუმი და სახალხო თეატრი. წლის 2 ივნისს ვანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო დღესასწაული „ვანელობა“, ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ენიჭებათ საპატიო ვანელის წოდება.
წყარო: georgiantravelguide.com

ვანს გაუმარჯოს!
ვანელებს სალამი!