სენაკი (მეგრ. სანაკი) — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
გეოგრაფია
მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 288 კმ-ით. (რკინიგზით 272 კმ). სენაკში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულ-შემოდგომაზე. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5°C, იანვრისა 5,4°C, აგვისტოსი 22,8°C. ნალექები 1670 მმ წელიწადში.
რელიეფი
სენაკის ტერიტორია რელიეფის ფორმის მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთ მხარეზე ქალაქი, მთელ სიგრძეზე შხეფიდან კურორტ მენჯამდე, მიყვება ეკის მთის კალთებს და მცირე სიმაღლის სერებსა და ბორცვებს. ქალაქის ცენტრი და სამხრეთ ნაწილი ვაკე და გაშლილი ადგილია, რომლის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 28 მეტრია. ქალაქის ტერიტორია ძირითადად იშლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარეების ტეხურისა და ცივის (ცი') შორის. ქალაქს შუაში კვეთს პატარა მდინარე ფიცუ (ტეხურის ერთ-ერთი შენაკადი).
სენაკი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. მას სამეგრელოს რეგიონში ცენტრალური მდებარეობა უჭირავს და აკავშირებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ცენტრს ერთმანეთთან.
სახელწოდება
სენაკის ტერიტორიაზე დაარსებული ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტი თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც ახალი სენაკი/ახალსენაკი. 1933 წელს ქართველი საბჭოთა რევოლუციონერისა და პოლიტიკური მოღვაწის პატივსაცემად მიხა ცხაკაია ეწოდა, 1976 წლიდან კი ცხაკაია (ეპითეტის გარეშე). 1989 წელს ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება „სენაკი“.
სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“: „მცირე სახლაკი. მონაზვნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი“. გადმოცემით, დღევანდელი ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მახლობლად შუა საუკუნეებში მოუწყვიათ სასულიერო პირებისთვის ან სავაჭრო დანიშნულებისთვის პატარა ოთახები, საიდანაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს ადგილის სახელწოდება. იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის ცნობით, შესაძლოა სახელწოდება „სენაკი“ უკავშირდება მდინარე ტეხურის ძველ ბერძნულ-რომაულ სახელწოდებას სინაგპი/სინგამე. პოპულარული, ხალხში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ტოპონიმი სენაკი (მეგრ. სანაკი) მომდინარეობს ერთ-ერთი მეგრულ-ლაზური ტომის — ზანების სახელწოდებიდან — (ზანი → სანი → სანაკი).
ისტორია
დაარსება
ახალსენაკის რკინიგზის სადგური, XX ს. დასაწყისი
სენაკი დასახელებულია შუა საუკუნეების რამდენიმე საეკლესიო-საისტორიო წყაროში. კერძოდ: „საცაიშლო გამოსავლის დავთრის მინაწერებში“ (1616-1621 წწ.) აღნიშნულია: „სენაკს საყდარი მაცხოვრისა ორის მისის სასახლითა“ (ქსძ, III, გვ. 533); შემდეგი დავთარი გვამცნობს: „არის წყარიგზას და სენაკს ოთხი მსახური“ (ქსძ, III. გვ. 481). 1648 წელს ვამეყ დადიანის მიერ შედგენილ „შეწირულობის წიგნში“ აღნიშნულია: „სენაკს საყდარი გვთხოვეთ და მოგეცით...“ (კაკაბაძე, I, გვ. 53) და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში ავტორები გულისხმობენ დღევანდელ ძველ სენაკს, სადაც თავდაპირველად მდებარებდა მხარის მთავარი სავაჭრო ადგილი და სენაკის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი.
1871 წელს დაიწყო ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რკინიგზის სადგურის აშენება გადაწყდა თეკლათის ტერიტორიაზე დღევანელი ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე. სწორედ სადგურის მშენებლობამ განაპირობა ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტის წარმოქმნა ახალ ადგილას, რომელმაც უპირატესობა მალე წაართვა ძველ სენაკს.
საბჭოთა კავშირის პერიოდი
1921 წელს ახალსენაკს ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. საბჭოთა პერიოდში ქალაქში განვითარდა საფეიქრო და კვების მრეწველობა. ამოქმდდა ხალიჩების საქსოვი კომბინატი, ჩაის ორი ფაბრიკა, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, ხილის, წყლების, პურის, ტუნგოს გადამამუშავებელი და სხვა. მოქმედებდა მეციტრუსეობის მეურნეობა. გაიზარდა ქალაქის მოსახლეობა. 1933 წელს სენაკს ეწოდა ცხაკაია მიხა ცხაკაიას პატივსაცემად.
30-იანი წლებიდან სენაკთან ახლოს განვითარება დაიწყო ბალნეოლოგიურმა კურორტმა მენჯმა. იმავე პერიოდში სენაკთან ახლოს გაშენდა სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო-საჰაერო ბაზა. დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადა არის დისლოცირებული. პარალელურად სენაკში გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულეებების ქსელი, აშენდა სახალხო თეატრი, 3 კინოთეატრი, 2 კულტურის სახლი, 6 ბიბლიოთეკა, სამხატვრო გალერეა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, მუზეუმები და ა. შ.
დამოუკიდებლობის შემდეგ
სამხედრო შეტაკებები სენაკთან, 90-იანი წლები
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი წლები სენაკისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. სწორედ სენაკი მოექცა 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ეპიცენტრში. შედეგად ქალაქი რამდენიმეჯერ გაიძარცვა და დაიბომბა. სენაკში მოქმედი ფაბრიკა-ქარხნების უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და გაპარტახდა. გავერანდა კურორტი მენჯი. მოიშალა აქტიური კულტურული ცხოვრება.
მძიმე ეკონომიკური პირობები დაეტყო ქალაქის მოსახლეობასაც; მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საცხოვრებლად ქვეყნის დედაქალაქსა და საზღვარგარეთს მიაშურა.
რამდენიმეჯერ დაიბომბა სენაკი რუსეთ-საქართველოს ომის (2008 წ.) პერიოდშიც.
👉 ბიზნეს გეგმების სრული სია იხილეთ >>> https://www.gen.ge/business-plans/