ბათუმის ღირსშესანიშნაობები

ბათუმის ღირსშესანიშნაობებს შორის გამოირჩევაზღვისპირა პარკი. იგი ბათუმელებისა და სტუმრების საყვარელი, დასასვენებელი და გასართობი ადგილია. მე-19 საუკუნის ბოლოს ეს ადგილები წყლით იყო დაფარული. 1881 წლის ზღვამ დაახლოებით 100 მეტრით უკან დაიხია და დიდი ტერიტორია გამოათავისუფლა. გაჩნდა იდეა ზღვისპირა პარკის შექმნის შესახებ. თავდაპირველად ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მებაღე რესლერი, რომელმაც პარკის კეთილმოწყობის გეგმა შეიმუშავა, ხოლო მისი დაწყებული საქმე არანაკლებ ცნობილმა მებაღემ, დალფონსმა გააგრძელა. პარკის მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდა ქართველი მებაღე-დეკორატორი იასონ გორდეზიანი, რომელიც საფრანგეთში, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკას მსოფლიოში ცნობილ ლონდონის ბოტანიკურ ბაღში გადიოდა და ფრანგ სელექციონერ ველმორენთან მუშაობდა.

ბათუმის სახე – ზღვისპირა პარკი 2004 წლის მაისამდე სიგრძეში სულ 1.9 კმ. იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი მთელი თავისი ინფრასტრუქტურით 5 კმ-მდე გაიზარდა და დღეს თითქმის მთლიანად ეკვრის ქალაქის სანაპირო ზოლს. მისი გაფართოება-კეთილმოწყობა ამჟამადაც მიმდინარეობს. ზღვისპირა პარკში ყველა პირობაა შექმნილი დასვენებისათვის: სხვადასხვა სახის ატრაქციონები, სპორტული მოედნები, შესანიშნავი საჩოგბურთო კორტები, ჭადრაკის სახლი, ბუნგალოები… პარკის სიმბოლო – კოლონადა 1934 წელს აიგო. უმდიდრესი მცენარეული საფარი განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.პარკი პირობითად იყოფა ორ ნაწილად: დიდი ნაწილი უჭირავს საჩრდილობელ ხეივანს მრავალწლიანი ნარგავებით, სადაც სიცხიან ამინდშიც გრილა. აქვეა სუბტროპიკული ნაწილიც, იგი უშუალოდ პლაჟის გასწვრივ მდებარეობს და მას საფუძველი 1948 წელს ჩაეყარა. აქ ხარობს პირამიდული კვიპროსი, ჩინური ვარდები. ცენტრალურ ხეივანში 1300 მეტრზეა გადაჭიმული კეთილშობილი დაფნა.

"ახალ" ბულვარს ეკვრის არდაგანის ტბა. ტბას კეთილმოწყობამ მეტი მიმზიდველობა შესძინა. იგი თანდათან დასვენების თანამედროვე ცენტრად ყალიბდება: ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოებისა ტბის ტერიტორიის გასაფართოებლად და კეთილმოსაწყობად. ტბაზე გაკეთდა ორი ხელოვნური კუნძული, მოეწყო ამფითეატრი და საზეიმოდ გაიხსნა ქვეყნის პრეზიდენტის ნაჩუქარი ფრანგული შადრევანი, რომელიც მომენტალურად იქცა ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად. ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა არაერთი კაფე-ბარი, სასტუმრო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი.

1939 წელს ზღვისპირა პარკთან ახლოსსასტუმრო "ინტურისტი" აიგო აკადემიკოს შჩუსევის პროექტით. ამ ადგილზე იდგა არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ "ინტურისტის" მშენებლობას შეეწირა. შემორჩენილია ტაძრის ფოტოსურათები და მაკეტი, რომელიც ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სასტუმრო "ინტურისტი" ქართველმა ბიზნესმენმა შეისყიდა და რესტავრაცია ჩაუტარა. დღეს იგი ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმროა ბათუმში.

ბათუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან საზღვაო-სატრანსპორტო კვანძს. თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ბუნებრივად ღრმაწყლიანი სანაპიროთი ბათუმის საზღვაო ნავსაადგური ერთ-ერთი საუკეთესოა შავი ზღვის აუზში. ბათუმის საზღვაო სადგურში, რომელიც 1962 წელს არქიტექტორების – ნოვიკოვისა და კრემლიაკოვის მიერაა აგებული, შემოდიან დიდი წყალწყვის გემები. საზღვაო სადგურის მოპირდაპირედ მდებარეობს ბათუმის სატვირთო პორტი, რომელიც 1878 წელს აიგო. 1983 წელს ბათუმის ბაქოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანამ ნავსადგური საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. პორტში სამი – თხევადი, მშრალი და მოქალაქეთა გადაყვანის ტერმინალი მოქმედებს. პორტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სამუშაოები მთლიანად მექანიზირებულია. 90-იან წლებიდან პორტს ყოველწლიურად 7 მილ. ტონა ტვირთის დამუშავება შეუძლია. შემუშავებულია ბათუმის სატვირთო პორტის 2010 წლამდე განვითარების პროგრამა, რომლის შედეგად ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

პორტის მიმდებარედ თავისუფლების მოედანია, რომელმაც სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მას აზიზიეს მოედანი ერქვა და აქ უზარმაზარი მეჩეთი იდგა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921წ. მარტი) აქ ლენინის ძეგლი დაიდგა და მოედანსაც მისი სახელი ეწოდა. მოგვიანებით მოედანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებდა.

მოედანზე საძიებო სამუშაოების შედეგად ქართველ მეომართა საძმო საფლავი აღმოჩნდა, რომლებიც ოსმალებისწინააღმდეგ გამათავისუფლებელ ბრძოლაში 1921 წლის 18-21 მარტს დაეცნენ. მოედანზე ობელისკის აღმართვაა დაგეგმილი. აქვე 1929 წლის 8 თებერვალს ჩატარდა აჭარის ქალთა პირველი ყრილობა, რომლის დროსაც ყრილობის ერთ-ერთმა დელეგატმა დემონსტრაციულად ჩამოიგლიჯა ჩადრი და დაწვა. მას მიბაძა ყრილობის ბევრმა დელეგატმა. ეს დღე აჭარელი ქალის ჩადრისაგან განთავისუფლების დღედ ითვლება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო თეატრი შოთა რუსთაველის გამზირზე დგას. იგი 1952 წელს არქიტექტორ ტეპლიცკის მიერაა აგებული და 625 მაყურებელზეა გათვლილი. თეატრის კედლები და ჭერი მხატვრების – ტელენგატოვისა და ხალატოვის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მოტივების მიხედვითაა მოხატული. თეატრის სამხატვრო კონსულტანტია ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა.

ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნის დასაწყისში აჭარაში თეატრალური დასის ჩამოყალიბების მცდელობა იყო, მაგრამ თანხების არ არსებობის გამო იგი განწირული იყო დასაშლელად. 1879 წელს ბათუმში აშენდა ე. წ. "რკინის თეატრი", რომლის სცენაზეც პირველი საპრემიერო ჩვენება გახლდათ ზურაბ ანტონოვის პიესა "ნუთუ ბიძა დაქორწინდა". 1892 წელს ბათუმში ჩამოვიდა და "რკინის თეატრში" იმღერა გენიალურმა მუსიკოსმა ფიოდორ შალიაპინმა. მან ბელინის ოპერა "ნორმაში" როივეზოს პარტია შეასრულა.

ამავე გამზირზე ბათუმის ლადო გუდიაშვილის სახელობის მხატვრის სახლია, სადაც ხშირად იმართება ცნობილი მხატვრებისა და მოქანდაკეების გამოფენები. აქვეა სამხატვრო სალონები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული შემოქმედების ნიმუშებს.

ბათუმის საჩოგბურთო კორტები უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა რანგის ტურნირები. იგი რეგულარულად მასპინძლობს "ლედის ოუფენს".

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისშენობა 1903 წელს აიგო და მასში ვაჟთა გიმნაზია იყო განთავსებული. 1935 წელს პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა ორწლიანი კურსით. 1990 წლიდან შენობაში უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. შენობა რამდენიმე წლის წინ კაპიტალურად შეკეთდა, გასულ წელს კი მოწესრიგდა როგორც უნივერსიტეტის ფასადი, ასევე მიმდებარე ტერიტორია. დღეს იგი საერთაშორისო სტანდარტების დონეს აკმაყოფილებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი და ნურიგელის ტბაშოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ მდებარეობს. თავდაპირველად ტბა მალარიისა და ტიფის გავრცელების კერას წარმოადგენდა. 1881 წელს ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის სმეკალოვის ხელმძღვანელობით ბაღში დეკორატიული და სუბტროპიკული მცენარეები დარგეს. (სხვათა შორის ბათუმის მხარეში მოგზაურობისას რუსეთის ხელმწიფემ ალექსანდრე მესამემ ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მცენარეების დარგვაში და მის საპატივცემულოდ ამ ადგილს ალექსანდრეს ბაღი უწოდეს). 1935 წელს პარკს პიონერთა პარკი დაარქვეს. ამჟამად, აქ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკია. 2006 წლისთვის პარკმა თანამედროვე სახე შეიძინა: მოეწყო გზები და ბილიკები, დაიდგა, საპარკო სკამები, დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები, მოწესრიგდა განათება. აქვე აღდგება დელფინარიუმი, აკვარიუმი და ზოოკუთხე.

ბათუმის ხელოვნების მუზეუმის შენობა 1949 წელს კახა ჯავახიშვილის პროექტით არის აგებული. 1955 წლიდან აქ რევოლუციის მუზეუმი იყო, მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი, ხოლო 1998 წლის 19 დეკემბერს ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. აქვეა დასავლეთ-ევროპული და რუსული ხელოვნების განყოფილება, სადაც მე-19 საუკუნის სხვადასხა ნამუშევრებია ექსპონირებული.

ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი დაარსებულია 1908 წლის 19 მარტს. იგი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას ქუჩების კვეთაში (ამჟამინდელი მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთა). 1939 წელს მუზეუმმა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა დაიწყო. ამავე წლებიდან დაიწყო სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობაც.ბათუმის ყოფილი კათოლიკური, ამჟამადღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი 1898 წელს ბაქოში მოღვაწე ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით აიგო. თავის მხრივ ძმებმა ზუბალაშვილებმა, რომლებიც კათოლიკები იყვნენ, ეკლესია დედის _ ბარბარე თუმანიშვილის საპატივცემულოდ ააგეს. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და პირველი წირვა-ლოცვა ქართველმა კათოლიკე პადრემ ანსელმო მღებრიშვილმა ჩაატარა. საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკებმა ეკლესია გააუქმეს და მასში მაღალი ძაბვის ლაბორატორია განათავსეს. 1989 წელს ეკლესია მართლმადიდებლურმა მრევლმა აამოქმედა.

წმინდა ბარბარეს ეკლესია რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იქ ადრე რუსული სამხედრო ჰოსპიტალი იდგა. მისი აღების შემდეგ ძველი ეკლესიის ნანგრევები აღმოჩნდა, რომლის რესტავრაციის შემდეგ კვლავ ამოქმედდა წმინდა ბარბარეს ეკლესია. ეკლესიის ირგვლივ ლამაზი სკვერია გაშენებული და იგი ზღვისპირა პარკს ესაზღვრება.

წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს მაიაკოვსკის ქუჩაზე. მისი მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. სამლოცველო იმ დროისათვის ბათუმში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობა იყო. XX ს-ის დასაწყისში ეკლესიაში ღვთისმშობლის, წმ. ნიკოლოზისა და წმ. გიორგის ხატები საბერძნეთის კუნძულ ხიოსიდან გადმოასვენეს.

1998 წელს ეკლესიის დაქვემდებარებაში წმ. პანტელეიმონის სახელობის ეკლესია გადავიდა.

1998-1999 წლებში ბათუმი-სხალთის ეპისკოპოსის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ეკლესიას სარესტავრეციო სამუშაოები ჩაუტარდა.

სულიწმიდისსახელობისკათოლიკური ეკლესია 2000 წელს, გოგებაშვილის ქუჩაზე ბათუმელმა კათოლიკეებმა ააგეს, რომლის ავტორები ოლეგ პატარიძე და გიორგი ბაღოშვილი არიან. ეკლესია ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა.

ებრაული სინაგოგაბათუმში სემეონ ვულკოვიჩის მიერ 1904 წელს აშენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელ და ქართველ ხალხებს ერთმანეთთან თანაცხოვრებისა და მეგობრობის 26 საუკუნე აკავშირებს.

ბათუმის გრიგორიანული ეკლესია 1885 წელს აშენდა ავსტრიელი არქიტექტორის მარფელდის პროექტითა და მსხვილი მეწარმის მანთაშევის შემოწირულობით. 1937 წელს ეკლესია დაიხურა და მხოლოდ 1996 წელს მოხერხდა მისი ამოქმედება.

ბათუმის მეჩეთი ,,ორთა ჯამე” 1886 წელს "ასლან-ბეგ" ხიმშიაშვილის დედის შესაწირი თანხით არის აგებული . იგი ორ მეჩეთს შორის იყო მოქცეული და სწორედ, აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდება. მეჩეთი ლაზი ძმების მიერ არის მოხატული.

ბათუმს გაუმარჯოს!
ბათუმელებს სალამი!