ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი.

ბუნება

ძირულა ქვედა წევასთან

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია — 423 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 17,3 ჰა დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, 3600 ჰა – მრავალწლიანი ნარგავებით. გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება ძვირფასი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, კოპიტი, კაკლის ხე და სხვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა, ბუჯა და მათი შენაკადები. მდინარეები საზრდოობენ წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით. სოფელ შროშაში არის მარმარილოს კარიერი.

დაბლობში ნიადაგი ალუვიურია, შემაღლებულ ადგილებში სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია. დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი შედარებით ცივია, ზაფხული მშრალი. წლის საშუალო ტემპერატურაა 14 °C. იანვარის ტემპერატურაა 3,7-4,3 °C. აგვისტოში კი 24 °C. ნალექების რაოდენობა 1190 მმ. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს.

ზესტაფონს გაუმარჯოს!
ზესტაფონელებს სალამი!