რა ვნახოთ მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით. რაიონი შთამბეჭდავი ალპური ტბებით, ჩანჩქერებით, მღვიმეებით თუ უმშვენიერესი ხეობებით მრავალ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლებარდეს ტბები, ონიორეს, წაჩხურუს, კაღუს, აბჰესისა და ტობის ჩანჩქერები, მარტვილის კანიონი, ბალდის კანიონი და სხვა.

მარტვილში მრავალ შესანიშნავ ადგილს იპოვნით, როგორც თავგადასავლებით სავსე ლაშქრობის მოსაწყობად, ასევე მსუბუქი გასვლებისთვის თუ საოჯახო პიკნიკებისთვის. რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითაც, აქ ნახავთ უძველეს, საინტერესო არქიტექტურის მქონე ტაძრებსა და ციხე-სიმაგრეებს. მუნიციპალიტეტის კულტურულ ძეგლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა მარტვილის მონასტერი, ყურადღებას იქცევს აგრეთვე ნოჯიხევის ნაეკლესიარი, რომელიც ერთადერთი რვააფსიდიანი ეკლესიაა საქართველოში. მნიშვნელოვანი და საყურადღებო ძეგლია ასევე ადრეული შუა საუკუნეების აბედათის ციხე, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული.

მარტვილში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ დადიანების სალხინოს რეზიდენცია, ნოღის ციხე, თამაკონის ციხე, ნოჯიხევის ტეტრაკონქის ტიპის ნაეკლესიარი, წაჩხურუს ეკლესია და სხვა. რაიონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის (ქვის ხანიდან XIX-XX საუკუნეებამდე) მრავალფეროვანი ექსპონატებია წარმოდგენილი. თუკი მთაში დასვენების მოყვარული ხართ ამისთვის შესანიშნავი ადგილია ბალნეო-კლიმატური კურორტი ლებარდე, სადაც ულამაზესი ხედებით დატკბებით და სიმშვიდეში განიტვირთებით.

წყარო: georgiantravelguide.com

მარტვილს გაუმარჯოს!
მარტვილელებს სალამი!