შამგონა

სოფელი შამგონა მდ. ენგურის ორ შტოს შორის მდებარე მოზრდილი კუნძულია.

XVII ს–ის შუახანებამდე შამგონა ნახევარკუნძულს წარმოადგენდა. ერთერთი წყალდიდობის შემდეგ კი მოხდა კუნძულის ფორმირება. მდ. ენგურის მარცხენა შენაკადს წარმოადგენს პატარა მდინარე რუხისწყალი.

ამჟამინდელი შამგონა შორეულ წარსულში ტყით ყოფილა დაფარული , სადაც გავრცელებული ყოფილა უნაყოფო ვაზის ჯიში – შამგუ, რომელიც უკვე გადაშენდა, მაგრამ მისი სახელი შემორჩა კუნძულს –,,შამგუონა“. ეს სახელი ორი ნაწილისაგან შედგება: ,,შამგუ“–ძირია, ,,ონა“–ნაწილაკი, რომელიც მიუთითებს რისამე (მაგ. ამათუიმ მცენარის) მასიურად გავრცელების ადგილს. მაგალითად, თხმელის ახალგაზრდა ამონაყარს მეგრულად ,,ჭველა“–ს ეძახიან, ხოლო მისი მასიურად გავრცელების ადგილს ,,ჭველონა“–ს. ამგვარად, ,,შამგუონა“ მიუთითებს ადგილს, სადაც ,,შამგუ“ ყოფილა გავრცელებული. დროთა განმავლობაში ამ ნაწარმოები სახელიდან ამოვარდა ხმოვანი ,,უ“ და მივიღეთ ადგილის თანამედროვე სახელწოდება ,,შამგონა“ .
სავარაუდოდ სახელი სოფელს ეწოდა XVII ს–ის ბოლოდან, რადგან იტალიელ მისიონერ არქანჯელო ლამბერტს, რომელიც სამეგრელოს სწვევია საუკუნის პირველ ნახევარში ლევან II დადიანის მთავრობის დროს, თავის ნაშრომში მოხსენიებული აქვს ,,წიფურიას მონასტერი“, რომელიც მისივე ჩანახატის მიხედვით მდებარეობდა მდ. ენგურის მარცხენა ტოტის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ნობაკევსა და ზუგდიდს შორის.
შამგონაში პირველად დასახლებულან გოროზიები, რომლებიც დადიანის მწყემსები ყოფილან და ჯოგს აძოვებდნენ ჯოღეჯიანის (ამჟამინდელი სოფელი ინგირი) ტერიტორიაზე. პირუტყვს დასარწყულებლად მიერეკებოდნენ მდ. რუხისწყლისკენ, რომლის გაღმაც აღმოუჩენიათ კარგი საძოვრები. ტყითა და ველური ვაზით დაბურული ადგილი მშვენიერი თავშესაფარი აღმოჩნდა მწყემებისთვის, რომლებსაც ჩაუდგამთ პირველი ფაცხები კუნძულზე. გოროზიები გარკვეული დროით აყრილან კუნძულიდან დადიანისგან რატომღაც შერისხულები. კარგა ხანს აფარებდნენ თავს აფხაზეთს და მერე, უკვე გამოცვლილი გვარით დაბრუნდნენ შამგონაში