ლანჩხუთი -ს მუნიციპალიტეტის რელიეფი

ლანჩხუთი – ს მუნიციპალიტეტში ვაკე და გორაკ-ბორცვიანი რელიეფია.
მიწის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი უკავია გურიის დაბლობს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი გურიის სერს. დაბლობი მეოთხეული ნალექებით — რიყნარით, თიხნარითა და ქვიშნარით აგებული ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, რომლის შუა ნაწილი ყველაზე დაბალი ადგილია (ზღვის დონიდან 20 მეტრზე).
ზღვის სანაპიროზე გავრცელებულია ზღვიური დიუნები, რომლებიც ხელს უშლის ზედაპირული წყლების ზღვაში ჩადინებას, რაც ჭაობების და ტბების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზია.
გურიის სერი აგებულია ზედაცარცული კირქვებით, შუა და ზედამიოცენისა და ქვედაპლიოცენის ტერიგენული ნალექებით, ზედაპლიოცენის თიხებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით. დამახასიათებელია პატარა ანტლიკინები და სინკლინები, რომლებიც რელიეფში კარგად არის გამოხატული. სერის დასავლეთი ნაწილი დაბალია (200-400 მ), აღმოსავლეთი კი თანდათან მაღლდება და 500-600 მეტრამდე აღწევს (მთა საირაო 478 მ., მთა სამება — 523 მ., მთა ტალახა — 660 მ.).

სერის ჩრდილო კალთის გასწვრივ გაჭიმულია ვიწრო დაბალბორცვიანი მთისწინეთი. იგი აგებულია პლიოცენის თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით, რომლებსაც აღმოსავლეთით ეოცენის ვულკანოგენური დანალექები — ტუფ – ბრექჩიები, ტუფები, ტუფ-ქვიშაქვები და ანდეზიტური განფენები ცვლის. მთისწინეთის რელიეფი ძლიერ არის დანაწევრებული და საფეხურებრივად არის განლაგებული. ხასიათდება ზღვიური და მდინარეული ტერასული ზედაპირებით. სერის სამხრეთ კალთა შემოფარგლულია ბორცვიანი მთისპირა ვაკით, ეს ზოლი მდინარეთა ხეობებით ძლიერ დანაწევრებული ტერასული რელიეფით გამოირჩევა და აღმოსავლეთ ნაწილში აგებულიაეოცენის, ოლიგოცენისა და მიოცენის ვულკანოგენური და თიხიან-ქვიშიან მერგელოვანი წყებებით, ხოლო დასავლეთ ნაწილში მიოცენური და პლიოცენური თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით.