ნუგზარ შატაიძე – კუნძული

ნუგზარ შატაიძე – კუნძული

(მინიატურა) 

ენგური რომ კოლხეთის დაბლობზე გავაკდება, სანამ სვანეთის მაღალი მთებიდან წამოღებულ ლამსა და ქვა-ღორღს პირდაღებულ ზღვაში შეიტანდეს, ხან აქ, ხან იქ აგროვებს, ერთ ადგილზე აქუჩებს და რამდენიმე დღეში, ზოგჯერ სულაც ერთ ღამეში კუნძულს ამეჩეჩებს.

ნიადაგი ასეთი კუნძულისა ფრიად ნოყიერია. ამისი მცოდნე მეგრელი გლეხი ზედ სიმინდს თესავს და ენგურმა თუ დააცადა, ისეთი მოსავალი მოჰყავს, ავ თვალს არ ენახვება.

ზოგიერთი კუნძული რამდენიმე წელიწადს სძლებს, ზოგს კი გადაბმული წვიმებისაგან ადიდებული მდინარე მოარღვევს და საწყალი კაცის ნაოფლართან ერთად ათიოდ წუთში გააქრობს… მაგრამ ქვემოთ, სულ რამდენიმე კილომეტრში, საკვირველი, დაუჯერებელი ამბავი ხდება: ზემოდან წამოღებული ლამი ახლა იქ გროვდება, ახლა იქ მეჩეჩდება. იზრდება ის მეჩეჩი, თვალდათვალ ფართოვდება, მდინარის წყალს სულ უფრო მეტი ქვა-ღორღი მოაქვს და ნელ-ნელა, თანდათანობით ქმნის სრულიად ახალ კუნძულს.

დილით კი, როცა მზე ამოვა და მისი სხივები იმ ახლადშობილი კუნძულის ჯერ ისევ სველ ზედაპირს ვეშპის წყლიდან ამოზიდული ნოტიო ზურგივით აალაპლაპებს, მოფრინდება საიდანღაც დედალ-მამალი წყალწყალა ჩიტი და მოჰყვებიან სველ ქვიშაზე სირბილსა და ბოლოების ქანქარს.

გაზაფხულზე იქ ნავით გადავა ისევ ის მეგრელი გლეხი, ჯერ კარგად დაათვალიერებს, მერე წავა, მოიტანს ბარს, სიმინდის ნაქუჩით თავდაცობილ ხელადას, მცირე რამ საგზალს და დაიწყებს ბარვას.

დაბარავს, დაამასმასებს, მერე დათესავს. ერთ კვირაში ამოვა, ამობიბინდება სიმინდი და კუნძულს სასიამოვნოდ გადაამწვანებს. გლეხი მაისში ორჯერ გათოხნის, გათოხნის ივნისშიც და გულისფანცქალით დაელოდება, რადგან არ იცის, რას იზამს ენგური.

ყანა კი თანდათანობით იზრდება, ღონიერდება, ლურჯ ფერს გადაიკრავს. სიმინდი ქოჩორს ამოიღებს. სულ მალე დატაროვდება კიდეც.

თუ დასცალდა და მოიწია, მოვა, კუნძულს ნავით მოადგება გლეხის მთელი ჯალაბი, დიდ, სულ მკლავის სიმსხო ტაროებს დაამტვრევენ, წაიღებენ შინ, გაახმობენ, დაფხვნიან და თაგვმა რომ არ გაუფუჭოთ, ჩაჰყრიან ოცდაორლიტრიან ბოცებში. გაამწკრივებენ იმ ბოცებს ოდაში და უყურებენ, კმაყოფილი ღიმილით უნათდებათ სახეები.

გვიან შემოდგომით სიმინდს წისქვილში დაფქვავენ და მერე, მთელი ზამთრის განმავლობაში აცხობენ მჭადებს, ხარშვენ ღომსა და ელარჯს.

ეს მაშინ, თუ დასცალდათ, თუ არა და…

ჯერჯერობით ნელა მოდუდუნებს ენგური, მშვიდად მოაქვს მომწვანო, თითქმის მდოგვისფერი წყალი, კუნძულის მონისლულ ნაპირებს ელამუნება, დატაროებულ სიმინდებს ძირებს უსველებს და ეტყობა, ჯერ თვითონაც არ იცის, რას იზამს.

წყარო : https://www.aura.ge/311-proza/15415-nugzar-shataidze–kundzuli.html