თბილისის ისტორია

თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. IV ათასწლეულში) ყოფილა დასახლებული. წყაროებში კი იგი პირველად IV საუკუნის II ნახევარში იხსენიება. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. V საუკუნეში ქალაქი ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამიტომაცაა იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. თბილისის უძველესი მოსახლეობა გოგირდოვანი წყაროების უბანში გაჩნდა.

IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი, შემდგომ პერიოდში კი იგი თანდათან იზრდებოდა მტკვრის დინების აღმა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თბილისი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. VI საუკუნის ბოლოდან კი იგი საუკუნოვანი ბრძოლის, დარბევისა და დაპყრობის ობიექტი გახდა. უცხოელთა ბატონობისგან ქალაქი დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა 1122 წელს. სწორედ ამ დროს გახდა თბილისი სახელმწიფო დედაქალაქი. XIII საუკუნიდან თბილისისთვის კვლავ ბრძოლისა და აოხრებების პერიოდი იწყება.

1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. 1735 წელ ნადირ შაჰის მიერ დაპყრობილი თბილისი 1748 წელს ერეკლე II-მ გაათავისუფლა. ამის შემდგომ კი ქალაქმა კვლავ მოიკრიბა ძალა, დაარსდა ფილოსოფიის სემინარია, გაჩნდა თოფხანა, ზარაფხანა, გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები და ქსოვილის სამღებროები. დღესდღეობით თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია.

წყარო: georgiantravelguide.com

თბილისს გაუმარჯოს!
თბილისელებს სალამი!