როდესაც გადაწყვეტთ თქვენს მიწაზე მშენებლობის დაწყებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აუცილებლად უნდა მიიღოთ მშენებლობის ნებართვა. კონკრეტულად როგორ ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, რა სტაადიებია და როგორ უნდა მოიქცეს დაინტერესებული პირი, ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებ.
მშენებლობის ნებართვის სტადიები
მშენებლობის ნებართვა იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, 30 სამუშაო დღე); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება, 20 სამუშაო დღე); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა, 10 სამუშაო დღე. მშენებლობის ნებართვის გაცემა I სტადიის გავლის გარეშე, ან/და I სტადიის 15 სამუშაო დღეში გავლით, ან/და II-III სტადიების გაერთიანებით (20 სამუშაო დღე).
დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.
ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა
დამკვეთი უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურისაგან განსხვავებით აირჩიოს ორსტადიანი ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: I ეტაპი – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება – არა უმეტეს 30 დღისა; II ეტაპი – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმეტეს 20 დღისა (მოცემულ სტადიაზე სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული II სტადიისათვის საჭირო პროექტებს/სქემებს).
მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, განცხადებას თან უნდა დაერთოს: მიწის ნაკვეთზე და, საჭიროების შემთხვევაში, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არსებობის შემთხვევაში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი, შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი, შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები: სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი სამეწარმეო რეგისტრაციიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ შესრულებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის (სამშენებლო მოედნის) კვლევა, – მკვლევარის მონაცემები: სახელი/დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ამონაწერი სამეწარმეო რეგისტრაციიდან, ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი, სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, განსაზღვრულ შემთხვევებში, საექსპერტო დასკვნა.
მშენებლობის ნებართვა სასოფლო სამეურნეო მიწაზე
არსებობს სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთები, მათ შორის ერთ-ერთი არის სასოფლო-სამეურნეო მიწა, შესაბამისად აღნიშნულ მიწაზე შეზღუდულად გაიცემა მშენებლობის ნებართვა. სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთზე დაშვებულია ტერიტორიის ძირითადი ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, აგრეთვე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, საკომლო მეურნეობის მიწის ნაკვეთებზე. სხვა დანარჩენი ობიექტების მშენებლობისათვის საჭიროა განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილება.
იმ შემთხვევაში თუ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სრულად გინდათ რომ გაიცეს მშენებლობის ნებართვა, შეგიძლიათ მოითხოვოთ მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება, თქვენ ამისთვის დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება, სადაც დაწერილი გექნებათ შესაცვლელი მიწის ნაკვეთის მისამართი, ფართობი, საკუთრება და რომელ კატეგორიად გინდათ რომ შეიცვალოს აღნიშნული მიწა. უნდა გქონდეთ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ცნობა, განცხადებაში აღნიშნული დანიშნულებაშესაცვლელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის კატეგორიის თაობაზე, განცხადებაში აღნიშნული დანიშნულებაშესაცვლელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სავარგულის კატეგორიის თაობაზე და ბოლოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წყარო: https://miwebi.ge/msheneblobis-nebartva/