ყვარელის შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. ანტიკურ ხანაში ამ მხარის რელიგიურ ცენტრს ნეკრესი წარმოადგენდა, რომელიც მეფე ფარნაჯომმა დაარსა (ძვ.წ. II-I სს). ნეკრესში შემორჩენილია დიდი კვადრატის სახელით ცნობილი მზის ტაძრის ნანგრევები. აქ მდებარეობს აგრეთვე მეფე თრდატის მიერ IV საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ტაძართაგან. განვითარებულ შუასაუკუნეებში ყვარელზე (კერძოდ გრემზე) გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები.

ამ პერიოდში გრემი კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით დღევანდელი ყვარლის ტერიტორიაზე ადრეულ შუასაუკუნეებში ჩამოსახლებულან ფშავლები სოფელ ყვარადან, რომელთაც ყვარლელები დაარქვეს. აქედან მომდინარეობს ტოპონიმი ყვარელი. დღესდღეობით ყვარელში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგი მევენახეობაა. განვითარებულია აგრეთვე მეცხოველეობა და მეფრინველეობა.

რაიონში მრავალი ღვინის ქარხანაა თავმოყრილი. აქ მდებარეობს კარგად ცნობილი ყურძნის მიკროზონა – „ქინძმარაული“. ყვარლის მუნიციპალიტეტი ტურისტულადაც განვითარებულია, აქ ფუნქციონირებს ტურისტულ-დასასვენებლი კომპლექსები – „ყვარლის ტბა“ და „ილიას ტბა“. ყვარელი სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ბუნების სილამაზით დიდ ინტერესს იწვევს და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.

წყარო: georgiantravelguide.com

ყვარელს გაუმარჯოს!
ყვარლელებს სალამი!