როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია – ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა.

1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ლიტვინოვს უთხრა გურიამ ბათუმი 80 წლის წინ, კინტრიში კი 30 წლის წინ დაკარგაო.

რუსეთმა ჩურუქ-სუს, ანუ ქობულეთის მხარე რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 წლების დროს ბრძოლით დაიკავა. ეს ომი რუსეთის გამარჯვებით და ადრიანოპოლის საზავო შეთანხმებით დასრულდა. ადრიანოპოლის ზავის თანახმად ორ იმპერიას შორის საზღვარმა მდინარე ჩოლოქზე გაიარა. (გ. ხაჭაპურიძე, გურიის აჯანყება 1841 წელს, 1931 წ.)

შეთანხმების მე-4 მუხლი აღწერს იმპერიების საზღვარს კავკასიაში. ტექსტის მიხედვით საქართველო, იმერეთი, სამეგრელო, გურია და ამიერკავკასიის სხვა მხარეები უკვე მრავალი წელია სამუდამოდაა შეერთებული რუსეთის იმპერიასთან. რუსეთის საზღვარი იმერეთიდან მიუყვება გურიას შავ ზღვამდე, წმინდა ნიკოლოზის ნავსადგურის (შეკვეთილი) ჩათვლით.

1831 წლის რუკა. წითლად ნაჩვენებია საზღვარი ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის, რომელიც შუაზე კვეთს გურიას (Gouriel)

ასე გაიყო გურიის პაწაწინა სოფლები,: ქაქუთი და აჭი, ორად და პატარა მდინარე ჩოლოქი, რომელსაც სულ რაღაც 30 კმ-ია სიგრძეში, იქცა უზარმაზარი იმპერიების გამყოფად.

გენერალ გაბრიელ ყაზბეგს პლატონ იოსელიანისგან გაგონილი ჰქონდა შემდეგი ფაქტი, რომ მთავარმმართებელ ივანე პასკევიჩს ერთ-ერთ მიღებაზე უთხოვია ქართველებისთვის, რუკაზე ეჩვენებინათ მისთვის ქართველების განსახლების საზღვარი.  როდესაც სამხრეთის მხარეს პლატონ იოსელიანს უჩვენებია ჭოროხის შუა წელი, პასკევიჩს უთქვამს, სამწუხაროა, ეს რომ დროულად არ ვიცოდიო.

მაგრამ არის სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით საზღვარის ჩოლოქზე გავლება მხოლოდ ტექნიკურმა ლაფსუსმა გამოიწვია. ამ ვერსიის მიხედვით ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას გურიის მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. სწორედ ამიტომ ქვემო გურია აღმოჩნდა ოსმალეთის საზღვრებში. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა. (ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ. 8 — თბილისი, 1989)

ამავე ვერსიას XIX საუკუნეში კავკასიაში მოგზაური უცხოელები ადასტურებენ. გერმანელი დიპლომატი და მოგზაური მაქს ფონ ტილემანი, რომელიც 1872 წელს ფოთში იმყოფებოდა, წერს, რომ  ფოთი საკუთარ კეთილდღეობას კალმის შეცდომას უნდა უმადლოდეს. მისი თქმით ოსმალეთმა რუსეთს ადრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის და საზღვარს მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხელშეკრულებაში ჩაწერილი იყო მდინარე ჩოლოქი. ასე დაკარგა რუსეთის იმპერიამ ბათუმის ხელსაყრელი ნავსადგური და  მის ნაცვლად დარჩა მხოლოდ ფოთი.

ბრიტანელი დიპლომატი ედვარდ ისტვიკი ბათუმზე წერს, რომ ესაა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სოფელი და ნავსადგური შავ ზღვაზე, რომლის დაკავება ძალიან სურდათო რუსებს, მაგრამ ვერ მოახერხეს სიტყვის დაწერაში დაშვებული შეცდომის გამო.

ქვემო გურია 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა, მაგრამ ეს ტერიტორია ადმინისტრაციულად გურიას, ანუ იმდროინდელ

ოზურგეთის მაზრას არ დაბრუნებია და ბათუმის ოკრუგის შემადგენლობაში შევიდა კინტრიშის უბნის (დღეს ქობულეთის რაიონი) სახით.

ქობულეთს გაუმარჯოს!
ქობულეთელებს სალამი!