რუსთავი

რუსთავი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 350 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 125 103 ადამიანი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.

რუსთავი ქვემო ქართლის მხარის ყველაზე მსხვილი ქალაქია და მდებარეობს 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე. რუსთავი აშენებულია სტეპის ტერიტორიაზე. მას უკავია 6060 ჰექტარი უნაყოფო სტეპის ტერიტორია თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 27 კილომეტრ მანძილზე. რუსთავის ადმინისტრაციული საზღვარი გადის მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებთან[3], სამხრეთიდან და დასავლეთიდან აკრავს იაღლუჯისა და ჩათმის მთები, ხოლო აღმოსავლეთით გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე მტკვარი (მარჯვენა და მარცხენა სანაპირო; ძველი და ახალი რუსთავი), რომელიც წყლის მთავარი არტერიაა. მის მარცხენა ნაპირთან იწყება გარდაბნის არხი, რომელიც ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათასობით ჰექტარ მიწას რწყავს. ძველი და ახალი რუსთავი ერთმანეთისგან დაშორებულია 1 კმ-ით. მდინარის გასვწვრივ შემორჩენილი ჭალის ტყის კორომი ქმნის გამწვანებულ ზოლს. რუსთავის ტყე ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია. პარკში მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.

რუსთავზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა — ს 4 „თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი)“, რომელსაც ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60 სიგრძე 28 კმ (ყოფილი აბრეშუმის გზა). ქალაქი განაშენიანებულია მდინარე მტკვრისკენ ოდნავ დახრილ ვაკეზე. სამრეწველო საწარმოები, ადმინისტრაციული შენობები, რკინიგზის სადგური მდებარეობს მარცხენა სანაპიროზე, ე.წ. ძველ რუსთავში, რომელიც დაგეგმარებულია 1944 წელს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 1955 წლიდან დაიგეგმა და განაშენიანდა საცხოვრებელი უბნები, ე.წ. ახალი რუსთავიწყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/რუსთავი