ფოთი

ფოთი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი[3], საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს შავ ზღვის ნაპირზე, მდინარე რიონის შესართავთან. არის საპორტო ქალაქი, ფოთისა და ხობის ეპარქიის ცენტრი.
მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 1-3 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 312 კმ-ით (რკინიგზით). ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ. კმ-ს. ქალაქს უჭირავს ზღვისპირა ვაკე-დაბლობი, რომელსაც მდინარე რიონის ერთ-ერთი ტოტი არათანაბარ ნაწილებად ყოფს. ქალაქის მოსაზღვრე მიწები მეტწილად დაჭაობებულია, განსაკუთრებით იქ, სადაც ნიადაგის ზედაპირის დონე ზღვის დონეზე დაბალია. ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოუდის მდინარე კაპარჭინა, აქვე მდებარეობს პალიასტომის ტბა.
ფოთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა.
იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,1 °C, იანვრისა 5,2 °C, ივლისის — 22,9 °C. აბსოლუტური მინიმუმი -13 °C; აბსოლუტური მაქსიმუმი 41 °C. ნალექების წლიური რაოდენობა 1960 მმ.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ფოთი