რესპუბლიკა კირიბატი (ინგლ. Republic of Kiribati, გამოითქმის IPA: [ˈkiribas]) — წყნარი ოკეანის სახელმწიფო მიკრონეზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარშალის კუნძულებისა და მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ტერიტორიულ წყლებს, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით – ნაურუს, სოლომონის კუნძულებისა და ტუვალუს ტერიტორიულ წყლებს, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ტოკელაუს, კუკის კუნძულებისა და საფრანგეთის პოლინეზიისს ტერიტორიულ წყლებს. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანის ნეიტრალურ წყლებს, ასევე აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულებს. სანაპირო ზოლის სიგრძეა 1143 კმ. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (გეზ) — დაახლოებით 3,5 მილიონი კმ². შიდა წყლები – დაახ. 22 კმ საბაზისო ხაზიდან. კირიბატის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 33 მცირე ატოლი, რომელთაგან 20 დაუსახლებელია. მათგან 16 კუნძული და ატოლი გილბერტის კუნძულებშია, 8 კუნძული ფენიქსის კუნძულებში და 8 კუნძული კი ლაინის კუნძულებშია. კირიბატის ეკუთვნის განცალკევებით მყოფი კუნძული ბანაბა. საერთო ფართობია — 812,34 კმ². კირიბატის მოსახლეობაა — 103 058 ადამიანი. (2010, აღწერა). დედაქალაქი – სამხრეთი ტარავა. დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან გამოცხადდა 1979 წლის 12 ივლისს, ამავე წელს მას ოფიციალურად ეწოდა რესპუბლიკა კირიბატი. 1983 წელს ძალაში შევიდა მეგობრობის შესახებ შეთანხმება აშშ-სა და კირიბატის რესპუბლიკას შორის, რის თანახმადაც აშშ უარს აცხადებდა ლაინისა და ფენიქსის კუნძულებში განლაგებული 14 კუნძულის პრეტენზიაზე და აღიარა ისინი კირიბატის რესპუბლიკის შემადგენელ ნაწილად.