ხულო აჭარაში მდებარე მუნიციპალიტეტია. რაიონის ტერიტორია უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან, იყო დასახლებული. აქ აღმოჩენილი საკულტო დანიშნულების ძეგლები, როგორიცაა თხილვანის მენჰირი და კალოთის სამსხვერპლო, ადასტურებს ხულოს ტერიტორიაზე ცივილიზაციის არსებობას წინარექრისტიანულ ხანებში.
ეს ადგილი განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რაზეც მრავლად შემორჩენილი ნაეკლესიარები, ციხე-სიმაგრეები თუ შუასაუკუნოვანი თაღოვანი ხიდებიც მეტყველებს. აქ მდებარეობს ერთ-ერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლი - სხალთის ტაძარი. სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“, რაც სავაჭრო სახლს ნიშნავს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა.
ხულოს რაიონი დღევანდელი საზღვრებით 1965 წელს ჩამოყალიბდა, ამჟამინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით კი ხულოს მუნიციპალიტეტი ეწოდება. ხულო დღესდღეობით განვითარებული რაიონია. აქ ფუნქციონირებს თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და ჯანდაცვის დაწესებულებები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ: მეცხოველეობა და მემცენარეობა. ხულოს ასევე დიდი ტურისტული პოტენციალიც აქვს, შესანიშნავი კურორტები, ულამაზესი ბუნება და ისტორიულ-კულტურული ძეგლები უამრავ ადამიანს იზიდავს.
გეოგრაფია
ხულოს მუნიციპალიტეტი აჭარაში მდებარეობს. მისი ტერიტორია ვრცელდება ზღვის დონიდან 400-3007 მეტრის ფარგლებში. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო. მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ტერიტორიულ ერთეულედ, ესენია: დაბა ხულო, აგარა, ღორჯომი, სხალთა, ფუშრუკაული, რიყეთი, დიოკნისი, დიდაჭარა, ვაშლოვანი, დეკანაშვილები, საციხურები, ხიხაძირი, თხილვანა. ხულოს სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი, დასავლეთით - შუახევის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით - ოზურგეთი, ჩრდილოეთით - ჩოხატაური, აღმოსავლეთით კი - ადიგენის მუნიციპალიტეტი.
ხულოს ტერიტორია მთა-გორიანია, იგი განლაგებულია არსიანისა და მესხეთის ქედების კალთებზე. რაიონის უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა, რომლის სიმაღლეა 3007 მ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. რაიონში მრავლად გვხვდება ტბები, რომელთა შორის ყველაზე დიდია მწვანე ტბა.
ხულო მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აქაურ ტყეებში გავრცელებულია: უთხოვარი, ქართული ნეკერჩხალი, წაბლი, მუხა, კაკალი, ვერხვი, თელა და ა.შ. რაიონის ტერიტორიაზე ბინადრობენ: კავკასიური ირემი, კავკასიური მურა დათვი, ბექობის არწივი, დურაჯი, კავკასიური შურთხი, მცირეაზიური ტრიტონი, კავკასიური სალამანდრა და სხვა.
ხულოს მუნიციპალიტეტი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაშია მოქცეული. ჰავას აქ მკვეთრი სეზონურობა ახასიათებს, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული კი ცხელი და შედარებით მშრალი. მუნიციპალიტეტის დაბალ ნაწილებში საშუალო წლიური ტემპერატურაა 10.1 C°, იანვრისა - 0.9 C°, ივნისისა კი - 18.6 C°. მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაბალია.
👉 ბიზნეს გეგმების სრული სია იხილეთ >>> https://www.gen.ge/business-plans/