ჩხოროწყუს შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და განვითარების თითქმის ყველა საფეხურს მოიცავს.

თავად სიტყვა ჩხოროწყუ მეგრულად ცხრა წყაროს ნიშნავს (ჩხოროს – ცხრა, წყუ-წყალი), ამ სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ 1899 წელს გამოქვეყნდა წერილი გაზეთში – „ცნობის ფურცელი“. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კი მეფუტკრეობა. ჩხოროწყუ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, აქ გვხვდება დოლომიტის, კირქვისა და ანდეზიტ-ბაზალტის საბადოები.

ასევე უნდა აღინიშნოს მინერალური წყალი ლუგელა, რომელიც სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება. სოფელ მუხურში არის კეთილმოწყობილი კურორტი, სადაც შეძლებთ როგორც კომფორტულ დასვენებას, ასევე მრავალფეროვან გართობას. ჩხოროწყუში მრავალი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლია, რაც მას საინტერესოსა და ტურისტულად მიმზიდველს ხდის. რაიონის ბუნება კი მრავალფეროვნებითა და საოცარი სილამაზით გამოირჩევა.

ზღაპრული ხეობები, ჩანჩქერები, ალპური ტბები თუ მღვიმეები უამრავ საინტერესო მარშრუტს სთავაზობს მოლაშქრეებსა და ბუნებისა და მთის სპორტის მოყვარულებს. აქ სრულიად სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს შეუძლიათ რაღაც მათთვის საინტერესო იპოვნონ.

წყარო: /georgiantravelguide.com

ჩხოროწყუს გაუმარჯოს!
ჩხოროწყუელებს სალამი!