რა ვნახოთ ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებსა და უძველეს ტაძრებს. გარახას ციხე-სიმაგრე, ნაჯიხარის ციხე, ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია, ჩხოროწყუს წმიდა გიორგის ეკლესია და სხვა მრავალი საინტერესო ძეგლი საქართველოს ისტორიულ-კულტურული წარსულის ერთგვარ მატიანეს წარმოადგენენ. რაიონში ფუნქციონირებს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი.

მუზეუმში დაცული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული, მასალა საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს მოიცავს, ქვის ხანიდან გვიანფეოდალურ ხანამდე (ქვის იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, სამკაულები, ნუმიზმატური ნიმუშები, კერამიკული ნაწარმი, ხელნაწერები, ხატები და სხვა). ჩხოროწყუ სამოთხეა ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულთათვისაც. სიმწვანე, მისტიური მღვიმეები და ულამაზესი ჩანჩქერები წაარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტობავარჩხილის ტბები კი ნამდვილად რეალობად ქცეული ზრაპარია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

კლდეთა მასივებში მოქცეული ლურჯი, მოსარკული ტბები, არეკლილი მთები და ქათქათა ღრუბლები, ნისლების მოძრაობა და კლდეებს შორის გადმოწოლილი ყინულის ენები ზღვა ემოციებისა და თავგადასავლების სამეფოში მიგაქანებენ. ჩხოროწყუ ასევე შესანიშნავია კომფორტული, გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის. სოფელ მუხურში მდებარეობს დასასვენებელი კომპლექსი ლუგელა, განთქმული, როგორც ბავშვთა კურორტი.

კურორტი ლუგელა გთავაზობთ სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ლუგელას წყლის აბაზანებს, ლუგელას ხეობაში ცხენებით სეირნობას, აკვაპარკს, სპორტულ მოედნებს, ბავშვთა სხვადასხვა გასართობებს და ა.შ, რაც მრავალფეროვანი, ხალისიანი დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მოგცემთ.

წყარო: georgiantravelguide.com

ჩხოროწყუს გაუმარჯოს!
ჩხოროწყუელებს სალამი!