სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.ნაშრომის ხელმძღვანელი: ნინო პავლიაშვილი.თბილისი, 2018
ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით საქართველო საკმაოდ მრავალფეროვანია (იხ. დანართი, რუკა 2). ეს განაპირობებს ქვეყნის განსხვავებული ბუნებრივი კომპლექსების შექმნას, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა სამეურნეო პირობებს ქმნიან, რაც ასევე დადებითად აისახება ვაზის ჯიშების მრავალ სახეობის არსებობაზე. ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ძალზედ ხელსაყრელია, რადგან ის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინს წარმოადგენს.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი – ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი- კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების – კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველოს აქვს პოტენციალი მიიღოს სტუმრები მთელი წლის მანძილზე. ქვეყანაში წარმოდგენილია როგორც ზღვის, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტები. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამინდი და ტემპერატურა საკმაოდ კარგი და თბილია, რაც ქმნის მოგზაურობის შესაძლებლობას. ღვინის ტურიზმის შემთხვევაში განსაკუთრებით აღსანიშნავია შემოდგომა, კერძოდ პერიოდი სექტემბრის ბოლოდან ოქტომბროს ბოლომდე, როდესაც რთველია.
საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი და მრავალრიცხოვანი ვაზის ჯიშების არსებობას. მეურნეობების სარგებლობაში არსებული ვენახების ფართობი 33.0 ათას ჰა-ს შეადგენს. ვენახების საშუალო ფართობი ერთ მეურნეობაზე 0.3 ჰექტარია. მეურნეობების 95.4%-ს სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები ფართობის ვენახი. 5.6 ათას მეურნეობას სარგებლობაში აქვს 1 ჰა და მეტი ფართობის ვენახი, ხოლო 0.7 ათასს – 3 ჰა და მეტი. ვენახების ფართობების უდიდესი ნაწილი კახეთში ფიქსირდება – 23.9 ათასი ჰა, იმერეთში – 5.0 ათასი ჰა, შიდა ქართლში – 1.0 ათასი ჰა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –
0.7 ათასი ჰა. (იხ. დიაგრამა 2, საქსტატი, 2014). ქვეყნის თითოეულ რეგიონში წარმოდგენილია განსხვავებული ვაზის ჯიშები, თავისებური ფორმით, ფერით, გემოთი და არომატებით. საქართველოს კანონით დადგენილია მევენახეობის შემდეგი ზონები: კახეთი, ქართლი, მესხეთი, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, აჭარა.
კახეთი (იხ. დანართი, რუკა 3) ქართული მეღვინეობის ყველაზე განთქმული რეგიონია. მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით შეიძლება დაიყოს შემდეგ ნაწილებად: ალაზნის ველის მარჯვენა ნაპირი მატანიდან – კარდენახის ჩათვლით, ალაზნის ველის მარჯვენა ნაპირი ქიზიყი – ანაგიდან დედოფლისწყაროს ჩათვლით, ალაზნის ველის მარცხენა ნაპირი პანკისიდან ლაგოდეხამდე, ივრის ველი, გარე კახეთი – სართიჭალიდან ჩალაუბნის ჩათვლით. საუკეთესო ხარისხის ვენახები მდებარეობს ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე. ვაზის ჯიშების მიხედვით კახეთი არის ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეული. კახეთში მდებარეობს საქართველოს ვენახების 72.4%. კახეთში გავრცელებული ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, კახური მცვივანი, გრძელმტევნა, კუმსი თეთრი, მირზაანული, ღრუბელა, ჩიტისთვალა, საფერავი, წითლი ბუდეშური, კუმსი წითელი, იყალთოს წითელი, ხარისთვალა, ჟღია. კახეთის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებია: წინანდალი, გურჯაანი, მანავი, კარდენახი, ქინძმარაული, ახაშენი, კოტეხი, მუკუზანი, ნაფარეული, თელიანი, ყვარელი და სხვ.
კახეთში გავრცელებულია ღვინის დაყენების კახური მეთოდი, რომლესაც არ აქვს ანალოგი მსოფლიოში.
ქართლი (იხ. დანართი, რუკა 4-5) ცნობილია კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოებით და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ვენახები გაშენებულია მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების – ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450-700 მეტრ სიმაღლეზე. მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით შეიძლება დაიყოს 4 ზონად: სურამ-ქვიშხეთის, გორის, ქვემო ქართლის, საგურამო-მუხრანის. ქართლში გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო. ასევე გვხვდება იშვიათი ჯიშები: ჭყლაპა, ანდრეული, არაგვისპირული, გრძელმტევანა, მელიკუდა, ჭროღა, ხარისთვალა, ძელშავი. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია უცხოური ჯიშებიც: ალიგოტე, პინო შავი და თეთრი, შარდონე და სხვა. ქართლში იწარმოება ერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ატენური. ამ რეგიონში ისევე, როგორც კახეთში, გავრცელებულია ტრადიციული და ევროპული მეღვინეობა.
იმერეთი (იხ. დანართი, რუკა 6) ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, სადაც ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობაა, ამიტომ ღვინოები ყველგან განსხვავებულია. იმერეთს სამ რეგიონად ყოფენ: ზემო, შუა და ქვემო. ზემო იმერეთი მოიცავს ხარაგულისა და ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტებს, სვირისა და კვალითის რაიონებს, ქუთაისისა და ვანის რაიონებს. იმერეთში გავრცელებული ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, ძელშავი, ალადასტური, დონდღლაბი, ბაზალეთური, კუნძა, ოცხანური საფერე, არგვეთული საფერე, რკო, ადანასური, ბზვანურა, შავი დონდღლაბი, ვანის ჩხავერი და სხვა. დასაველეთ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად ზონად ითვლება შუა იმერეთი, სადაც ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 140-470 მეტრ სიმაღლეზე. ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის, კრახუნას, ძველშავის და სხვა ჯიშების ყურძნისაგან მზადდება წარმოშობის ადგილის და ჯიშობრივი დასახელების, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალური, სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები. იმერეთი განთქმულია სვირული კრახუნათი, ობჩური ცოლიკაურითა და კვალითური ციცქათი.
რაჭა-ლეჩხუმი (იხ. დანართი, რუკა 7-8) სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების სიმცირით და ხარისხიანი, იშვიათი ვაზის ჯიშებით. აქ გავრცელებულია: ალექსანდროული, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური. რაჭის ზონა მოიცავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს, სადაც ვენახები გაშენებულია მდინარე რიონის ხეობაში, და ქვემო რაჭის ყველაზე მნიშვნელოვან ხვანჭკარის მიკროზონას. ლეჩხუმის მევენახეობის მხარის ძირითადი მიკროზონებია: ცაგერი, ორბელი, ალპანა-ტვიში, ზუბი-ოყურეში. ყველაზე სახელგანთქმული ღვინოები ამ რეგიონიდან არის უსახელოური, ორბელური ოჯალეში და ცოლიკაური. რაჭის მიკრორაიონული კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის, ცოლიკაურის ყურძენში მაღალ შაქარმჟავიანობას და განსხვავებული გემოს. რაჭული ცოლიკაურისგან მზადდება თეთრი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო “ტვიში”. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს უსეხალოური – ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ღვინო, რომელსაც აყენებენ ზუბის, ოყურეშისა და ისუნდერის ზონებში.
გურია (იხ. დანართი, რუკა 9) საქართველოს რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახის გაშენების კულტურით, რომელიც XX საუკუნემდე თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშენებული, ანუ ხეებზე იყო გაშვებული. ასევე აქ შეხვდებით ოლიხნარს (ოლიხნარი — ვაზის მაღალშტამბიანი ფორმა დასავლეთ საქართველოში. წააგავს მაღლარს, ოღონდ მასზე დაბალია. ოლიხნარის
საყრდენად იყენებენ დაბალი ტანის ხეს ან სარს (2,5-3,5 მ) და მცირე ტალავრებზე გაშვებულ ვაზს. ეს დაკავშირებულია მაღალი ნესტიანობასა და ნალექების სიმრავლესთან. ვენახები ძირითადად მდინარის ხეობებში და ფერდობებზეა გაშენებული. რეგიონში ძირითადად წარმოდგენილია ჰიბრიდული ჯიშები, თუმცა აქაური ისტორიული ჯიშებიდან ცნობილია ჩხავერი, რომელიც, როგორც წესი, ნოემბერში, ზოგჯერ დეკემბერშიც, იკრიფება. ასევე აღსანიშნავია ჯიშები ჯანი, მტევანდიდი.
სამეგრელო (იხ. დანართი, რუკა 10) მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე არქაულ კულტურულ კერას წარმოადგენს. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთზეა. აქაურ ღვინის კულტურას ხშირად აღწერდნენ ევროპელი მოგზაურები. სამეგრელოში მევენახეობა- მეღვინეობასთან დაკავშირებით ბევრი ეთნოგრაფიული მასალა არსებობს. XIX საუკუნეში დადიანების სიძემ, ფრანგმა აშილ მიურატმა, დასავლეთ საქართველოში პირველი ევროპული ტიპის მარანი ააშენა. თუმცა დღესდღეობით მეგრული ღვინოები ძალიან იშვიათად არის წარმოდგენილი ბაზარზე. მეგრული ვაზის ჯიშებია: შონური, გოდაათური, ჭვიტილური, ჩეჭიფეში, პანეში, ჩერგვალი, ჩეში და სხვ. ყველაზე მეტად გავრცელებულია ცოლიკოური.
აფხაზეთი (იხ. დანართი, რუკა 11) მეღვინეობის ისტორიულ მხარედ ითვლება. აქაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად არაერთხელ აღმოუჩენიათ მეღვინეობის ნივთები. XX საუკუნემდე ვენახები აფხაზეთში მაღლარის სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა XX საუკუნის 20- იანი წლებიდან, როდესაც სამრეწველო მეღვინეობა გაფართოვდა, დაბლარი ვენახები გაშენდა. ძირითადი ღვინოები იწარმოებოდა ჰიბრიდული ჯიშებიდან (იზაბელა, რისლინგი, ნოა და სხვ.). ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია: ამლახუ, ავასიხვა, კაჭიჭი, აღბიჟი, აკაბილი, აბსუაჟი, ლაკოაჟი, ხაფშირა, ხუნალიჟი და სხვ. ადგილობრივი ჯიშების გარდა აფხაზეთში კარგ შედეგს იძლევა ცოლიკოური, ოჯალეში, ჩხავერი, კრახუნა.
უკანასკნელ პერიოდში აჭარა (იხ. დანართი, რუკა 12) აქტიურად და საკმაოდ წარმატებულად ჩაერთო მეღვინეობა-მევენახეობის საქმიანობაში. რეგიონში ცდილობენ ძველი ჯიშების აღდგენას და ამავდროულად საქართველოს სხვა კუთხეების ვაზის ჯიშების მოყვანასაც. ვენახები აქ წარმოდგენილი იყო მაღლარის და ოლიხნარების სახით, დაბლარი ვენახების გაშენება აქ დაიწყეს მე-19 საუკუნის 20-იან წლებში. ისტორიული ჯიშებიდან აჭარაში ყველაზე მეტად ცნობილია: ხოფათური, ბროლა, ათური, კლარჯული, მეკრენჩხი, ბუტკო, კვირისთავა, შავშურა, ჯინეში, საწურავი, ბათომურა.
მევენახეობის ზონებიდან გამომდინარე არსებობს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები. იგულისხმება ღვინო, რომელიც წარმოებულია ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან კონკრეტულ მევენახეობის ზონაში ან ქვეზონაში, რომლის განსაკუთრებულიმახასიათებლები განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობით. აღნიშნულ ღვინოებს მინიჭებული აქვთ იმავე გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში („ვაზისა და ღვინის შესახებ“, 2017)
მესხეთი (იხ. დანართი, რუკა 13) მევენახეობის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია საქართველოში. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება. მესხური მევენახეობა უმთავრესად ტერასებზე გაშენებულ ბაღ-ვენახებს წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე სახელი აქვს: ოროკო, დარიჯი, ბაქანი, საქვე. მესხეთში არსებობდა დაბლარი და მაღლარი ვენახები, თუმცა ძირითადი სახეობა მაინც მაღლარი იყო. იგი განსხვავდებოდა გურია-სამეგრელოს მაღლარებისგან იმით რომ ძირითადად ჭერმის ხეზე იყო გაშვებული. მესხეთი მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე არქაული მხარეა საქართველოში, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა სწორედ მესხური წარმოშობის იყოს უძველესი ქართული ჯიშები საფერავი, ძელშავი, ხიხვი და სხვ. (ღვინის ეროვნული სააგენტო).
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ადგილწარმოშობის ღვინოებს ეკუთვნის: ატენი (ატენური), ახაშენი, გურჯაანი, ვაზისუბანი, თელიანი, კარდენახი, კახეთი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, სვირი, ტვიში, ტიბაანი, ქინძმარაული, ყვარელი, წინანდალი, ხვანჭკარა, კოტეხი. (იხ. დანართი, რუკა 14)