ქედის გეოგრაფია

ქედის მუნიციპალიტეტი აჭარაში მდებარეობს, მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ქედა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – შუახევი, დასავლეთით – ხელვაჩაური, სამხრეთით კი – თურქეთი. ქედა 10 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს, ესენია: დაბა ქედა, დანდალო, ზვარე, მახუნცეთი, დოლოგანი, მერისი, ოქტომბერი, პირველი მაისი, ცხმორისი და წონიარისი. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით შავშეთის ქედი მიუყვება, ჩრდილო-აღმოსავლეთით – მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით კი – ქობულეთის ქედი. რაიონის მთავარი მდინარეა აჭარისწყალი. მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალია ღომა, რომლის სიმაღლე 2441 მეტრია. რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ტყიანობის მიხედვით ქედის რაიონი ერთ-ერთი პირველია საქართველოში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აქაურ ტყეებში ნახავთ: უთხოვარს, კოლხურ ბზას, კაკალს, ზღმარტლს, ვაშლს, წყავს, თხილს, მოცვს და სხვა. რაიონის ტერიტორიაზე ბინადრობენ: ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, მგელი, მელა და ა.შ. ქედა მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულითაც (სპილენძისა და ოქროს საბადოები, მინერალური წყლები).

ქედის მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში, მდინარე აჭარისწყლის ხეობის გასწვრივ, ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავაა. სიმაღლის მატებასთან ერთად ჰავა ზომიერად ნოტიო ხდება, მთების ზედა სარტყლის ზონაში კი შედარებით ცივი, ნოტიო ჰავაა გავრცელებული. რაიონის ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა 12.80°C-ია, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3.40°C, ხოლო ივლისისა კი – 21.20°C.

წყარო: georgiantravelguide.com

ქედას გაუმარჯოს!
ქედელებს სალამი!