ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიისმხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული. ბრინჯაოს ხანიდან აქ უკვე ქალაქური ცხოვრება იყო განვითარებული, რასაც შუხუთის ნაქალაქარი ადასტურებს. ისტორიულ წყაროებში ლანჩხუთი პირველად XVII საუკუნეში იხსენიება.
ლანჩხუთის ეტიმოლოგიასთან დაგავშირებით მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. სიმონ ჯანაშიას თეორიის მიხედვით ეს სახელი მეგრულ-ჭანურ სიტყვას, ჩხუ-ს უკავშირდება, რაც ძროხას ნიშნავს, თავად ლანჩხუთს კი - საძროხეს. სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, მისი აზრით ტოპონიმის ძირს წარმოადგენს „ჩქუ“ და არა „ჩხუ“ და ლანჩხუთს სამზერის, გადასახედის მნიშვნელობა აქვს. 1916 წლისთვის რაიონში უკვე ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა და ბიბლიოთეკა. 1930 წელს ლანჩხუთი რაიონული ცენტრი გახდა.
ამჟამად მუნიციპალიტეტში არის ჯანდაცვის დაწესებულებები , სამი საჯარო სკოლა, სამრევლო სკოლა, კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი. ასევე გამოდის სამი რაიონული გაზეთი: "ლაჩხუთი +", „ლანჩხუთის მოამბე“ და " ჰო და არა". ლანჩხუთში განვითარებულია სოფლის მეურნეობა (მეციტრუსეობა, მეცხოველეობა, მეთხილეობა), ზღვისპირეთში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში დიდი როლი აქვს ბაქო-სუფსის ნავთობსადენსა და სუფსის ტერმინალს. ლანჩხუთი ასევე მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (ტორფი, მაგნეტიტი, კირქვა, თიხნარი, მინერალური წყალი). რაიონი ლამაზი ბუნებითა და უძველესი კულტურის ძეგლებით გამოირჩევა. ულამაზესი კოლხეთის ეროვნულიპარკი, მწვანეში ჩაფლული ჯაპანის ტბა, პალიასტომი, შუასაუკუნოვანი ძეგლები და მოლივლივე ლურჯი ზღვა ქვიშიანი სანაპიროებით უამრავ ტურისტს იზიდავს.
გეოგრაფია და კლიმატი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს, შავ ზღვას, მდინარე ფიჩორსა და გურიის ქედს შორის. იგი ოდიშ-გურიის დაბლობის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სერებს მოიცავს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ლანჩხუთის შემადგენლობაში 16 ტერიტორიული ერთეულია: ქალაქი ლანჩხუთი, აცანა, აკეთი, მამათი, ნიგოითი, შუხუთი, მაჩხვარეთი, გვიმბალაური, ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნინოშვილი, ნიგვზიანი, ჩოჩხათი, ღრმაღელე და სუფსა. რაიონის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი, შუთი, გომახურისწყალი, წყალწითელა და სხვა. აქ ასევე გხვდება ტბებიც: პალიასტომის ტბა, იმნათის ტბა, ჯაპანის ტბა, გრიგოლეთის ტბა და სხვა. ლანჩხუთში ვაკე და გორაკ-ბორცვიანი რელიეფია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი გურიის დაბლობს უჭირავს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი - გურიის სერს. ვაკის შუა ნაწილი ზღვის დონიდან 20 მეტრზეა, მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილია მთა ტალახა (ზღვის დონიდან 660 მეტრი).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ნოტიო ჰავაა, რასაც შავი ზღვიდან წამოსული ჰაერის მასები განაპირობებს, რომელსაც უხვი ატმოსფერული ნალექები მოაქვს. საშუალო წლიური ტემპერატურაა +13°C, ზამთარის მინიმალური ტემპერატურა -18°C-20°C-ა, ზაფხულში კი მაქსიმუმი 39-40°C-ს აღწევს.
👉 ბიზნეს გეგმების სრული სია იხილეთ >>> https://www.gen.ge/business-plans/